ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Broadcom-მა (AVGO) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 26%-ით არის გაუმჯობესებული.
Broadcom არის ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელია.
კვარტალური შედეგები
Broadcom-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა, თუმცა მისი აქციების ფასი უკვე გაზრდილი იყო წელს ხელოვნური ინტელექტის ბუმის დიდი იმედით და, როგორც ჩანს, შედეგებმა ბაზრის ამ ამაღლებული მოლოდინების დაკმაყოფილება მაინც ვერ შეძლო.
მიმდინარე ფისკალური წლის მესამე კვარტალში Broadcom-ის შემოსავალი წლიურად 47%-ით — $13.07 მილიარდამდე გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო გასული წლის ბოლოს ვირტუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტის — VMware-ს შეძენამ. კვარტალურმა შემოსავალმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $13.03 მილიარდს.
შემოსავალი ნახევარგამტარების ბიზნესიდან (რომელსაც VMware-ის გარიგება არ ეხება) მხოლოდ 5%-ით — $7.27 მილიარდამდე გაიზარდა. თუმცა კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მოთხოვნა მორგებულ ამაჩქარებლებზე AI მონაცემთა ცენტრებისთვის და Ethernet ქსელის გადამრთველებისთვის, ხელს შეუწყობს მიმდინარე წელს AI შემოსავლის $12 მილიარდამდე გაზრდას.
გასულ კვარტალში Broadcom-ის კორექტირებულმა EBITDA-მ (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $8.22 მილიარდამდე გაიზარდა. ანუ ამ მაჩვენებელმა შემოსავლის 64%-ს მიაღწია. კომპანიის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.24 შეადგინა, რაც ასევე აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.22-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი $1.05-ს გაუტოლდა.
VMware-ის შეძენა
Broadcom-ის მენეჯმენტმა კონკურენტის — VMware-ის შეძენის გადაწყვეტილების შესახებ დაახლოებით 2 წლის წინ განაცხადა, მაგრამ ეს გარიგება საბოლოოდ 2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის შედგა.
$69 მილიარდის ღირებულების შეთანხმების დახურვა სამჯერ გადაიდო მარეგულირებლების მიერ იმ მიზეზით, რომ, შესაძლოა, ამ კომბინაციას ჯანსაღი კონკურენტული გარემო დაეზიანებინა. ბოლო დასტური კომპანიებმა ნოემბერში მიიღეს ჩინეთის ოფიციალური პირებისგან.
არსებობდა ეჭვი, რომ შეთანხმება არ შედგებოდა აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის გამო, რომელიც ტექნოლოგიურ პროდუქტებზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საექსპორტო სანქციებით არის გამოწვეული. ეს დაძაბულობა გარკვეულწილად შემცირდა ნოემბერში, როდესაც ბაიდენი შეხვდა ჩინეთის ლიდერს — სი ძინპინს კალიფორნიაში, ეკონომიკური თანამშრომლობის კონფერენციაზე.
Broadcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჰოკ ტანმა განმარტა, რომ კომბინირებული კომპანია გლობალურ საწარმოებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ კერძო და ჰიბრიდული ქლაუდ გარემო, რაც მათ უფრო დაცულსა და მოქნილს გახდის.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) VMware-ის აქციები მიმოქცევიდან იქნა ამოღებული.
როგორია მომავლის პროგნოზები?
რაც შეეხება მომავალს, Broadcom-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი წლიურად 51%-ით — $14 მილიარდამდე გაიზრდება. თუმცა ეს ოდნავ ჩამოუვარდება ანალიტიკოსების პროგნოზს — $14.13 მილიარდს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EBITDA მარჟა 64%-ს შეადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Broadcom-ის აქციებს?
Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $137.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $198.66-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 45%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Broadcom-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.