Google არის ამერიკული საძიებო სისტემის კომპანია, რომელიც 1998 წლის 4 სექტემბერს, სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის მიერ დაარსდა, კალიფორნიაში, მათი მეგობრის — სიუზან ვოჯისკის ავტოფარეხში. 2015 წლიდან Google არის ჰოლდინგური ფირმა Alphabet-ის შვილობილი კომპანია. მსოფლიოს მასშტაბით ონლაინ ძიების მოთხოვნების 70%-ზე მეტს სწორედ Google ამუშავებს, რაც მას ამ სფეროში ლიდერად აქცევს. Google-ის შტაბ-ბინა კალიფორნიაში, Mountain View-ში მდებარეობს.
Google-მა ფუნქციონირება დაიწყო, როგორც ონლაინ საძიებო ფირმამ, მაგრამ ახლა ის ბაზარს სთავაზობს 50-ზე მეტ ინტერნეტ სერვისსა და პროდუქტს, დაწყებული ელექტრონული ფოსტით და ონლაინ დოკუმენტების შექმნით, დასრულებული პროგრამული უზრუნველყოფით მობილური ტელეფონებისთვის და პლანშეტებისთვის. გარდა ამისა, 2012 წელს Motorola Mobility-ის ყიდვამ, კომპანიას მობილური ტელეფონების სახით, ტექნიკის გაყიდვის მიმართულებაც შესძინა.
Google-ის პროდუქციის ფართო პორტფელი და მასშტაბები მას უზრუნველყოფს ღირსეული ადგილით მაღალტექნოლოგიურ ბაზარზე ყველაზე გავლენიან კომპანიათა ოთხეულში, Apple-თან, IBM-თან და Microsoft-თან ერთად. მიუხედავად უამრავი პროდუქტისა, თავდაპირველი საძიებო ინსტრუმენტი Google-ის წარმატების ბირთვად რჩება. 2023 წელს Alphabet-მა მომხმარებლების ძიების მოთხოვნებზე დაფუძნებული რეკლამებიდან $175 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის მთლიანი შემოსავლის 57%-ს შეადგენს.
ადრეული ინვესტიცია, სწრაფი ზრდა და 2004 წლის IPO
1998 წლის შუა პერიოდში ბრინმა და პეიჯმა დაიწყეს გარე დაფინანსების მიღება — მათი პირველი ინვესტორი იყო ენდი ბეხტოლსჰაიმი, Sun Microsystems-ის თანადამფუძნებელი. საბოლოოდ მათ ინვესტორებისგან, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან დაახლოებით $1 მილიონი მოაგროვეს, და დააარსეს ლოკაცია მენლო პარკში, კალიფორნიაში, სახელწოდებით Google. ეს სახელწოდება შეიქმნა პეიჯის მიერ მოფიქრებული თავდაპირველი სახელიდან — googol, რომელიც არის რიცხვი თვლის ათობით სისტემაში, გამოხატული ერთიანით და ასი ნულით.
1999 წლის შუა პერიოდისთვის, როდესაც Google-მა $25 მილიონის მოცულობის ვენჩურული კაპიტალი მიიღო, ის დღეში 500,000 მოთხოვნას ამუშავებდა. აქტივობამ აფეთქება დაიწყო 2000 წელს, როდესაც Google გახდა საძიებო სისტემა ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტისთვის — Yahoo!. 2004 წლისთვის, როდესაც Yahoo-მ თავისი საძიებო სისტემა გამოუშვა და Google-თან პარტნიორობა შეწყვიტა, ეს უკანასკნელი დღეში ძიების 200 მილიონ მოთხოვნას ამუშავებდა. მას შემდეგ ეს ზრდა გაგრძელდა. 2011 წლის ბოლოსთვის Google-ის საშუალებით დღეში სამ მილიარდზე მეტი ძიება ხორციელდებოდა. კომპანიის სახელი იმდენად გავრცელებული გახდა, რომ ლექსიკონში შევიდა ზმნის სახით (დაგუგლვა), რომელიც ინტერნეტში რაიმეს ძიებას ნიშნავს.
მონაცემთა ამ უპრეცედენტო მოცულობასთან გასამკლავებლად Google-მა ააშენა 11 მონაცემთა ცენტრი მთელი მსოფლიოს მასშტაბით — თითოეული მათგანი მოიცავს რამდენიმე ასეულ ათას სერვერს.
Google-ის არაჩვეულებრივმა ზრდამ გამოიწვია შიდა მართვის პრობლემები. თითქმის თავიდანვე, ინვესტორებმა მიიჩნიეს, რომ ბრინს და პეიჯს სჭირდებოდათ გამოცდილი მენეჯერი სათავეში და 2001 წელს ისინი შეთანხმდნენ კომპანიის თავმჯდომარედ და აღმასრულებელ დირექტორად ერიკ შმიდტის დაქირავებაზე. შმიდტს, რომელიც მანამდე იმავე პოზიციებს იკავებდა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Novell-ში, ჰქონდა დოქტორის ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებაში და ის კარგად ერწყმოდა დამფუძნებლების ტექნოკრატიულ იმპულსებს. შმიდტის, როგორც აღმასრულებელი დირექტორის მმართველობისას, პეიჯი პროდუქტების პრეზიდენტის ადგილს იკავებდა, ბრინი კი ტექნოლოგიების პრეზიდენტი იყო. ტრიო კომპანიას „ტრიუმვირატის“ სახით მართავდა მანამ, სანამ პეიჯი 2011 წელს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დაიკავებდა, შმიდტი აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდებოდა, ხოლო ბრინი სპეციალური პროექტების დირექტორის როლს მოირგებდა.
Google-ს, აქციების თავდაპირველმა საჯარო შეთავაზებამ (IPO) 2004 წლის 19 აგვისტოს, $1.66 მილიარდი მოუტანა. ამან ბრინი და პეიჯი მაშინვე მილიარდერებად აქცია. მთლიანობაში, Google-ის IPO-მ ადრეული აქციონერებისგან 7 მილიარდერი და 900 მილიონერი შექმნა.
ტექნოლოგიური გიგანტის IPO ასევე გახდა სიახლე ერთი განსაკუთრებული ფაქტის გამო. Google-ის აქციები გაიყიდა საჯარო აუქციონზე, რომლის მიზანი იყო საშუალო ინვესტორი ფინანსური ინდუსტრიის პროფესიონალებთან თანაბარ პირობებში ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ Google S&P 500 ინდექსს 2006 წლის 3 აპრილს შეუერთდა. 2012 წლისთვის Google-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ ის ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიად აქცია, რომელიც Dow Jones Industrial Average-ში არ შედის.
სტრატეგიული შენაძენები და Google-ის საძიებო სისტემის მონეტიზაცია
Google-ის ძლიერი ფინანსური შედეგები ასახავდა ზოგადად ინტერნეტ რეკლამირების ბიზნესის სწრაფ ზრდას და კონკრეტულად Google-ის პოპულარობას. ანალიტიკოსები ამ წარმატების ნაწილს მიაწერენ კომპანიების სარეკლამო ხარჯების ტრადიციული მედიისგან ინტერნეტისკენ გადანაცვლებას. მაგალითად, ამერიკული გაზეთების სარეკლამო შემოსავალი 2000 წლის $64 მილიარდიდან 2011 წელს $20.7 მილიარდამდე დაეცა, მაშინ როცა გლობალური ონლაინ რეკლამირების შემოსავალი 2000 წელს დაახლოებით $6 მილიარდიდან 2011 წელს $72 მილიარდამდე გაიზარდა.
დაარსების დღიდან გუგლმა, კონკურენტული უპირატესობის მისაღწევად, დიდი თანხები დახარჯა. მაგალითად, 2003 წელს კომპანიამ $102 მილიონად შეიძინა Applied Semantics-ის, AdSense-ის შემქმნელი. ეს უკანასკნელი არის სერვისი, რომელიც ვებგვერდების დარეგისტრირებულ მფლობელებს საკუთარ პლატფორმაზე სხვადასხვა ტიპის რეკლამის განთავსების საშუალებას აძლევს. 2006 წელს Google-მა კვლავ გადაიხადა $102 მილიონი სხვა ვებ სარეკლამო ბიზნესისთვის — dMarc Broadcasting —იმავე წელს კი მენეჯმენტმა დააანონსა $900 მილიონის გადახდა მომდევნო სამ-ნახევარი წლის განმავლობაში MySpace.com-ზე რეკლამების გაყიდვის უფლების შესაძენად.
აღსანიშნავია, რომ 2007 წელს Google-მა გააკეთა თავისი ყველაზე დიდი შენაძენი დღემდე — მან ონლაინ სარეკლამო ფირმა DoubleClick $3.1 მილიარდად იყიდა. ორი წლის შემდეგ კომპანიამ მობილური აპლიკაციების ბაზრის ფეთქებად ზრდას უპასუხა $750 მილიონის ღირებულების გარიგებით მობილური სარეკლამო ქსელის — AdMob-ის შესაძენად.
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა შესყიდვა იყო Google-ის მცდელობების ნაწილი, გაეფართოებინა თავისი საქმიანობა და ბაზარზე ლიდერის პოზიცია დაეკავებინა.
Google-ის სხვა სერვისები
Google-ის გაფართოებამ, რომელიც ძირითადად საკვანძო სიტყვებზე დაფუძნებული ვებ რეკლამით იყო განპირობებული, ახალ ვებ სერვისებში კომპანიის კონკურენტუნარიანობას მყარი საფუძველი შეუქმნა. ზოგიერთი მიმართულება მიზნად ისახავდა კომპანიის წვდომის გაფართოებას ტექნოლოგიური სპექტრის მასშტაბით. თუმცა სხვა პროდუქტები, როგორებიც არის Google Maps და YouTube, აძლიერებდნენ Google-ის საძიებო სისტემაში დომინირებას ძიების გამოცდილების ინტეგრირებით მომხმარებლების სხვა მონაცემებთან, მათ შორის გეოლოკაციასთან, ვებ დათვალიერებასთან და მედიის გამოყენებასთან.
Gmail
2004 წელს Google-მა დაიწყო ვებზე დაფუძნებული უფასო ელექტრონული ფოსტის ანგარიშის ბეტა ვერსიის შეთავაზება. ხოლო Gmail ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა 2007 წელს, თუმცა ის ჯერ კიდევ ოფიციალურად ბეტა ფაზაში იყო. Gmail-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იყო ის, რომ მან მომხმარებლებს მიანიჭა ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელიც დამოუკიდებელი იყო რაიმე კონკრეტული ინტერნეტ სერვისის პროვაიდერისგან (ISP). ამით კომპანიამ გააადვილა მუდმივი მისამართის შენარჩუნება. გარდა ამისა, სერვისმა მომხმარებლებს შესთავაზა იმ დროისათვის უპრეცედენტო ერთ გიგაბაიტიანი ელ.ფოსტის უფასო საცავი. ასევე Google მომხმარებლებს წარუდგენდა რეკლამებს საკვანძო სიტყვების საფუძველზე, რომლებსაც კომპანიის საძიებო სისტემა მათ შეტყობინებებში პოულობდა.
მოგვიანებით Google-მა გააფართოვა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი უფასო მეხსიერების მოცულობა და მათ დამატებითი სივრცის დაქირავების უფლება მისცა. 2007 წელს კომპანიამ შეიძინა Postini, ელექტრონული ფოსტის სერვისების ფირმა, $625 მილიონ დოლარად, რათა გაეუმჯობესებინა Gmail-ის უსაფრთხოება. 2009 წელს Google-მა გააუქმა Gmail-ის ბეტა სტატუსი, რამაც გაზარდა მისი მიმზიდველობა ბიზნეს მომხმარებლებისთვის.
Google Books
2000-იანი წლების დასაწყისში Google-მა წამოიწყო ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე დიდ და ამბიციურ ბიბლიოთეკის პროექტად, რომელიც ოდესმე განხორციელებულა. Google გეგმავდა მსოფლიოს მასშტაბით არსებული ყველა წიგნის სკანირებას და გაციფრულებას, რათა შეექმნა მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი ციფრული ბიბლიოთეკა. ამ პროექტს, რომელიც 2004 წელს დაიწყო როგორც „Google Print“, 2005 წელს „Google Books“ ეწოდა.
თუმცა ავტორთა და გამომცემელთა ჯგუფმა შეიტანა სარჩელი, რათა კომპანიას შეეჩერებინა მათი საავტორო უფლებებით დაცული წიგნების ინტერნეტით გავრცელება. 2008 წელს Google-მა მიაღწია იურიდიულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კომპანია დათანხმდა, მოსარჩელეებისთვის გადაეხადა $125 მილიონი წარსული დარღვევებისთვის, თუმცა მომხმარებლებს შეეძლოთ, გაეგრძელებინათ Google-ის მიერ სკანირებული თითოეული ნაწარმოების 20%-მდე ნაწყვეტის უფასოდ წაკითხვა. ნამუშევრების ნაწილების ონლაინ წაკითხვის დაშვების სანაცვლოდ, ავტორები და გამომცემლები მიიღებდნენ Google-ის ვებგვერდზე მათი მასალების გვერდების ნახვით გამომუშავებული სარეკლამო შემოსავლის 63%-ს.
Google Books განაგრძობს ფუნქციონირებას, მაგრამ მისი პოპულარობისა და ათვისების ხარისხი, როგორც ეს თავდაპირველად იყო ნავარაუდები, ჯერ კიდევ არ გამოვლენილა.
Google Earth და Google Maps
Google Earth ამოქმედდა 2001 წელს (თავდაპირველად, როგორც „Keyhole EarthViewer“, სანამ მას 2004 წელს Google შეიძენდა). ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ დედამიწის 3D მოდელი სატელიტური გამოსახულების, აერო ფოტოგრაფიისა და GIS (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა) მონაცემების გამოყენებით. მომხმარებლებს შეუძლიათ, კონკრეტული ადგილების გამოსახულებები გაადიდონ, დაათვალიერონ რელიეფი და გეოგრაფიული მახასიათებლები დეტალურად შეისწავლონ.
Google Maps, რომელიც 2005 წელს გამოვიდა, გვთავაზობს ქუჩების დეტალურ რუკებს, რეალურ დროში მოძრაობის პირობებს, მარშრუტის დაგეგმვას და მდებარეობის ძიებას. ის გადაიქცა ყოვლისმომცველ რუკების სერვისად ისეთი ფუნქციებით, როგორებიც არის Street View, 360-გრადუსიანი გამოსახულებები და ა. შ.
Google Video და YouTube
2005 წლის იანვარში Google-მა გამოუშვა Google Video, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევდა, მოეძებნათ ტექსტური მასალები სატელევიზიო გადაცემებიდან. რამდენიმე თვის შემდეგ Google-მა დაიწყო მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეოების მიღება — ვიდეოს ავტორი აწესებდა ფასებს სხვების მიერ მის ჩამოტვირთვასა და ნახვაზე. 2006 წლის იანვარში გაიხსნა Google Video Store, რომელშიც წარმოდგენილი იყო პრემიუმ კონტენტი ტრადიციული მედია კომპანიებისგან, როგორებიც არის CBS Corporation (სატელევიზიო შოუები) და Sony Corporation (ფილმები). 2006 წლის ივნისში Google-მა დაიწყო პრემიუმ კონტენტის შეთავაზება უფასოდ, მაგრამ რეკლამებით.
მიუხედავად ყველა მისი მარკეტინგული უპირატესობისა, Google-მა ვერ შეძლო ონლაინ ვიდეოების ახალი ლიდერის — YouTube-ის დაჯაბნა. 2005 წელს მისი დანერგვის შემდეგ, YouTube სწრაფად გახდა მომხმარებლების საყვარელი ვებგვერდი მცირე ვიდეო ფაილების ატვირთვის გამო, რომელთაგან ზოგიერთმა მილიონობით მაყურებლის ყურადღება მიიპყრო. 2006 წელს კი Youtube Google-მა $1.65 მილიარდით შეიძინა. თუმცა თავის სხვა სერვისებთან გაერთიანების ნაცვლად, კომპანიამ განაგრძო YouTube-ის, როგორც ცალკეული ერთეულის მართვა. 2012 წელს Google-მა დახურა Google Video და იქ განთავსებული ვიდეოები YouTube-ზე გადაიტანა.
2023 წლის მონაცემებით, YouTube არის სიდიდით მეორე სოციალური მედიის პლატფორმა მსოფლიოში, რომელიც ჩამორჩება Meta Platforms-ს. ამ უკანასკნელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2.5 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ YouTube-ის გლობალური რეკლამირების შემოსავალი გასულ წელს $31.51 მილიარდს შეადგენდა.
Google Apps და Chrome
2006 წელს Google-მა წარადგინა Google Apps — აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფა. პირველი უფასო აპლიკაციები მოიცავდა Google Calendar-ს (დაგეგმვის პროგრამა), Google Talk-ს (მყისიერი შეტყობინებების პროგრამა) და Google Page Creator-ს (ვებ გვერდის შექმნის პროგრამა). ამ ტიპის განლაგებას, რომლის დროსაც მონაცემებიც და პროგრამებიც განთავსებულია ინტერნეტ სივრცეში, მოგვიანებით ქლაუდ გამოთვლა დაერქვა.
მომდევნო წლებში, ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Google Apps-ის ფარგლებში, მრავალი სხვა პროგრამა გახადა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი.
2008 წელს Google-მა გამოუშვა Chrome, ვებ ბრაუზერი გაფართოებული JavaScript ძრავით, რომელიც უფრო შესაფერისია ბრაუზერში პროგრამების გასაშვებად. მომდევნო წელს კომპანიამ დააანონსა ღია კოდის ოპერაციული სისტემის შემუშავების გეგმები, რომელიც ცნობილია, როგორც Chrome OS. პირველი მოწყობილობები, რომლებმაც გამოიყენა Chrome OS, გამოვიდა 2011 წელს და იყო ნეტბუქები, სახელწოდებით Chromebook. Chrome OS, რომელიც მუშაობს Linux-ის ბირთვზე, მოითხოვს ნაკლებ სისტემურ რესურსებს, ვიდრე ოპერაციული სისტემების უმეტესობა, რადგან ის იყენებს ქლაუდ გამოთვლებს. ერთადერთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც მუშაობს Chrome OS მოწყობილობაზე, არის Chrome ბრაუზერი, ყველა სხვა პროგრამული უზრუნველყოფა მოწოდებულია Google Apps-ის მიერ.
2012 წელს Chrome-მა აჯობა Microsoft-ის Internet Explorer-ს (IE) და გახდა ყველაზე პოპულარული ვებ ბრაუზერი. 2020 წლისთვის Chrome-მა შეინარჩუნა ლიდერობა IE-სთან, Microsoft-ის Edge-თან (IE-ს ჩანაცვლება), Mozilla Corporation-ის Firefox-თან და Apple Inc.-ის Safari-ისთან კონკურენციაში.
Android OS და შესვლა სმარტფონების ბაზარზე
Google სმარტფონების ბაზარზე შევიდა 2008 წელს Android ოპერაციული სისტემის (OS) გამოშვებით. Android, ღია კოდის პლატფორმა, სწრაფად გახდა პოპულარული მოქნილობის გამო, რაც მწარმოებლებს მისი სხვადასხვა მოწყობილობაზე მორგების საშუალებას აძლევდა. პირველი Android ტელეფონი, HTC Dream (ასევე ცნობილი როგორც T-Mobile G1), 2008 წლის 23 სექტემბერს გამოვიდა.
Android-ის ღია კოდის სისტემამ და Google-ის სერვისებთან მისმა ინტეგრაციამ ხელი შეუწყო ბაზარზე მის ფართო ათვისებას. დროთა განმავლობაში ის გახდა დომინანტური მობილური ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენებოდა სმარტფონების უმრავლესობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Google-ის როლი სმარტფონების ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდა 2016 წელს Pixel ტელეფონების საკუთარი ხაზის გამოშვებით, რომელიც წარმოაჩენს Android-ის სრულ პოტენციალს პრემიუმ ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციით.
სოციალური ქსელები და Google+
Google+ იყო Google-ის 2011 წელს წამოწყებული მცდელობა, შესულიყო სოციალური ქსელების სივრცეში. ის მიზნად ისახავდა Facebook-თან კონკურენციას ისეთი ფუნქციების შეთავაზებით, როგორებიც არის Circles (კონტაქტების ორგანიზებისთვის), Hangouts (ვიდეო ჩათი) და Communities (ინტერესებზე დაფუძნებული ჯგუფები). მიუხედავად თავდაპირველი ინტერესისა, Google+-მა ვერ შეძლო ფართო ათვისების მიღწევა რთული ინტერფეისისა და დამკვიდრებული სოციალური ქსელებისგან ძლიერი კონკურენციის გამო.
Google+ ინტეგრირებული იყო Google-ის სხვა სერვისებთან, მაგრამ მან ვერ მოიზიდა მომხმარებელთა დიდი ბაზა და შეექმნა კონფიდენციალურობის პრობლემები. მრავალი ხელახალი დიზაინის შექმნისა და პლატფორმის აღორძინების მცდელობის შემდეგ, Google+ ოფიციალურად 2019 წლის აპრილში დაიხურა მომხმარებლებისთვის მონაცემთა კონფიდენციალურობის დარღვევისა და მიმდინარე დაბალი ჩართულობის გამო.
Google Alphabet-ის შვილობილი კომპანია ხდება
2015 წლის აგვისტოში Google გადაკეთდა ჰოლდინგური Alphabet-ის შვილობილ კომპანიად. საძიებო, რეკლამირება, აპლიკაციები და რუკები, ასევე მობილური ოპერაციული სისტემა Android და ვიდეო გაზიარების ვებგვერდი YouTube Google-ის დაქვემდებარებაში დარჩა. Google-ის ცალკეული საწარმოები, როგორებიც არის სიცოცხლის ხანგრძლივობის კვლევის კომპანია Calico, სახლის პროდუქტების კომპანია Nest და კვლევითი ლაბორატორია Google X, კი Alphabet-ის ქვეშ მოექცა. პეიჯი გახდა Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბრინი — მისი პრეზიდენტი, შმიდტი კი — აღმასრულებელი თავმჯდომარე. სუნდარ პიჩაიმ, წარსულში პროდუქტების უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა, Google-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაიკავა.
Alphabet-ის, როგორც ჰოლდინგ კომპანიის შექმნა, მიზნად ისახავდა ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობას მრავალ ინდუსტრიასა და სექტორში. ეს ნაბიჯი ტექნოლოგიურ გიგანტის სეგმენტებს საშუალებას აძლევს, საერთო რესურსებისა და თანამშრომლობის მხარდაჭერით ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.