გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Walmart-მა (WMT) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და მთელი წლის პროგნოზებიც გაზარდა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი საცალო ვაჭრობის კომპანიის აქციების ფასი 6%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 38%-ით არის გაუმჯობესებული.
Walmart-ის ბიზნესის მიმოხილვა
Walmart ოპერირებს საცალო მაღაზიების გლობალურ ქსელს, ასევე ელექტრონული კომერციის ბიზნესს. კომპანია ცნობილია თავისი „ყოველდღიური დაბალი ფასების“ სტრატეგიით მრავალფეროვანი საქონლის გაყიდვაში, რომელთა შორის არის საყოფაცხოვრებო საქონელი, ტანსაცმელი, ელექტრონიკა, საკვები და სხვა. Walmart ფუნქციონირებს 20 ქვეყანაში, დაახლოებით 10,500 მაღაზიის, კლუბებისა და ელექტრონული კომერციის ვებგვერდების საშუალებით. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2.1 მილიონი ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც აშშ-ში ცხოვრობს.
Walmart-ის კონკურენტები მოიცავს როგორც ტრადიციულ საცალო მოვაჭრეებს (მაგალითად, Target), ისე ელექტრონული კომერციის ბიზნესებს, როგორიც არის Amazon.
Walmart თავის ოპერაციებს სამ სეგმენტად ყოფს: Walmart U.S., Walmart International და Sam’s Club. მათგან პირველი ორი წარმოადგენს Walmart-ის ბრენდის მაღაზიებისა და პროდუქტების დაყოფას გეოგრაფიულ საფუძველზე, ხოლო მესამე, Sam’s Club, სასაწყობე მაღაზიაა.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2025 წლის მეორე კვარტალში Walmart-ის შემოსავალი წლიურად 5%-ით — $169.33 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $168.52 მილიარდს. ეს აღმასვლა განპირობებული იყო ძლიერი წარმადობით სხვადასხვა სეგმენტში. მაგალითად, გლობალური ელექტრონული კომერციის გაყიდვები წლიურად 21%-ით გაიზარდა.
გასულ კვარტალში Walmart-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები1 აშშ-ში 4.2%-ით გაიზარდა, საერთაშორისო დონეზე — 8.3%-ით, ხოლო Sam’s Club-ისთვის — 5.2%-ით.
საოპერაციო შემოსავალი 8.5%-ით — $7.9 მილიარდამდე გაიზარდა, რაც აღემატება მენეჯმენტის პროგნოზებს 3%-4.5%-იანი ზრდის შესახებ.
კომპანიის წმინდა მოგება წლიურად 43%-ით — $4.5 მილიარდამდე შემცირდა, რაც ჩამორჩა უოლ სტრიტის პროგნოზს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $0.67-ს მიაღწია (ანალიტიკოსების მოლოდინი — $0.64). თუმცა ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა $0.56 შეადგინა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.08-ით ჩამორჩა.
ამასთან Walmart-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ გასულ კვარტალში თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) წლიურად $3.1 მილიარდით შემცირდა. ვარდნა ძირითადად გამოწვეული იყო გაზრდილი კაპიტალური ხარჯებით, რომლებიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ წინსვლას და მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებას. მარაგების დონე 2%-ით შემცირდა, რაც მათი მართვის ეფექტიან სტრატეგიებს ემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ Walmart-ის საერთაშორისო ოპერაციებმა აჩვენა ძლიერი ზრდა, წმინდა გაყიდვებმა 7.1%-ით მოიმატა (ვალუტის უცვლელი კურსის პირობებში — 8.3%-ით). Sam’s Club-მა კი დააფიქსირა საწევრო შემოსავლის 14.4%-იანი ზრდა და ამ მიმართულებით ახალ მაქსიმუმს მიაღწია.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Walmart-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ მესამე კვარტალში საოპერაციო შემოსავალი წლიურად 3%-4.5%-ით გაიზრდება, ხოლო მთლიანი შემოსავალი — 3.25%-4.25%-ით.
მთელი ფისკალური 2025 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ Walmart-ის შემოსავალი 3.75%-4.75%-ით გაუმჯობესდება (ძველი პროგნოზი — 3%-4%-იანი ზრდა), ხოლო კორექტირებული EPS $2.35-2.43-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $2.23-$2.37).
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Walmart-ის აქციებს?
Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $73.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $74.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $81.00-ს, ხოლო მინიმალური — $66.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Walmart-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.