Walmart (WMT) კვარტალურ შედეგებს ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დაწყებამდე, გამოაქვეყნებს, ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ კომპანია წლიურად გაყიდვების ზრდას დააფიქსირებს. აღსანიშნავია, რომ საცალო ვაჭრობის გიგანტის ფისკალური პირველი კვარტლის შედეგებმა მენეჯმენტს მთელი წლის პროგნოზების გაუმჯობესებისკენ უბიძგა.
Walmart-ის ბიზნესის მიმოხილვა
Walmart ოპერირებს საცალო მაღაზიების გლობალურ ქსელს, ასევე ელექტრონული კომერციის ბიზნესს. კომპანია ცნობილია თავისი „ყოველდღიური დაბალი ფასების“ სტრატეგიით მრავალფეროვანი საქონლის გაყიდვაში, რომელთა შორის არის საყოფაცხოვრებო საქონელი, ტანსაცმელი, ელექტრონიკა, საკვები და სხვა. Walmart ფუნქციონირებს 20 ქვეყანაში, დაახლოებით 10,500 მაღაზიის, კლუბებისა და ელექტრონული კომერციის ვებგვერდების საშუალებით. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 2.1 მილიონი ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც აშშ-ში ცხოვრობს.
Walmart-ის კონკურენტები მოიცავს როგორც ტრადიციულ საცალო მოვაჭრეებს (მაგალითად, Target), ისე ელექტრონული კომერციის ბიზნესებს, როგორიც არის Amazon.
Walmart თავის ოპერაციებს სამ სეგმენტად ყოფს: Walmart U.S., Walmart International და Sam’s Club. მათგან პირველი ორი წარმოადგენს Walmart-ის ბრენდის მაღაზიებისა და პროდუქტების დაყოფას გეოგრაფიულ საფუძველზე, ხოლო მესამე, Sam’s Club, სასაწყობე მაღაზიაა.
როგორი იყო წინა კვარტალი?
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Walmart-ის კონსოლიდირებული შემოსავალი წლიურად 6%-ით — $161.5 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $159.45 მილიარდი). კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 22.4%-ით მოიმატა და $0.6-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.51-ს.
მაჩვენებელი | ფისკალური 2025 წლის I კვარტალი | მენეჯმენტის მოლოდინები | ფისკალური 2024 წლის I კვარტალი | წლიური ცვლილება (%) |
---|---|---|---|---|
კონსოლიდირებული შემოსავალი | $161.5 მილიარდი | 4%-5%-იანი ზრდა | $152.3 მილიარდი | 6% |
საოპერაციო შემოსავალი | $6.84 მილიარდი | 3%-4.5%-იანი ზრდა | $6.24 მილიარდი | 9.6% |
კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი | $7.1 მილიარდი | არ არის ცნობილი | $6.24 მილიარდი | 13.7% |
კორექტირებული EPS | $0.60 | $0.49-$0.52 | $0.49 | 22.4% |
როგორია ანალიტიკოსების მოლოდინები ფისკალური მეორე კვარტლისთვის?
უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ ფისკალურ მეორე კვარტალში Walmart-ის შემოსავალი წლიურად 4%-ით — $168.53 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო წმინდა მოგება $5.19 მილიარდს, ანუ თითო აქციაზე (EPS) $0.65-ს შეადგენს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებლებმა, შესაბამისად, $7.89 მილიარდს და $0.97-ს მიაღწია. კორექტირების შემთხვევაში ამ უკანასკნელმა $0.61 შეადგინა.
მაჩვენებელი | ანალიტიკოსების პროგნოზი | ფისკალური 2025 წლის I კვ. | ფისკალური 2024 წლის II კვ. |
შემოსავალი | $168.53 მილიარდი | $161.51 მილიარდი | $161.63 მილიარდი |
განზავებული EPS | $0.65 | $0.63 | $0.97 |
წმინდა მოგება | $5.19 მილიარდი | $5.1 მილიარდი | $7.89 მილიარდი |
საკვანძო მეტრიკა: საბაზრო წილი
მაისში, პირველი კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისას, Walmart-ის აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ კომპანია ზრდიდა საბაზრო წილს მომხმარებლების რამდენიმე კატეგორიის (შემოსავლის მიხედვით) მიმართულებით. მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ დაბალშემოსავლიან მომხმარებლებს Walmart-ში იზიდავს კომპანიის ფოკუსი ღირებულების შექმნაზე, ხოლო მაღალშემოსავლიან მყიდველებს — ფასისა და მოხერხებულობის კომბინაცია.
მაღალშემოსავლიან მომხმარებელთა წილი გაიზარდა ისეთი კონკურენტების ხარჯზე, როგორიც არის Target (TGT), რომელმაც პირველ კვარტალში ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვების1 წლიური ვარდნა დააფიქსირა.
Bank of America Securities-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ, მათი აზრით, Walmart გააგრძელებს ბაზრის წილის ზრდას მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მიმართულებით მათთვის ძლიერი ღირებულების შეთავაზების, ასევე ციფრული და ავტომატიზაციის მზარდი ინიციატივების წყალობით.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესმა საცალო ვაჭრობის კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მსხვილი ინვესტიციები განახორციელა, დაწყებული ავტომატიზებული ტვირთამწეებით, დასრულებული AI-ზე მომუშავე კამერებით, რომლებსაც მომხმარებლების კალათების შიგთავსის ამოცნობა შეუძლია ქურდობის თავიდან ასაცილებლად.
ხაზგასასმელია ინვესტიცია Fox Robotics-ში, ავტონომიური სატვირთო მანქანების მწარმოებელში. Walmart-ს ამჟამად ჰყავს 19 რობოტული სატვირთო მანქანა, რომლებიც კომპანიის რამდენიმე სადისტრიბუციო ცენტრში მუშაობს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ Walmart-ის მუშაკებს ტექნოლოგიები არ ანაცვლებს — ისინი მანქანების ზედამხედველობაზე არიან ფოკუსირებულნი.
პოზიცია საცალო ვაჭრობის ლანდშაფტზე
ანალიტიკოსები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი Walmart-ის პოზიციის მიმართ სხვა საცალო ვაჭრობის კომპანიებთან შედარებით. აქ გასათვალისწინებელია მისი, როგორც მომხმარებლებისთვის დაბალი ფასების შეთავაზებაზე ორიენტირებული კომპანიის, დომინანტური პოზიცია. ეს დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მომხმარებლები, რომლებიც ზეწოლას განიცდიან ინფლაციის გამო, ხარჯებს ამცირებენ და საჭირო ნივთების ყველაზე დაბალ ფასად შეძენაზე არიან ფოკუსირებულნი.
JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა Walmart-ს ბოლო შენიშვნაში „უსაფრთხო თავშესაფრის აქცია“ უწოდეს. მათ დასძინეს, რომ კომპანია ერთ-ერთია იმ რამდენიმე საცალო ვაჭრობის ფირმისგან, რომელიც, ანალიტიკოსების მოლოდინების გადაჭარბებასთან ერთად, მთელი წლისთვის პროგნოზების გაზრდასაც ახერხებს.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Walmart-ის აქციებს?
Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $68.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $74.11-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $81.00-ს, ხოლო მინიმალური — $66.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 30 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Walmart-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.