გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Disney-მ (DIS) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი გასართობი ინდუსტრიის გიგანტის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ით არის დაკლებული.
გარდა ფინანსური მაჩვენებლების გამოქვეყნებისა გუშინ Walt Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბობ აიგერმა და ფინანსურმა დირექტორმა, ჰიუ ჯონსონმა განიხილეს კომპანიის სტრიმინგ ბიზნესი, Disney-ის თემატურ პარკებზე მომხმარებელთა მოთხოვნის მოლოდინები და კომპანიასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში Disney-ის შემოსავალმა $23.2 მილიარდს მიაღწია, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $23.08 მილიარდს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა $22.3 მილიარდი შეადგინა. კომპანიის წმინდა მოგება $2.62 მილიარდამდე გაიზარდა, ანუ ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილი მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.43 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.2). კორექტირებულმა EPS-მა კი $1.39 შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის მესამე კვარტალში Disney-მ $460 მილიონის ოდენობით წმინდა ზარალი (თითო აქციაზე — -$0.25) დააფიქსირა.
სტრიმინგ ბიზნესი
Disney-ის კომბინირებულმა სტრიმინგ ბიზნესმა, რომელიც ESPN+-ს, Disney+-სა და Hulu-ს აერთიანებს, გასულ მეოთხედში მომგებიანობას მიაღწია. მენეჯმენტი მოელოდა, რომ ამას კომპანია მეოთხე კვარტალში შეძლებდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე კვარტალში Disney-მ უკვე მიიღო მოულოდნელი მოგება Disney+-სა და Hulu-ზე, მესამე მეოთხედში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, როდესაც კომბინირებულმა სტრიმინგის სერვისებმა მოგების გამომუშავება შეძლო.
ბობ აიგერის თქმით, მოსალოდნელია, რომ სტრიმინგ ბიზნესი ფისკალურ 2025 წელს კარგი ტემპით გაიზრდება, რადგან Disney გეგმავს, გააუმჯობესოს ამ მიმართულებით ტექნოლოგიის გამოყენების პრაქტიკა. ამაში იგულისხმება მომხმარებლებს შორის ანგარიშების პაროლების გაზიარების აღკვეთა, მათთვის უკეთესი რეკომენდაციების შეთავაზება და უფრო ეფექტიანი მარკეტინგი. აღმასრულებელმა დირექტორმა დასძინა, რომ სტრიმინგ ბიზნესის მომავალთან დაკავშირებით პოზიტიურად არის განწყობილი.
თემატური პარკები
დისნეის გამოცდილებების სეგმენტმა, რომელიც თემატურ პარკებსა და კრუიზებს მოიცავს, მესამე კვარტალში მოთხოვნის მოსალოდნელზე დიდი შემცირება დააფიქსირა.
კომპანიის შიდა ბაზარზე თემატურ პარკებში გაყიდვებმა დაიკლო, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში საერთაშორისო პარკებმა და საკრუიზო ხაზებმა ზრდა დააფიქსირა.
ჰიუ ჯონსონის თქმით, Disney-ში მოელიან, რომ მომდევნო რამდენიმე კვარტლის განმავლობაში გამოცდილების სეგმენტის შემოსავალი დაახლოებით უცვლელი იქნება.
სტრიმინგ სერვისების ფასების ზრდა
ცოტა ხნის წინ Disney-მ სტრიმინგ სერვისების ფასების ზრდა დააანონსა. ბობ აიგერმა კი, როდესაც მას ამის პარალელურად გამომწერების რაოდენობის ზრდის შესახებ ჰკითხეს, ხაზი გაუსვა კომპანიის კონტენტის ბიბლიოთეკას, მიმზიდველი პაკეტების შედგენის შესაძლებლობებს და სპორტულ პროგრამას, როგორც სტრიმინგ შეთავაზებებს, რომლებიც ფასების ზრდის გამართლებას შეძლებს.
NBA
Disney-ის მენეჯმენტის თქმით, კომპანიის სპორტული შეთავაზებები მის სტრიმინგ სერვისებს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე რეკლამების განმთავსებლებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში NBA-მ Amazon-თან, Disney-სთან და Comcast-თან ტრანსლირების 11-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ახალი კონტრაქტი ძალაში ერთ წელიწადში შევა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Disney-ის აქციებს?
Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $86.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $127.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $145.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 48.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Disney-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.