გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Airbnb, Wix.com და Shopify.
Airbnb
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Airbnb-მ (ABNB) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი საცხოვრებელი და ტურისტული გამოცდილებების კომპანიის აქციების ფასი 13%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 16%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Airbnb-ის შემოსავალი წლიურად 10.6%-ით — $2.75 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც მცირედით გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.74 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $0.86-ს მიაღწია, რაც უოლ სტრიტის მოლოდინს $0.05-ით ჩამორჩება.
Airbnb-ის მენეჯმენტმა აღნიშნა, რომ მეორე კვარტალში შემოსავლის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო ღამეებისა და გამოცდილების დაჯავშნის სოლიდური მატებითა და საშუალო დღიური განაკვეთის (ADR) ზომიერი აღმასვლით. ADR არის მეტრიკა, რომელიც ფართოდ გამოიყენება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში; ის დაკავებულ ოთახში მოცემულ დღეს მიღებულ საშუალო შემოსავალზე მიუთითებს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მეორე კვარტალში ღამეებისა და გამოცდილების ჯავშნები 9%-ით — $125.1 მილიონამდე გაიზარდა, რაც მეორე მეოთხედისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
გარდა ამისა, აღმასრულებელმა დირექტორმა — ბრაიან ჩესკიმ თქვა, რომ Airbnb-მ პლატფორმიდან წაშალა 200,000-ზე მეტი საკუთრება, რომელიც სტუმრების მოლოდინებს ვერ აკმაყოფილებდა. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში Airbnb-მ მასპინძლობის ხარისხის შეფასების განახლებული სისტემა აამოქმედა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Airbnb-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $3.67-$3.73 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, ანალიტიკოსების პროგნოზი $3.72 მილიარდს შეადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Airbnb-ის აქციებს?
Airbnb-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $113.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $141.48-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $200.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Airbnb-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 35 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 21-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Wix.com
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Wix.com-მა (WIX) კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ვებგვერდის განვითარების პლატფორმის აქციების ფასი მცირედით, თითქმის 0.5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 32%-ით არის გაუმჯობესებული.
მთლიანობაში, კვარტალი ასახავს ძლიერ წარმადობას, რომელიც გამოწვეულია პროდუქტის ინოვაციური ინიციატივებითა და სტრატეგიული ზრდით ძირითად სფეროებში.
Wix-ის ბიზნესის მიმოხილვა
Wix ბაზარს სთავაზობს ვებგვერდის განვითარების ყოვლისმომცველ პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან, მართონ და გაზარდონ თავიანთი ონლაინ წარმომადგენლობა. მისი შეთავაზებები მრავალმხრივია და მოიცავს როგორც ვებგვერდების შექმნის ხელსაწყოებს, ისე ბიზნესის მართვის აპლიკაციებსა და ელექტრონული კომერციის ინტეგრირებულ გადაწყვეტებს.
ბოლო პერიოდში კომპანიამ გამოუშვა Wix Studio — მოწინავე პლატფორმა სააგენტოებისა და დიზაინერებისთვის და ასევე ხელოვნური ინტელექტის (AI) ბიზნეს ასისტენტები, რომლებიც მიზნად ისახავს, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას და საოპერაციო ეფექტიანობის მიღწევას.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Wix.com-ის შემოსავალი წლიურად 12%-ით — $435.7 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $390 მილიონს. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე 33%-ით მოიმატა და $1.67-ს მიაღწია, რაც აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.26-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა კი $0.68 შეადგინა. ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს $0.23-ით აჭარბებს.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|
შემოსავალი | $435.7 მილიონი | $390 მილიონი | 12% |
კორექტირებული EPS | $1.67 | $1.26 | 33% |
მთლიანი ჯავშნები | $458.4 მილიონი | $398.5 მილიონი | 15% |
თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) | $112.8 მილიონი | $32 მილიონი | 252% |
FCF მარჟა | 27% | 13% | 1,400 პროცენტული პუნქტი |
GAAP წმინდა მოგება | $39.5 მილიონი | $33.6 მილიონი | 17.6% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Wix-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი $440-$445 მილიონს შეადგენს. კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მთელი წლის შემოსავალი 12%-13%-ით გაიზრდება და $1.747-$1.761 მილიონს მიაღწევს, ხოლო ჯავშნები — $1.802-$1.822 მილიონს, რაც 13%-14%-იან აღმასვლას წარმოადგენს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Wix-ის აქციებს?
Wix.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $156.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $187.88-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $210.00-ს, ხოლო მინიმალური — $130.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wix.com-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Shopify
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Shopify-მ (SHOP) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ელექტრონული კომერციის აქციების ფასი თითქმის 18%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Shopify-ის შემოსავალი წლიურად 21%-ით — $2.05 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.01 მილიარდს. მთლიანი სასაქონლო მოცულობა (GMV) 22%-ით — $67.2 მილიარდამდე გაუმჯობესდა. სავაჭრო გადაწყვეტების შემოსავალი 19%-ით — $1.5 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო გამოწერის სერვისებიდან მიღებულმა შემოსავალმა 27%-ით მოიმატა და $563 მილიონს მიაღწია.
გასულ მეოთხედში Shopify-ის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $0.26 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.2-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი $0.13-ს გაუტოლდა (ანალიტიკოსების მოლოდინი — $0.10).
ელექტრონული კომერციის კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა — ჯეფ ჰოფმაისტერმა განაცხადა, რომ Shopify-მ მოახერხა ძლიერი შედეგების დაფიქსირება მიუხედავად ეკონომიკური წინაღობებისა.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Shopify-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში კომპანიის შემოსავალი 20%-27%-ით გაიზრდება, რაც აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — 21%-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა $1.7 მილიარდი შეადგინა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Shopify-ის აქციებს?
Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $64.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $76.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $96.00-ს, ხოლო მინიმალური — $63.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Shopify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 32 ანალიტიკოსიდან 18-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.