მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ Alphabet-ის (GOOGL) Google-მა, თავისი საძიებო სისტემის საშუალებით, ანტიმონოპოლიური კანონი დაარღვია, ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
გუშინ Google-მა ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებას უპასუხა და X პლატფორმაზე (ადრე ცნობილი, როგორც Twitter) კომპანიის გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტის — კენტ უოლკერის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ:
„ეს გადაწყვეტილება აღიარებს, რომ Google გთავაზობთ საუკეთესო საძიებო სისტემას, მაგრამ ასკვნის — კომპანიას არ აქვს უფლება, ის ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს. ჩვენ ვაფასებთ სასამართლოს დასკვნას, რომ Google არის „ინდუსტრიაში უმაღლესი ხარისხის საძიებო სისტემა, რომელმაც Google-ის ასობით მილიონი ყოველდღიური მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა“; რომ Google „დიდი ხანია არის საუკეთესო საძიებო სისტემა, განსაკუთრებით მობილურ მოწყობილობებში“; რომ კომპანია „განაგრძობს საძიებო სისტემაში ინოვაციების დანერგვას“ და რომ „Apple და Mozilla Google-ის ძიების ხარისხს, მის კონკურენტებთან შედარებით, უპირატესად მიიჩნევენ“. ამ პროცესის განვითარებასთან ერთად, ჩვენ დავრჩებით ორიენტირებულები ისეთი პროდუქტების წარმოებაზე, რომლებსაც ადამიანები გამოსადეგად და მარტივი გამოსაყენებლად მიიჩნევენ“.
ორშაბათს მოსამართლემ დაადგინა, რომ Google-ის ექსკლუზიური განაწილების ხელშეკრულებები პრობლემურია.
მოსამართლე ამიტ მეჰტამ 2020 წელს შეტანილ სარჩელზე მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს (DOJ) სასარგებლოდ და დაადგინა, რომ Google-მა დაარღვია შერმანის აქტი1 შეერთებულ შტატებში პროდუქტის ორ ბაზარზე — საძიებო სერვისები და ტექსტური რეკლამა — მონოპოლიის შენარჩუნებით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამას ექსკლუზიური განაწილების ხელშეკრულებების საშუალებით მიაღწია.
განაწილების ხელშეკრულებების მეშვეობით, Google Search არის ნაგულისხმევი (default) საძიებო სისტემა ბრაუზერებში, როგორიც არის, მაგალითად, Apple-ის (AAPL) Safari.
რას უნდა ველოდეთ მომავალში?
Google-ის მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგი შეიძლება არ დადგეს თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში.
წარმატების შემთხვევაში, აპელაცია Google-ს საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს განაწილების ხელშეკრულებები და შეამსუბუქოს უოლ სტრიტის ეჭვები სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებთან დაკავშირებით, რომლებსაც შეიძლება მსგავსი ანტიმონოპოლიური სარჩელები ემუქრებოდეთ.
თუ სასამართლო უარყოფს Google-ის სააპელაციო საჩივარს, აშშ-ის მთავრობა დაადგენს სასჯელს კომპანიის მიერ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისთვის. ეს სასჯელი შეიძლება გულისხმობდეს ფულად ჯარიმებს, Google-ის ხელშეკრულებების იძულებით ცვლილებებს ან სხვა ზომებს, რომლებიც საძიებო სისტემების ბაზარზე კომპანიის მონოპოლიას აღკვეთს.
აშშ-ის მთავრობის სადამსჯელო ქმედებები შეიძლება სასარგებლო იყოს Google Search-ის კონკურენტებისთვის, როგორებიც არის Microsoft-ის (MSFT) Bing ან OpenAI-ის ახლახან დაანონსებული SearchGPT.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $162.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] შერმანის ანტიმონოპოლიური აქტი წარმოადგენს აშშ-ის საეტაპო კანონს, რომელიც კრძალავს ბიზნესებს შეთანხმებას ან გაერთიანებას მონოპოლიის შესაქმნელად.