Alphabet-ის (GOOGL) Google-მა ამერიკული ანტიმონოპოლიური კანონი დაარღვია — გუშინ აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ Google Search-მა უკანონო მონოპოლია მოიპოვა.
მოსამართლე ამიტ მეჰტამ 2020 წელს შეტანილ სარჩელზე მიიღო გადაწყვეტილება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს (DOJ) სასარგებლოდ და დაადგინა, რომ Google-მა დაარღვია შერმანის აქტი1 შეერთებულ შტატებში პროდუქტის ორ ბაზარზე — საძიებო სერვისები და ტექსტური რეკლამა — მონოპოლიის შენარჩუნებით. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ამას ექსკლუზიური განაწილების ხელშეკრულებების საშუალებით მიაღწია.
განაწილების ხელშეკრულებების მეშვეობით, Google Search არის ნაგულისხმევი (default) საძიებო სისტემა ბრაუზერებში, როგორიც არის, მაგალითად, Apple-ის (AAPL) Safari.
რას ნიშნავს გადაწყვეტილება Google-ისა და Search-ის კონკურენტებისთვის?
მოსამართლის გადაწყვეტილება Google-ს დამნაშავედ ცნობს ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში, მაგრამ სადამსჯელო მოქმედება ჯერ არ არის განსაზღვრული.
აშშ-ის მთავრობას შეუძლია მიიღოს ზომები საძიებო ბაზარზე Google-ის გავლენის შესაკავებლად, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს Google Search-ის კონკურენტებისთვის, როგორებიც არის Microsoft-ის (MSFT) Bing ან OpenAI-ის ახლახან დაანონსებული SearchGPT.
ეს გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროსთვის დიდ გამარჯვებას წარმოადგენს იმის ფონზე, რომ აშშ-ის მთავრობა ცდილობს, ტექნოლოგიური გიგანტებისგან ანტიმონოპოლიური კანონების დარღვევა თავიდან აიცილოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $157.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 37 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $204.62-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $170.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 37 ანალიტიკოსიდან 30-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] შერმანის ანტიმონოპოლიური აქტი წარმოადგენს აშშ-ის საეტაპო კანონს, რომელიც კრძალავს ბიზნესებს შეთანხმებას ან გაერთიანებას მონოპოლიის შესაქმნელად.