გუშინ ამერიკული კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად დაეცა — ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა დაფიქსირდა, რადგან აშშ-ის ეკონომიკის სიჯანსაღესთან დაკავშირებით ინვესტორების ეჭვებმა ფართო გაყიდვები გამოიწვია.
გუშინდელი სავაჭრო სესიის განმავლობაში Nasdaq Composite 3.4%-ით დაეცა, ხოლო S&P 500 და Dow Jones Industrial Average ინდექსები, შესაბამისად, 3%-ით და 2.6%-ით შემცირდა. გუშინდელი ვარდნა იყო ყველაზე დიდი თითოეული ძირითადი ინდექსისთვის 2022 წლის 13 სექტემბრის შემდეგ.
გუშინდელმა დღემ გააგრძელა აშშ-ის აქციების მრავალკვირიანი ვარდნა, რომელიც პარასკევს დაჩქარდა სამუშაო ბაზრის მოსალოდნელზე ბევრად უარესი ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ — ივლისში უმუშევრობის დონე 4.3%-მდე გაიზარდა. ბოლო დროის სუსტმა მონაცემებმა გამოიწვია მზარდი ეჭვები იმის თაობაზე, რომ აშშ-ის ეკონომიკა უფრო სუსტია, ვიდრე ბაზრის მონაწილეებს ადრე ეგონათ. ეს კი ზრდის მოლოდინს, რომ ფედერალურ სარეზერვო ბანკს (Fed) მომდევნო თვეებში საპროცენტო განაკვეთების აგრესიულად შემცირება მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ S&P 500-ის ყველა სექტორმა მინიმუმ 1.7%-იანი ვარდნა განიცადა, საინფორმაციო ტექნოლოგიები კი ლიდერობს 3.8%-იანი დაღმასვლით. Dow Jones Industrial Average-ის თითოეულმა კომპონენტმა სავაჭრო სესია კლებით დაასრულა და ინდექსის დღიურმა ვარდნამ 1000 პუნქტს გადააჭარბა.
ხელოვნურ ინტელექტზე ფოკუსირებული ინვესტორების ფავორიტი Nvidia-ს (NVDA) აქციების ფასი გუშინ 6%-ზე მეტით შემცირდა. ამავდროულად, სხვა დიდი კაპიტალიზაციის აქციებმა, მათ შორის Intel-მა (INTC), Arm Holdings-მა (ARM), Micron-მა (MU) და Super Micro Computer-მა (SMCI), ასევე ვარდნა განიცადა.
Apple-ის (AAPL) აქციების ფასი თითქმის 4.8%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე კვარტალში უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ (BRK.A, BRK.B) კიდევ უფრო შეამცირა თავისი წილი iPhone-ის მწარმოებელში. სხვა mega-cap კომპანიებთან ერთად, Alphabet-ის (GOOGL), Tesla-სა (TSLA) და Amazon-ის (AMZN) აქციებიდან თითოეული 4%-ზე მეტით შემცირდა.
მსხვილი ბანკების, მათ შორის Bank of America-ს (BAC), JPMorgan Chase-ისა (JPM) და Citigroup-ის (C), აქციების ფასები ასევე შემცირდა აშშ-ის ეკონომიკასთან დაკავშირებული ეჭვების ფონზე.
Cboe-ს1 არასტაბილურობის საზომი ინდექსი — VIX-მა, რომელსაც ზოგჯერ „შიშის ინდექსს“ უწოდებენ, ორშაბათს, სავაჭრო სესიის საწყის საათებში 40 პუნქტზე მეტით — 65-მდე გაიზარდა და მიაღწია იმ დონეებს, რომლებიც 2020 წლის მარტის, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების, შემდეგ არ დაფიქსირებულა.
აშშ-ის 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების სარგებელმა 3.78% შეადგინა მას შემდეგ, რაც დღის დასაწყისში 3.70%-მდე დაეცა. ეს ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია, რადგან იზრდება მოლოდინი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სწრაფად და მკვეთრად შეამცირებს.
CME Group-ის FedWatch ინსტრუმენტის მიხედვით, რომელიც განაკვეთის ცვლილებებს ფედერალური ფონდების ფიუჩერსული ვაჭრობის მონაცემებზე დაყრდნობით პროგნოზირებს, ტრეიდერების აზრით, არსებობს 82%-იანი შანსი, რომ Fed საპროცენტო განაკვეთებს სექტემბერში ნახევარი პროცენტული პუნქტით შეამცირებს.
გარდა ამისა, გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არიან Apple, Palantir და BioNTech.
Apple
გუშინ Apple-ის აქციებმა დარტყმა მიიღო მას შემდეგ, რაც უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ შაბათ-კვირას გამოავლინა, რომ iPhone-ის მწარმოებელში თავისი წილი თითქმის 50%-ით შეამცირა.
კონგლომერატის მიერ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილმა უახლესმა დოკუმენტმა აჩვენა, რომ 30 ივნისის მდგომარეობით $84.2-მილიარდიანი წილი Apple-ში, წინა კვარტალთან შედარებით, 49%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში Berkshire-მა თავისი წილი Apple-ში 13%-ით შეამცირა.
მიუხედავად ამისა, Apple კვლავ Berkshire-ის უმსხვილეს ჰოლდინგია, რომელიც წინ უსწრებს Bank of America-ს (BAC), American Express-ს (AXP), The Coca-Cola Company-ისა (KO) და Chevron-ს (CVX).
გუშინ Apple-ის აქციების ფასი თითქმის 5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-ით არის გაუმჯობესებული.
UBS-ში ამბობენ, რომ Apple-ის App Store-ის შემოსავლების ზრდა შენელდა
გარდა ამისა, ფინანსური სერვისების კომპანია UBS-ის ანალიტიკოსების ანალიზმა აჩვენა, რომ ივლისში App Store-ის შემოსავლების წლიური ზრდა 11%-მდე შენელდა. შედარებისთვის, ივნისში ამ მიმართულებით აღმასვლამ 13% შეადგინა.
ფირმა Apple-ის აქციებს ნეიტრალურ რეიტინგს და $190-ის ტოლ სამიზნე ფასს უნარჩუნებს.
როგორ აფასებენ სხვა ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $209.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $248.96-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $300.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 19%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Palantir
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Palantir-მა (PLTR) მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”2 ვაჭრობაში კი მონაცემთა ანალიზის ფირმის აქციების ფასი 12%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45%-ით გაუმჯობესდა.
Palantir-ის ბიზნესის მიმოხილვა
Palantir Technologies ცნობილია თავისი მოწინავე მონაცემთა ანალიტიკის პროგრამული პლატფორმებით, რომლებიც ძირითადად სამთავრობო და კომერციულ სექტორებს ემსახურება. მისი ძირითადი შეთავაზებებია: Gotham (მთავრობა), Foundry (კომერციული), Apollo (უწყვეტი მიწოდება) და AIP (ხელოვნური ინტელექტი). კომპანიის წარმატების ძირითადი ფაქტორები მოიცავს ინოვაციებს ხელოვნურ ინტელექტში (AI) და მანქანათმცოდნეობაში, მომხმარებელთა მრავალფეროვან ბაზას და კლიენტების ოპერაციებში მისი პლატფორმების სწრაფად ინტეგრირების უნარს.
ცოტა ხნის წინ, Palantir-მა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის კომერციული სექტორის გაფართოებაზე, რამაც მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. აშშ-ში კომპანიის კომერციულ მომხმარებელთა რაოდენობა წლიურად 83%-ით გაიზარდა და 295-ს მიაღწია. სახელმწიფო კონტრაქტები შემოსავლის 55%-ზეა პასუხისმგებელი, ხოლო კომერციული შემოსავალი — 45%-ზე.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში Palantir-ის შემოსავალი წლიურად 27%-ით — $678 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა როგორც მენეჯმენტის მოლოდინს — $649-$653 მილიონს, ისე ანალიტიკოსების პროგნოზს — $563.23 მილიონს. კორექტირებული მოგება თითო აქციაზე (EPS) 80%-ით — $0.09-მდე გაიზარდა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.08-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $0.06 შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.03).
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | მენეჯმენტის პროგნოზები | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $678 მილიონი | $649-$653 მილიონი | $533 მილიონი | 27% |
კორექტირებული შემოსავალი ოპერაციებიდან | $254 მილიონი | $209-$213 მილიონი | $135 მილიონი | 88% |
GAAP EPS | $0.06 | — | $0.01 | 500% |
კორექტირებული EPS | $0.09 | — | $0.05 | 80% |
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Palantir-ის მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი $697-$701 მილიონს მიაღწევს, ხოლო კორექტირებული შემოსავალი ოპერაციებიდან — $233-$237 მილიონს.
მთელი წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ შემოსავალი $2.742-$2.750 მილიარდს შეადგენს, ხოლო კორექტირებული შემოსავალი ოპერაციებიდან — $966-$974 მილიონს, რაც უწყვეტ ძლიერ წარმადობაზე მიუთითებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Palantir-ის აქციებს?
Palantir Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $24.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $22.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $35.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Palantir Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 7%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
BioNTech
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, BioNTech-მა მოსალოდნელზე სუსტი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით არის დაკლებული.
კვარტალური შედეგები
2024 წლის მეორე კვარტალში BioNTech-ის შემოსავალი წლიურად 23.3%-ით — დაახლოებით $141.16 მილიონამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $148 მილიონს. წმინდა ზარალი კი წლიურად გაოთხმაგდა და $886 მილიონს მიაღწია, ანუ ზარალმა თითო აქციაზე $3.7 შეადგინა (უოლ სტრიტის მოლოდინი — -$2.21).
ზარალის მკვეთრი ზრდა BioNTech-ის კოვიდ ვაქცინებზე მოთხოვნის შემცირებამ გამოიწვია.
BioNTech-მა ყურადღება სიმსივნის მკურნალობაზე გადაიტანა
BioNTech-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — დოქტორმა უგურ შაჰინმა განმარტა, რომ ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ ყურადღება გადაიტანა სიმსივნის მკურნალობაზე.
თუმცა მენეჯმენტის განცხადებით, მიუხედავად Genmab-თან (GMAB) ერთად ჩატარებული კვლევებისა, რომლებიც ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს მკურნალობაში წამახალისებელ შედეგებს აჩვენებს, კომპანიამ გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა პროგრამის შემდგომ განვითარებაში „პორტფელის სტრატეგიასთან დაკავშირებული მიზეზების გამო“. BioNTech-ის მენეჯმენტმა დასძინა, რომ Genmab-თან აგრძელებს თანამშრომლობას არსებული შეთანხმებების ფარგლებში, რომელიც 2022 წელს გაფართოვდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები BioNTech-ის აქციებს?
BioNTech-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $78.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $110.36-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $171.00-ს, ხოლო მინიმალური — $85.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი BioNTech-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 41%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] წამყვანი საბირჟო ქსელი გლობალური დერივატივების, სავალუტო, ციფრული აქტივებისა და ფასიანი ქაღალდების სავაჭრო გადაწყვეტებისთვის.
[2] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.