გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Microsoft-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. „After-hours”1 ვაჭრობაში კი ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაუმჯობესებული.
Microsoft-ის ბიზნესის მიმოხილვა
Microsoft არის წამყვანი გლობალური ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვან ასორტიმენტს, დაწყებული ოპერაციული სისტემებით, დასრულებული ქლაუდ სერვისებით. ამჟამად მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $3.143 ტრილიონს აღწევს და ამ მაჩვენებლით კომპანია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს Apple-ის შემდეგ. Microsoft ფოკუსირებულია ინოვაციებზე სხვადასხვა სექტორში, მათ შორის არის AI, ქლაუდ გამოთვლები, პროდუქტიულობის ინსტრუმენტები და გართობა.
ცოტა ხნის წინ, Microsoft-მა ფოკუსი მიმართა თავის პროდუქტებში AI-ის ინტეგრირებაზე, ქლაუდ სერვისების მნიშვნელობაზე და გეიმინგ ეკოსისტემის გაფართოებაზე. წარმატების ძირითადი ფაქტორები მოიცავს AI-ზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დაჩქარებას, ქლაუდ სერვისის შესაძლებლობების გაუმჯობესებას და Microsoft-ის გეიმინგ პორტფელის გაზრდას.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Microsoft-ის შემოსავალი წლიურად 15.2%-ით — $64.7 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $64.4 მილიარდს. წმინდა მოგება წლიურად 9.7%-ით — $22 მილიარდამდე გაუმჯობესდა, ანუ მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $2.95 შეადგინა, რაც ასევე აღემატება უოლ სტრიტის მოლოდინს — $2.94-ს.
მაჩვენებელი | ფისკალური 2024 წლის IV კვ. | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2023 წლის IV კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
განზავებული EPS | $2.95 | $2.94 | $2.69 | 9.7% |
მთლიანი შემოსავალი | $64.7 მილიარდი | $64.4 მილიარდი | $56.2 მილიარდი | 15.2% |
საოპერაციო შემოსავალი | $27.9 მილიარდი | — | $24.3 მილიარდი | 15.1% |
წმინდა მოგება | $22.0 მილიარდი | — | $20.1 მილიარდი | 9.7% |
გასული კვარტლის შედეგები წარმოაჩენს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას Microsoft-ის პროდუქციის ხაზში. ახალი ფუნქციები Microsoft Teams-ში, Outlook-სა და Xbox-ში, რომლებიც მხარდაჭერილია AI ფუნქციებით, აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას და პროდუქტის ეფექტიანობას. Microsoft 365 Copilot-ისა და GitHub Copilot-ის განახლებები მომხმარებლების მიერ შესანიშნავად იქნა ათვისებული, რაც ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას. AI-ზე ორიენტირებულ ინიციატივებს მოჰყვა მასშტაბური ინვესტიციები, ეს კი ზემოქმედებს საოპერაციო ხარჯებზე, მაგრამ გრძელვადიანი მოგების პერსპექტივას ქმნის.
ქლაუდ სერვისების სექტორში, Microsoft-ის Cloud-მა აჩვენა ძლიერი წარმადობა. ამ მიმართულებით კომპანიამ $36.8 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რაც წლიურად 21%-იან ზრდას წარმოადგენს. Microsoft Azure-ის AI შესაძლებლობებმა, როგორიცაა OpenAI-ისთვის სამუშაო დატვირთვის მართვა, ბაზარზე ტექნოლოგიური გიგანტის პოზიცია გააძლიერა. Azure-ის შემოსავალი წლიურად 29%-ით გაუმჯობესდა, რაც ხაზს უსვამს მომხმარებლების მიერ მისი ათვისების მაღალ მაჩვენებელს. თუმცა კონკურენცია Amazon-ის (AMZN) ვებ სერვისების (AWS) და Alphabet-ის (GOOG; GOOGL) Google Cloud-ის მხრიდან კვლავ ძლიერია, რაც ზეწოლას ახდენს ზრდის შენარჩუნებაზე და კაპიტალური დანახარჯების მართვაზე.
გასულ კვარტალში Microsoft-ის პროდუქტიულობისა და ბიზნეს გადაწყვეტების სეგმენტის შემოსავალი წლიურად 11%-ით — $20.3 მილიარდამდე გაიზარდა. Office 365 Commercial-ის შემოსავალი 13%-ით გაუმჯობესდა, ხოლო Dynamics-ის პროდუქტებისა და ქლაუდ სერვისების — 16%-ით.
რაც შეეხება გეიმინგ სეგმენტს, Xbox-ის კონტენტისა და სერვისების შემოსავალი წლიურად 61%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ტექნოლოგიური გიგანტის მიერ Activision Blizzard-ის შეძენით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდის Microsoft-ის კონკურენტულ უპირატესობას, გეიმინგ სექტორში მნიშვნელოვანმა ინვესტიციებმა შეიძლება გავლენა იქონიოს მოგების მარჟაზე, თუ შემოსავლების ზრდა ხარჯების მატებას ვერ დააბალანსებს.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Microsoft-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალურ 2025 წელს შემოსავალი ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაიზრდება იმის ფონზე, რომ კომპანია, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობს.
Microsoft-ის ფინანსურმა დირექტორმა — ემი ჰუდმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, ფისკალურ 2025 წელს ქლაუდ სეგმენტის შემოსავალი 28%-29%-ით გაუმჯობესდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $423.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $509.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $470.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20.5%-იან ზრდას გულისხმობს.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.