დღეს, სავაჭრო სესიის დასრულების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტი — Microsoft კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს. სავარაუდოდ, ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან კომპანიის ქლაუდ სეგმენტის ზრდას და განახლებებს Microsoft-ის AI (ხელოვნური ინტელექტი) ინიციატივების შესახებ.
პროგნოზები
უოლ სტრიტის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში Microsoft-ის შემოსავალი წლიურად 14.6%-ით — $64.37 მილიარდამდე გაიზრდება. ასევე მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგიური გიგანტის წმინდა მოგება წლიურად 9.3%-ით გაუმჯობესდება და $21.88 მილიარდს მიაღწევს, ანუ მოგება თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $2.93 იქნება.
მაჩვენებელი | ანალიტიკოსების პროგნოზები | ფისკალური 2024 წლის III კვ. | ფისკალური 2023 წლის IV კვ. |
შემოსავალი | $64.37 მილიარდი | $61.86 მილიარდი | $56.19 მილიარდი |
განზავებული EPS | $2.93 | $2.94 | $2.69 |
წმინდა მოგება | $21.88 მილიარდი | $21.94 მილიარდი | $20.08 მილიარდი |
საკვანძო მაჩვენებელი: Azure-ის ზრდა
სავარაუდოდ, ინვესტორები დიდი ყურადღებით დააკვირდებიან შემოსავლების ზრდას Microsoft-ის ქლაუდ პლატფორმა Azure-ზე, რომელმაც წინა კვარტლებში ტექნოლოგიურ გიგანტს მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა.
Azure-მა ისარგებლა ხელოვნური ინტელექტის ბუმით, რადგან მომხმარებლები AI მოდელების გასაწვრთნელად და მასთან დაკავშირებულ სამუშაო დატვირთვასთან გასამკლავებლად ქლაუდ პლატფორმებს იყენებენ. ამ მიმართულებამ ხელი შეუწყო Microsoft-ის გაზრდილი კაპიტალურ ხარჯებს იმის ფონზე, რომ ტექნოლოგიური გიგანტი AI-ის სეგმენტში ინვესტიციებს ზრდის.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები მოელიან, რომ მეოთხე კვარტალში კომპანიის ქლაუდ შემოსავალი $37.2 მილიარდს მიაღწევს, რაც წარმოადგენს ზრდას როგორც კვარტალურად, ისე — წლიურად.
AI გავლენა
Microsoft-ის კვარტალური ანგარიში, სავარაუდოდ, ფოკუსირებული იქნება კომპანიის პოზიციაზე განვითარებად AI ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ისთან პარტნიორობის ჩამოყალიბებით, კომპანიამ ამ სივრცეში ლიდერის პოზიცია ადრეულ ეტაპზევე დაიკავა.
შესაძლოა, Microsoft-მა ინვესტორებს ასევე მიაწოდოს განახლებული ინფორმაცია თავისი Windows კომპიუტერების შესახებ, რომლებიც AI-სთან დაკავშირებულ სამუშაოებთან გასამკლავებლად არის შექმნილი.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $423.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 27 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $507.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $465.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას გულისხმობს.
Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.