დღევანდელი Microsoft-ის პრობლემები უკვე ყალიბდება, როგორც „ყველაზე დიდი IT შეფერხება მათ შორის, რაც აქამდე მომხდარა“. ეს კი პირდაპირ ზემოქმედებს უამრავ ბიზნესსა და ინდივიდზე მთელ მსოფლიოში. IT შეფერხება პირდაპირ აისახა აეროპორტების, ბანკებისა და მაუწყებლების მუშაობაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ხარვეზები იყო საქართველოში არსებულ ქუთაისის აეროპორტშიც, რაც რეგისტრაციის პროცესის დაგვიანებით დაწყებას გულისხმობდა…
„გლობალური IT შეფერხება, რომელიც ამ დილით გამოვცადეთ, უპრეცედენტოა თავისი გავლენით“, — აცხადებს ჰაჯინდერ ლალი, კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი.
აღნიშნული საკითხი იმის მაგალითსაც წარმოადგენს, თუ როგორ შეიძლება გამოიწვიოს მასშტაბური ქაოსი მცირე ტექნიკურმა ცვლილებამ, რომელიც ჯერ IT ინდუსტრიის უმეტესობისთვის უცნობია…
რა მოხდა?
Microsoft Windows-ზე მომუშავე კომპანიებს დღეს პრობლემებთან გამკლავება მოუწიათ — ე. წ. სიკვდილის ლურჯ ეკრანს ხედავენ, რომელიც მიუთითებს მათ, რომ Windows არ ჩაიტვირთა. ამ ამბავს კი CrowdStrike-ის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის არასწორ განახლებას აბრალებენ…
CrowdStrike უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი უდიდესი პროვაიდერია, რომელიც, მარტივად რომ ავხსნათ, იმ კომპიუტერულ ქსელებსა და დისტანციურ მოწყობილობებს შორის იცავს კავშირს, რომლებიც კორპორატიულ ქსელებს უკავშირდება. შესაბამისად, აქ წარმოშობილი ხარვეზი მოქმედებს ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელიც Windows-ზე მუშაობს.
თავად CrowdStrike-ის ხელმძღვანელი — ჯორჯ კურტზი აცხადებს, რომ პრობლემა Windows-ის განახლებისას აღმოჩენილმა ერთმა დეფექტმა გამოიწვია. ის აქვე აღნიშნავს, რომ ამ ამბავს არ უმოქმედია იმ კომპიუტერებსა და სერვერებზე, რომლებიც Apple-ის MacOS-სა და Linux-ის ღია კოდის საოპერაციო სისტემაზე მუშაობდა, რაც ფართოდ გამოიყენება ინტერნეტ ინფრასტრუქტურაში.
„ეს არ ყოფილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტი, არც კიბერ შეტევა. საკითხი დავადგინეთ და შესაბამისი ზომები მივიღეთ“, — აცხადებს კურტზი.
რამდენი ხანი დასჭირდება პრობლემის გამოსწორებას?
CrowdStrike-ში კი ამბობენ, შესაბამისი ზომები მივიღეთო, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი ხანი დასჭირდება პრობლემის აღმოფხვრას და ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას. ამ საკითხზე ვარაუდებს კიბერ უსაფრთხოების ექსპერტები გვიზიარებენ, ერთ-ერთი მათგანის თქმით, ამას თუ კვირები არა, დღეები მაინც დასჭირდება… თუმცა, თუ მათ დავუჯერებთ, პრობლემის თავად გასწორებასაც შეძლებთ. ზოგიერთი ექსპერტი კომპიუტერის 15-ჯერ გადატვირთვას გირჩევთ…
მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებებისა, Microsoft აცხადებს, რომ პრობლემა მოგვარებულია და ეტაპობრივად დაუბრუნდებიან საწყის მდგომარეობას!