დაახლოებით ერთი წლის წინ Microsoft (MSFT) ChatGPT-ის შემქმნელის — OpenAI-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა ხმის მიცემის უფლების გარეშე. Apple-მა კი ასეთივე შესაძლებლობა მიიღო მას შემდეგ, რაც კომპანიამ ახალ iPhone-ბში ChatGPT-ის ინტეგრირება გადაწყვიტა. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, როგორც Microsoft, ისე Apple, OpenAI-ის საბჭოში აღარ იქნება წარმოდგენილი.
Financial Times-ისა და Bloomberg-ის თანახმად, კომპანიებმა ეს გადაწყვეტილებები მიიღეს მას შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ მარეგულირებლებმა გააძლიერეს მცდელობები მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების გავლენის შესამცირებლად.
Microsoft ტოვებს საბჭოს „მნიშვნელოვანი პროგრესის“ შემდეგ
Microsoft-მა OpenAI-ის დირექტორთა საბჭოში ადგილი პირველად დაიკავა 2023 წლის ნოემბერში, გენერაციული AI სტარტაპისთვის მშფოთვარე პერიოდის შემდეგ, როდესაც საბჭომ გაათავისუფლა და შემდეგ, რამდენიმე დღეში ხელახლა დაიქირავა აღმასრულებელი დირექტორი — სემ ალტმანი.
გავრცელებული ინფორმაციით, Microsoft-ის წერილში, რომელიც OpenAI-ისთვის არის განკუთვნილი, ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბოლო რვა თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი დაინახეს. შესაბამისად, მათ გააჩნიათ საკმარისი ნდობა OpenAI-ის მომავლისადმი და საბჭოში ადგილის შენარჩუნების აუცილებლობასაც ვეღარ ხედავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ს, რომელმაც ახალი პარტნიორობა OpenAI-სთან გასულ თვეში, დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციაზე (WWDC) დააანონსა, ასევე მიეცა საბჭოში ადგილის დაკავების შანსი. OpenAI-ის სპიკერმა Financial Times-ს განუცხადა, რომ კომპანია გეგმავს რეგულარული შეხვედრების გამართვას ინვესტორებთან და პარტნიორებთან, როგორებიც არის Apple და Microsoft. ასეთი შეხვედრების მიზანი ამ კომპანიების წარმომადგენლების სათანადო ინფორმირებულების უზრუნველყოფაა.
ანტიმონოპოლიური რეგულაციები
Microsoft-ისა და Apple-ის გადაწყვეტილებები მიღებულია იმის ფონზე, რომ მათი ინდუსტრია უფრო მეტი კონტროლის ქვეშ არის ფედერალური მარეგულირებლების მხრიდან, ვიდრე ბოლო წლებში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) და სავაჭრო ფედერალურმა კომისიამ (FTC) ანტიკონკურენტულ ქცევაში ბრალდებით სარჩელი შეიტანა Apple-ის, Microsoft-ის, Meta Platforms-ის (META) და Google-ის მშობელი Alphabet-ისა (GOOGL) და სხვა კომპანიების წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის (EU) მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური კანონი, ციფრული ბაზრების აქტი (DMA), ძალაში 7 მარტს შევიდა — ის ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.
მარეგულირებლები ასევე ეჭვქვეშ აყენებენ Microsoft-ისა და Google-ის ინვესტიციებს და კადრების დაქირავების პრაქტიკას ხელოვნური ინტელექტის სფეროში — ისინი მსჯელობენ იმაზე, მოიპოვეს თუ არა ამ კომპანიებმა უსამართლო უპირატესობა მზარდ ინდუსტრიაში.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ისა და Apple-ის აქციებს?
Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $455.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $501.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 33-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $228.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $223.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1.8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 24-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.