საინვესტიციო ბანკ Jefferies-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Walmart-ის (WMT) ინვესტიციებმა ავტომატიზაციასა და ხელოვნურ ინტელექტში (AI) შეიძლება ფისკალური 2029 წლისთვის (2023 წელთან შედარებით) კომპანიის საოპერაციო შემოსავალი თითქმის გააორმაგოს.
ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესმა საცალო ვაჭრობის კომპანიამ ამ მიმართულებით მრავალი ინვესტიცია განახორციელა, დაწყებული ავტომატიზებული ტვირთამწეებით, დასრულებული AI-ზე მომუშავე კამერებით, რომლებსაც მომხმარებლების კალათების შიგთავსის ამოცნობა შეუძლია ქურდობის თავიდან ასაცილებლად.
საოპერაციო შემოსავლის ზრდის პოტენციალი
Walmart პროგრესირებს ავტომატიზაციაში ინვესტირების მიმართულებით და მიმდინარე წლის დასაწყისში ანალიტიკოსებმა ივარაუდეს, რომ შედეგად, შესაძლოა, 2029 წლისთვის კომპანიის მოგებამ ვალის მომსახურების ხარჯებისა და გადასახადების გადახდამდე (EBIT) $20 მილიარდს მიაღწიოს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Walmart-ს, ავტომატიზაციაში ინვესტირების შედეგად შექმნილი ეფექტიანობის წყალობით, მილიარდობით დოლარის დაზოგვა შეუძლია.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს იყო Walmart-ის მიერ ფულის დაბანდება Fox Robotics-ში, ავტონომიური სატვირთო მანქანების მწარმოებელში. მათ აღნიშნეს, რომ Walmart-ს ამჟამად ჰყავს 19 რობოტული სატვირთო მანქანა, რომლებიც კომპანიის რამდენიმე სადისტრიბუციო ცენტრში მუშაობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ Walmart-ის მუშაკებს ტექნოლოგიები არ ანაცვლებს — ისინი მანქანების ზედამხედველობაზე არიან ფოკუსირებულნი.
Jefferies-ის ანალიტიკოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს Walmart-ის მომხმარებლების საყიდლების კალათების შემოწმების ავტომატურ სისტემას. ეს Sam’s Club-ის (Walmart-ის სასაწყობე მაღაზია) კლიენტებს საშუალებას მისცემს, მაღაზია დატოვონ ისე, რომ კომპანიის თანამშრომელმა მათ მიერ შეძენილი პროდუქტები არ დაათვალიეროს.
„ეს ტექნოლოგია ამჟამად წარმოდგენილია Sam’s Club-ის 168 ლოკაციაზე, წლის ბოლომდე ყველა მათგანში გავრცელების გეგმით“ — აღნიშნეს ანალიტიკოსებმა. „დამატებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გადახდის სიჩქარე და მომხმარებლების კმაყოფილების დონე, შესაბამისად, 25%-ით და 15%-ით გაიზარდა“.
მაღალტექნოლოგიური სადისტრიბუციო ცენტრები
გარდა ამისა, გუშინ Walmart-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აშენებს ხუთ ახალ მაღალტექნოლოგიურ სადისტრიბუციო ცენტრს, როგორც თავისი „მომარაგების ჯაჭვის მოდერნიზაციის მოგზაურობის“ ნაწილს. Walmart-ის მიწოდების ჯაჭვის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა — დეივ გუჯინამ CNBC-ს განუცხადა, რომ ახალი სისტემა კომპანიას საშუალებას მისცემს, ჰქონდეს უფრო მკაფიო სურათი თავისი მარაგების შესახებ და გაანაწილოს ისინი მაღაზიებში უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა.
ბოლო კვარტალური ანგარიში
Walmart-მა ბოლო კვარტალური შედეგები 16 მაისს გამოაქვეყნა. კომპანიის შედეგები ასე გამოიყურება:
მაჩვენებელი | ფისკალური 2025 წლის I კვარტალი | მენეჯმენტის მოლოდინები | ფისკალური 2024 წლის I კვარტალი | წლიური ცვლილება (%) |
---|---|---|---|---|
კონსოლიდირებული შემოსავალი | $161.5 მილიარდი | 4%-5%-იანი ზრდა | $152.3 მილიარდი | 6% |
საოპერაციო შემოსავალი | $6.84 მილიარდი | 3%-4.5%-იანი ზრდა | $6.24 მილიარდი | 9.6% |
კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი | $7.1 მილიარდი | არ არის ცნობილი | $6.24 მილიარდი | 13.7% |
კორექტირებული EPS | $0.60 | $0.49-$0.52 | $0.49 | 22.4% |
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Walmart-ის აქციებს?
Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $70.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $73.85-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $81.00-ს, ხოლო მინიმალური — $66.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Walmart-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 29 ანალიტიკოსიდან 26-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Walmart-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.