ახალი კვლევის თანახმად, იმის ფონზე, რომ ელექტრომობილების (EV) გაყიდვებმა აშშ-ში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, ქვეყანაში ამ მიმართულებით Tesla-ს (TSLA) წილი, ისტორიაში პირველად, 50%-ს ჩამოსცდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უკვე ზედიზედ მე-10 სავაჭრო დღეა, რაც ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი იზრდება.
ავტომობილების სავაჭრო ვებგვერდის — Kelley Blue Book-ის მეორე კვარტლის გაყიდვების ანგარიშმა აჩვენა, რომ გასულ მეოთხედში Tesla-ს გაყიდვები აშშ-ში წლიურად 6.3%-ით შემცირდა მაშინ, როდესაც ელექტრომობილების მთლიანმა გაყიდვებმა რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია.
Cox Automotive-ის Industry Insights ჯგუფის დირექტორმა — სტეფანი ვალდეს სტრეიტიმ განაცხადა: „გაზრდილი კონკურენცია მიგვიყვანს ფასების უწყვეტ ზეწოლამდე, რაც ხელს შეუწყობს ელექტრომობილების ათვისების ნელ ზრდას“.
კონკურენცია იზრდება
Kelley Blue Book-ის თანახმად, აშშ-ში ელექტრომობილების მეორე კვარტლის გაყიდვების მაჩვენებელში General Motors-ის (GM), Ford-ის (F), Hyundai-ისა და Kia-ს წვლილმა 330,463 ერთეულს მიაღწია, რაც წლიურად 11.3%-იან ზრდას წარმოადგენს. ზოგადად, ელექტრომობილებმა აშშ-ში მანქანების მთლიანი გაყიდვების 8%-ს მიაღწია. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი 7.2%-ს შეადგენდა, ხოლო პირველ მეოთხედში — 7.1%-ს.
Kelley Blue Book-ის ინფორმაციის მიხედვით, გაყიდვების მთლიანი მოცულობა შემცირდა ზოგიერთი ევროპული ძვირადღირებული ავტომწარმოებლის, მათ შორის Mercedes-Benz-ის, Polestar-ის (PSNY), Porsche-სა და Volvo-ს გაყიდვების დაბალი მაჩვენებლების გამო.
„იმის ფონზე, რომ Tesla-ს გაყიდვები განაგრძობს კლებას და EV-ების გაყიდვებში ახლა მისი წილი, ისტორიაში პირველად, 50%-ზე დაბალია, ელექტრომობილების საერთო კონკურენტული ლანდშაფტი კიდევ უფრო ძლიერდება“ — განაცხადა ვალდეს სტრეიტიმ.
Tesla-ს აქციების ფასი ზრდას განაგრძობს
Tesla-ს აქციების ზრდა გასულ კვირაში დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ მიწოდების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ეს სიახლე კომპანიის აქციებს პოზიტიურ ტერიტორიაზე დაბრუნებაში დაეხმარა.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ელექტრომობილების მწარმოებელმა გიგანტმა 410,831 მანქანა აწარმოა, ხოლო ბაზარს 443,956 მიაწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მიწოდების მაჩვენებელი 5%-ით შემცირდა, მან გადააჭარბა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს, რომელიც დაახლოებით 439,000-ს შეადგენდა.
Tesla-ს აქციების ზრდა შეიძლება ასევე გამოწვეული იყოს რობოტაქსის ღონისძიებასთან, რომელსაც კომპანია მომავალ თვეში ჩაატარებს. ამ ღონისძიებაზე Tesla-ს სრულად ავტონომიური ტაქსის დებიუტი შედგება. კომპანია ამ პროდუქტით კონკურენციას გაუწევს ინდუსტრიის სხვა მოთამაშეებს, როგორიც არის, მაგალითად, Alphabet-ის Waymo.
გუშინ Tesla-ს აქციების ფასი 3.7%-ით გაიზარდა — ის Nasdaq Composite ინდექსში საუკეთესო წარმადობით, ხოლო S&P 500-ში ერთ-ერთი ყველაზე კარგით შედეგით გამოირჩეოდა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $262.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $184.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 30%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.