ივნისში S&P 500 ინდექსი შვიდჯერ დაიხურა რეკორდულ მაჩვენებელზე, რადგან კომპანიების კვარტალურმა ანგარიშებმა, როგორებიც არის Broadcom და Oracle, აჩვენა, რომ მოთხოვნა ხელოვნურ ინტელექტზე (AI) და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე ისეთი ჯანსაღია, როგორც არასდროს.
უოლ სტრიტი კი მოელის, რომ ამ სფეროში ყველაზე დიდი კომპანიები, მათ შორის Microsoft, Alphabet და Amazon შესანიშნავი ზრდის დაფიქსირებას განაგრძობენ.
ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე კომპანიას, რომლის აქციებმაც, შესაძლოა, მიმდინარე თვეში მნიშვნელოვანი ძვრები განიცადოს.
Broadcom
Broadcom ამერიკული ტრანსნაციონალური კომპანიაა, რომელიც ნახევარგამტარული და ინფრასტრუქტურული პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ფართო სპექტრის დამპროექტებელი, დეველოპერი, მწარმოებელი და გლობალური მიმწოდებელია.
Broadcom-მა ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტლის შედეგები 12 ივნისს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა და მენეჯმენტმა აქციების 1/10 პროპორციით დაყოფა დააანონსა. მომდევნო დღეს კი კომპანიის აქციების ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
„Broadcom-ის მეორე კვარტლის შედეგები კვლავ განპირობებული იყო ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნით და VMware-ით“ — განაცხადა Broadcom-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოკ ტანმა და დასძინა: „ჩვენი AI პროდუქტებიდან მიღებულმა შემოსავალმა კვარტალში რეკორდულ ნიშნულს — $3.1 მილიარდს მიაღწია“.
Broadcom უერთდება იმ კომპანიების მზარდ სიას, რომლებიც ყოფენ თავიანთ აქციებს გასული წლის განმავლობაში მათი ფასების მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. Bank of America-ს კვლევის თანახმად, ისტორიულად, აქციების დაყოფა პოზიტიური მოვლენაა კომპანიებისთვის, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას იღებენ. ამავდროულად, აქციები ხშირად იყოფა, რადგან მათმა წარმადობამ უკვე გადააჭარბა ფართო ბაზარს.
Broadcom-ის აქციების დაყოფის გადაწყვეტილება ძალაში 15 ივლისს შედის. შედარებისთვის, გასულ თვეში Nvidia-ს აქციებიც 1/10 პროპორციით დაიყო, რის შემდეგაც ჩიპების მწარმოებელი გიგანტი გარკვეული დროით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. რა თქმა უნდა, შესაბამისად, ჩნდება პოტენციალი, რომ დაყოფამ Broadcom-ის აქციების ფასზეც დადებითად იმოქმედოს, თუმცა ამის გარანტია არ არსებობს.
თუმცა Broadcom-ის უახლესმა კვარტალურმა ანგარიშმა ანალიტიკოსები დაარწმუნა, რომ კომპანია ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარად არის პოზიციონირებული. კვარტალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Bank of America-ს ანალიტიკოსებმა Broadcom ხელოვნური ინტელექტის მეორე საუკეთესო აქციად დაასახელეს. მათი თქმით, შესაძლოა, კომპანია $1-ტრილიონიან კლუბსაც შეუერთდეს. Broadcom, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც ამჟამად დაახლოებით $750 მილიარდს შეადგენს, სავარაუდოდ, $1-ტრილიონიან ნიშნულს ივლისში ვერ მიაღწევს. თუმცა თუ ინვესტორები მიმდინარე თვეშიც ისე ოპტიმისტურად იქნებიან ხელოვნური ინტელექტის მიმართ განწყობილნი, როგორც ივნისში, შეიძლება Broadcom ამ მაჩვენებელს კიდევ უფრო მიუახლოვდეს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Broadcom-ის აქციებს?
Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $1,605.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,894.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $2,150.00-ს, ხოლო მინიმალური — $1,500.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Broadcom-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 23 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla
წლის სავალალო სტარტის შემდეგ, Tesla-მ ბოლო თვეების განმავლობაში მდგომარეობის გარკვეულწილად გამოსწორება მოახერხა.
Tesla-ს აქციების ფასი დაეცა აპრილის დასაწყისში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ გააუქმა გრძელვადიანი გეგმები დაბალფასიანი ელექტრომობილის (EV) შექმნასთან დაკავშირებით. აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა ეს ინფორმაცია უარყო და პირველი კვარტლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კომპანია აჩქარებს ახალი მოდელების წარმოებას. ამ განცხადებამ დაჩრდილა სუსტი კვარტალური შედეგები და მას შემდეგ Tesla-ს აქციებმა წლიური ზარალის დაახლოებით ნახევარი აღადგინა.
მეორე კვარტლის წარმოებისა და მიწოდების ანგარიშს Tesla ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნებს. პირველ მეოთხედში, 2020 წლის შემდეგ პირველად, კომპანიამ მიწოდების წლიური ვარდნა დააფიქსირა. მოსალოდნელია კიდევ ერთი მძიმე კვარტალი, რადგან Tesla-ზე ნეგატიურად ზემოქმედებს შენელებული მოთხოვნა ელექტრომობილებზე და ინტენსიური კონკურენცია ჩინურ EV კომპანიებთან.
მიწოდების კიდევ ერთმა სუსტმა ანგარიშმა შეიძლება Tesla-ს აქციებზე მნიშვნელოვანი ზეწოლა იქონიოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $198.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.10-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
McDonald’s
დაახლოებით ერთი წლის წინ რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის McDonald’s-მა, ფულადი სახსრების ნაკლებობის მქონე მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.
$18-იანი Big Mac-ის შესახებ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ სწრაფი კვების გიგანტის სახელი გასულ ზაფხულს ვირუსულად გავრცელდა.
„ბოლო დროს ჩვენ ვნახეთ ვირუსული სოციალური პოსტები და არასანდო წყაროების მიერ მოწოდებული ცნობები იმის შესახებ, რომ McDonald’s-მა ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. ეს ინფორმაცია არაზუსტია“ — დაწერა კომპანიის აშშ-ის განყოფილების პრეზიდენტმა — ჯო ერლინგერმა კორპორატიულ ბლოგ პოსტში მაისის ბოლოს.
ამავდროულად, კომპანიამ დაინახა, რომ მისი მომხმარებლები ყურადღებით აკონტროლებენ ხარჯებს. პირველ კვარტალში McDonald’s-მა ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვებში1 დრამატული შენელება დააფიქსირა, ხოლო აღმასრულებელმა დირექტორმა — კრის კემპჩინსკიმ აღნიშნა, რომ მომხმარებლები მეტ სიფრთხილეს იჩენენ ყოველი დოლარის მიმართ.
ივნისის ბოლო კვირაში McDonald’s-მა შემოიღო $5-იანი მენიუ, რათა ფასებისადმი მგრძნობიარე მომხმარებლები მოეზიდა. მიმდინარე თვის ბოლოს კი სწრაფი კვების კომპანია კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს და, შესაძლოა, მენეჯმენტმა ისაუბროს იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდათ ამ სიახლეზე მომხმარებლებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები McDonald’s-ის აქციებს?
McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $255.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 28 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $308.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $357.00-ს, ხოლო მინიმალური — $285.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი McDonald’s-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 28 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Boeing
Boeing-ისთვის წელი ცუდად დაიწყო და, შესაძლოა, ივლისში ყველაფერი გაუარესდეს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა (DOJ) 7 ივლისამდე უნდა გადაწყვიტოს, როგორ იმოქმედებს მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაარღვია გადავადებული-საპროცესო შეთანხმება2, რომელიც დადო 2021 წელს, 737 MAX-ის ორი ფატალური ავარიის შემდეგ. Bloomberg-ის ცნობით, შესაძლოა, DOJ-მა Boeing-ს სისხლისსამართლებრივი ბრალი წაუყენოს ან შესთავაზოს ახალი გარიგება უფრო მკაცრი პირობებით. იუსტიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებამ შეიძლება კომპანიის აქციებთან დაკავშირებული გაურკვევლობის ნაწილი გაფანტოს.
წელს Boeing-ის წარმოება და მიწოდება მკვეთრად შენელდა, რადგან კომპანიაზე იანვრის ინციდენტმა მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია. 5 იანვარს Alaska Airlines-ის რეისის დროს კარს საცობი მოძვრა. შემდგომმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ თვითმფრინავს ჭანჭიკები აკლდა.
პირველ კვარტალში Boeing-მა $4 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფული დახარჯა და, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით მცირე გაუმჯობესებას გაუსვამს ხაზს, როდესაც თვის ბოლოს მეორე კვარტლის ანგარიშს გამოაქვეყნებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Boeing-ის აქციებს?
Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $182.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $211.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 16-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Spotify
Spotify მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს ივლისის ბოლოს გამოაქვეყნებს და მოსალოდნელია, რომ ეს მისთვის ზედიზედ მეორე მომგებიანი კვარტალი იქნება. კომპანიამ ამის მიღწევა 2018 წლის შემდეგ ვერ მოახერხა.
მუსიკის სტრიმინგ კომპანია მომგებიანობას მრავალი კუთხით მიუახლოვდა. გასული წლის განმავლობაში მან სამ ცალკეულ შემთხვევაში გაათავისუფლა თანამშრომლები, მათ შორის დეკემბერში, როდესაც Spotify-ის სამუშაო ძალა 17%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შეინარჩუნა აქტიური მომხმარებლების რაოდენობის ორნიშნა პროცენტული მატება და ფასები გაზარდა.
უოლ სტრიტი ყურადღებით დააკვირდება Spotify-ის ყოველთვიურ აქტიურ მომხმარებელთა ზრდას იმის დასადგენად, თუ რამდენად კარგად ინარჩუნებს კომპანია გამომწერებს მიუხედავად მაღალი ფასებისა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Spotify-ის აქციებს?
Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $314.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $355.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $405.00-ს, ხოლო მინიმალური — $277.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 13.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.
[2] შეთანხმება საშუალებას იძლევა, შეჩერდეს სისხლისსამართლებრივი დევნა განსაზღვრული ვადით იმ პირობით, რომ ორგანიზაცია გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებს.