დადგინდა, რომ Apple-ის App Store ევროკავშირის (EU) ციფრული ბაზრების აქტს (DMA) არღვევს. ევროპელი მარეგულირებლების თქმით, ის ზედმეტად ზღუდავს დეველოპერების მომხმარებლებთან კომუნიკაციას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გადახდების App Store-ის ეკოსისტემის გარეთ განხორციელებას ეხება.
ტექნოლოგიური გიგანტი პირველი კომპანიაა, რომელსაც ბრალი წაუყენეს ახალი კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. ის ტექნოლოგიურ გიგანტებს ავალდებულებს, ხელი შეუწყონ კონკურენციას, მომხმარებელთა არჩევანს და ინოვაციას.
EU-ს გამოძიება
ორშაბათს ევროკომისიამ (ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო) განაცხადა, რომ თავისი გამოძიების წინასწარი დასკვნები გაუგზავნა Apple-ს, რაც კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, განიხილოს და უპასუხოს საკითხებს, რომლებიც კომისიის აზრით, DMA-ს არღვევს.
ევროკომისიის თქმით, Apple-ის სამი „საქმიანი პირობიდან“, რომლებიც არეგულირებენ კომპანიის ურთიერთობას აპლიკაციების დეველოპერებთან, არცერთი არ აძლევს მათ უფლებას, თავისუფლად „გაიყვანონ“ მომხმარებლები App Store-დან შესყიდვის განხორციელებისთვის.
„ჩვენი წინასწარი პოზიცია არის ის, რომ Apple სრულად არ უშვებს ამ შესაძლებლობას. თუმცა ეს საკვანძოა იმისთვის, რომ აპლიკაციის შემქმნელები ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული აპლიკაციების მაღაზიებზე და მომხმარებლებს ჰქონდეთ ინფორმაცია უკეთესი შეთავაზებების შესახებ“ — თქვა მარგრეტე ვესტაგერმა, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელმა.
მარტის ბოლოსთვის ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Apple, Meta Platforms და Google-ის მშობელი კომპანია — Alphabet ექვემდებარებიან გამოძიებას რამდენიმე საკითხზე, რომელიც მომხმარებელთა არჩევანთან და მონაცემებთან არის დაკავშირებული. ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ DMA-სთან შესაბამისობისთვის ცვლილებებს მარტის დასაწყისში განახორციელებდნენ. თუმცა, ევროკომისიაში გაჩნდა ეჭვი, რომ კომპანიებს საკმარისი ცვლილებები არ დაუნერგავთ.
Google-ის შემთხვევაში გამოძიების საგანს წარმოადგენს ის, რომ კომპანია, საძიებო სისტემაში, პოტენციურად, პრიორიტეტულად წარმოაჩენს საკუთარ სერვისებს, როგორებიც არის Google Shopping და Google Flights.
Meta-ს მიერ თავის პლატფორმებზე მომხმარებელთა მონაცემებისა და რეკლამების დამუშავების პრაქტიკა ასევე დაკვირვების ქვეშაა.
ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიების დასრულებას ერთი წლის ვადაში გეგმავდნენ და, შესაძლოა, კომპანიებს დაეკისროთ მნიშვნელოვანი ჯარიმები, თუ აღმოჩნდება, რომ ისინი DMA-ს არღვევენ. მარტის დასაწყისში ევროკავშირმა Apple უკვე დააჯარიმა დაახლოებით $2 მილიარდით.
გასულ წელს Meta, Apple, Alphabet, Amazon, Microsoft და TikTok-ის მშობელი — ByteDance გამოვლინდნენ, როგორც კომპანიები, რომლებიც კანონით უნდა დარეგულირებულიყვნენ. მათ მიეცათ ექვსთვიანი ვადა, რათა შეეცვალათ ბიზნესის ის ასპექტები, რომლებიც ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.
მოდით, ისევ Apple-ს დავუბრუნდეთ. თუ კომისიის წინასწარი დასკვნები დადასტურდება, მან შეიძლება გამოიტანოს შეუსრულებლობის გადაწყვეტილება 2025 წლის მარტისთვის, გამოძიების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, რამაც, შესაძლოა, Apple-ის დაჯარიმება გამოიწვიოს.
დამატებითი გამოძიება Apple-ის კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებით
ორშაბათის გადაწყვეტილება არ იქნება მარეგულირებელთან დაკავშირებული ბოლო თავის ტკივილი Apple-ისთვის. ევროკომისიამ განაცხადა, რომ ის ასევე იწყებს ახალ გამოძიებას იმ საკონტრაქტო პირობების შესახებ, რომლის ხელმოწერასაც Apple დეველოპერებს აიძულებს იმ შემთხვევაში, თუ მათ სურთ, მომხმარებლებს შესთავაზონ ალტერნატიული აპლიკაციების მაღაზია ან წვდომა სხვა ფუნქციებზე.
Apple-ის იმ მოთხოვნებს შორის, რომლებსაც დეველოპერები უნდა დაეთანხმონ, არის „ძირითადი ტექნოლოგიების საფასური“, რომელიც თითო აპლიკაციის ჩამოტვირთვის საფუძველზე გადაიხდება და კომისია იძიებს, არღვევს თუ არა ის კანონს.
გარდა ამისა, მარტში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ (DOJ) Apple-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა ბრალდებით, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა ანტიმონოპოლიური კანონები დაარღვია და შეერთებულ შტატებში სმარტფონების ბაზარზე კონკურენცია მონოპოლიით ჩაახშო.
იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, 16 შტატისა და რაიონის გენერალურმა პროკურორებმა ნიუ ჯერსის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი იმის შესახებ, რომ Apple-მა კონკურენციისა და iPhone-ის სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შეზღუდვით ამერიკელი მომხმარებლები და დეველოპერები დააზარალა. მათ ასევე განაცხადეს, რომ ტექნოლოგიური გიგანტი მომხმარებლებს, სხვადასხვა ანტიკონკურენტული ტაქტიკის საშუალებით, აიძულებს, მეტი ფული დახარჯონ Apple-ის პროდუქტებზე.
DOJ ამტკიცებს, რომ Apple ახორციელებდა კონტროლს იმაზე, თუ როგორ ურთიერთქმედებენ აპლიკაციები Apple-ის პროგრამულ უზრუნველყოფასთან და მომხმარებლებისთვის ხშირად ართულებდა ან აძვირებდა iPhone-თან ინტეგრირებულად არა-Apple სმარტ საათების გამოყენებას.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?
Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $210.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.