პარასკევს საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Spotify, Netflix, Spirit AeroSystems, Boeing და Sarepta Therapeutics.
Spotify
პარასკევს Spotify Technology-ის მენეჯმენტმა აშშ-ში ახალი იაფი სააბონენტო გეგმა დააანონსა.
აუდიო სტრიმინგის სერვისის კომპანიაში განაცხადეს, რომ Spotify-ის Basic სერვისი თვეში $10.99 ეღირება, გამომწერები კი მიიღებენ იმავე მუსიკას რეკლამის გარეშე, რაც ხელმისაწვდომია კომპანიის Premium ინდივიდუალური გეგმით. თუმცა ისინი ვერ ისარგებლებენ წვდომით აუდიოწიგნებზე.
Premium Individual ოფცია მომხმარებლებს თვეში 15 საათის ხანგრძლივობით აუდიოწიგნების მოსმენით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ Spotify-მ მიმდინარე თვის დასაწყისში გაზარდა ამ სერვისის ფასი $10.99-დან $11.99-მდე. გარდა ამისა, კომპანიამ Premium Duo გეგმის ღირებულება $14.99-დან $16.99-მდე გაზარდა, ხოლო Premium Family-ის ფასი — $16.99-დან $19.99-მდე. სტუდენტური პაკეტის ფასი უცვლელი — $5.99 — დარჩა.
გასულ კვირას, Bloomberg-მა განაცხადა, რომ Spotify გამოუშვებს ახალ „Supremium“ გეგმას ამ წლის ბოლოს, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს უკეთეს აუდიოს და ახალ გზებს, შექმნან ფლეილისტები და მართონ თავიანთი ბიბლიოთეკები. განახლება თვეში მინიმუმ $5 დოლარით მეტი ეღირება — ტარიფი დამოკიდებულია გამომწერის საბაზისო სერვისზე.
Spotify-ს მენეჯმენტის თქმით, ეს ნაბიჯი გადაიდგა ისე, რომ კომპანიას შესაძლებლობა მიეცეს, განაგრძოს ინვესტირება და ინოვაციები თავისი პროდუქტების მახასიათებლებში და მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება მოუტანოს. Spotify-ში აღნიშნეს, რომ Premium აბონენტები მომდევნო თვის განმავლობაში ელფოსტაზე მიიღებენ შეტყობინებას, რომელშიც აღწერილი იქნება ცვლილებები.
აპრილში Bloomberg-ში განაცხადეს, რომ Spotify-ის გამოწერის სერვისების ფასები გაიზრდებოდა აუდიოწიგნებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად. ამ უკანასკნელი პროდუქტის შეთავაზება კომპანიამ გასულ წელს დაიწყო.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Spotify-ის აქციებს?
Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $314.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $349.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $400.00-ს, ხოლო მინიმალური — $277.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spotify-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 26 ანალიტიკოსიდან 19-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Netflix
იმის ფონზე, რომ Disney, Comcast და გასართობი სხვა კონგლომერატები მუშაობენ Netflix-ის სტრიმინგ დომინანტობასთან კონკურენციის გასაწევად, ეს უკანასკნელი დგამს ნაბიჯებს ბიზნესის გაფართოებისთვის და კოლეგების მსგავსად გამოცდილების საკუთარ სივრცეებს ქმნის.
სამშაბათს Netflix-ის მენეჯმენტმა 2025 წლისთვის აშშ-ის ორ ქალაქში ახალი გასართობი სივრცეების გახსნა დააანონსა. Netflix House-ის გამოცდილება პირველად ხელმისაწვდომი გახდება King of Prussia-ში (პენსილვანია) და დალასში. შოპინგისა და სასადილოების გარდა, ამ უზარმაზარ სივრცეებში მომხმარებლები შეძლებენ ლაივ გამოცდილების მიღებას, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის სტრიმინგ ფრანჩაიზებთან, როგორებიც არის „Brigerton“, „Squid Game” და „Stranger Things“.
Netflix-ის ბიზნესის გაფართოება სტრიმინგ სერვისის მიღმა
Netflix-მა მთელი მსოფლიოს მასშტაბით შექმნა ათობით სხვა დროებითი გამოცდილება, რომელიც ეძღვნება სტრიმერის ყველაზე პოპულარულ შოუებს. მუდმივი Netflix House-ის საშუალებით კი კომპანია ზრდის ფსონს ცოცხალი გამოცდილების ბაზარზე.
„ვფიქრობ, ეს კარგი იდეაა, ადამიანებს გამოცდილება სურთ. ექსპერიმენტული ეკონომიკა ვითარდება“ — განაცხადა კინოთეატრების კანადური კომპანიის, IMAX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — რიჩარდ გელფონდმა CNBC-ისთან ინტერვიუში.
თუმცა მან თქვა, რომ Netflix-ს შეიძლება შეექმნას სირთულეები ახალი წამოწყებების გამოცდაში, რომლებიც არ არის მისი ძირითადი კომპეტენციების ნაწილი. რიჩარდის თქმით, საცალო ვაჭრობის, რესტორნებისა და სავაჭრო ოპერაციების გამართვა სტრიმინგ კომპანიის შექმნისგან განსხვავებულ უნარებს მოითხოვს.
Netflix House vs Disney-ის უნივერსალური პარკები
Netflix House-ს არ ექნება ატრაქციონები, როგორებიც Disney-ის ან Comcast-ის უნივერსალურ თემატურ პარკებს. თუმცა სტრიმერის ეს ნაბიჯი გვაფიქრებინებს, რომ Netflix-ს Disney-ისა და Comcast-ის გამოცდილებაზე დაფუძნებული შემოსავლების ნაკადების წარმატების გამეორება სურს.
საცალო ვაჭრობისა და რესტორნების ასპექტებით Netflix ტრადიციული თემატური პარკის გამოცდილების გარკვეულ ნაწილს ინარჩუნებს, მაგრამ თემატურ გამოცდილებას, გასართობი პარკის ძირითადი საშუალებების (მაგ. ატრაქციონები) ნაცვლად, საკუთარი შოუების ირგვლივ ქმნის. აღსანიშნავია, რომ Netflix House-ის ფართობის 100,000 კვადრატულ ფუტს გადააჭარბებს. შედარებისთვის, Disney-ის თემატური პარკების ზომა ასობით ჰექტარს მოიცავს.
ცოცხალ გამოცდილებაზე მოთხოვნა იზრდება
ბოლო კვარტლებში, Disney-ისა და Comcast-ის წარმომადგენლებმაც გამოთქვეს ოპტიმიზმი იმ მიღწევების შესახებ, რომლებიც მათ პარკებში დაფიქსირდა მზარდი მოთხოვნის ფონზე ისეთი გამოცდილებების მიმართ, როგორებიც არის კონცერტები და თემატური პარკები.
Disney-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ბობ იგერმა მარტში განაცხადა, რომ კომპანიის ზრდა კვარტალში ძირითადად განპირობებული იყო თემატური პარკებითა და კრუიზებით, ისევე როგორც სტრიმინგ პლატფორმებით.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის, Disney-ისა და Comcast-ის აქციებს?
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $686.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $659.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $800.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $102.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $129.04-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $145.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 26%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $38.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $47.02-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $55.00-ს, ხოლო მინიმალური — $34.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 15 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Spirit AeroSystems & Boeing
პარასკევს საჰაერო კოსმოსური ნაწილების მწარმოებლის — Spirit AeroSystems აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის Boeing-ის მიერ ხელახლა შესყიდვის გარიგებას უახლოვდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ეს უკანასკნელი, ბოლოდროინდელი პრობლემების ფონზე, ცდილობს მეტი კონტროლი მოიპოვოს თავისი მიწოდების ჯაჭვზე.
აღსანიშნავია, რომ Spirit მანამდე Boeing-ის ნაწილი იყო, სანამ თვითმფრინავების მწარმოებელი მას ცალკე კომპანიად აქცევდა და გაყიდდა. მათი პოტენციური გარიგების შესახებ სიახლემ ინდუსტრიაში გარკვეული რეაქციები გამოიწვია. Airbus-ის, Boeing-ის მთავარი კონკურენტის, წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაბლოკავენ ნებისმიერ გარიგებას, რომელიც Boeing-ის მიერ Airbus-ის ნაწილების წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების ნაწილის გაკონტროლებას გულისხმობს (Spirit ნაწილებს Airbus-ისთვისაც აწარმოებს).
Boeing-სა და Airbus-ს შორის მოლაპარაკებები პროგრესირებს
მხარეებმა წინ წაიწიეს მოლაპარაკებებში Spirit-ის ბიზნესის სამ ნაწილად დაყოფის თაობაზე, რაც Boeing-სა და Airbus-ს საშუალებას მისცემს, შეიძინონ Spirit-ის ბიზნესის ის მიმართულებები, რომლებიც თითოეული კომპანიის თვითმფრინავებს ნაწილებით ამარაგებს. დანარჩენი ოპერაციები შეიძლება ცალკე გაიყიდოს.
Boeing მოლაპარაკებებს Spirit-ის ხელახლა შესყიდვასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დასაწყისიდან აწარმოებს, იანვარში დაფიქსირებული ინციდენტისა და ამ მიზეზით დაწყებული გამოძიების ფონზე.
გარიგების დასრულების კონკრეტული ვადები ამჟამად ცნობილი არ არის, მაგრამ Reuters-ის თანახმად, ის შეიძლება რამდენიმე დღეში ან კვირებში დაიხუროს. Financial Times-ში კი დაიწერა, რომ შეიძლება გარიგების წარმატებით დასრულების შესახებ განცხადება მიმდინარე კვირაში გაკეთდეს.
რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა Boeing?
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში Boeing-ისთვის რამდენიმე ნეგატიური სიახლე გავრცელდა, დაწყებული 5 იანვარს მომხდარი ინციდენტით, როდესაც Alaska Airlines-ის რეისის დროს კარს საცობი მოძვრა. შემდგომმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ თვითმფრინავს ჭანჭიკები აკლდა.
გარდა ამისა, LATAM Airlines-ის რეისზე თვითმფრინავის დაშვებისას რამდენიმე მგზავრი დაზიანდა. პილოტმა კი განაცხადა, რომ სატერფულებს პრობლემა შეექმნა. ეს შემთხვევაც გამოძიების პროცესშია.
თვეების განმავლობაში ინციდენტებისა და გამოძიებების შემდეგ, Boeing-ის მენეჯმენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს აღმასრულებელი დირექტორი — დეივ კალჰუნი თანამდებობას დატოვებს. ამასთან, შეიცვლება Boeing-ის დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე და კომერციული თვითმფრინავების განყოფილების ხელმძღვანელი პენსიაზე გადის.
გარდა ამისა, New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) იძიებს პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ 787 Dreamliner-ის ფუზელაჟის ნაწილები არასწორად არის დამაგრებული და, შესაძლოა, ათასობით ფრენის შემდეგ დაიშალოს. Boeing-ის მენეჯმენტმა კი Times-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავებს საფრთხე არ ემუქრებათ.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Boeing-ისა და Spirit-ის აქციებს?
Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $176.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $213.70-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Spirit AeroSystems-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $33.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $31.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Spirit AeroSystems-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 5.8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 10 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Sarepta Therapeutics
პარასკევს Sarepta Therapeutics-ის აქციების ფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) დაუშვა ბიოტექნოლოგიური კომპანიის თერაპიის გაფართოებული გამოყენება ბავშვებში იშვიათი კუნთების დაავადებისთვის, რომელიც განსაკუთრებით ბიჭებს აწუხებს.
Sarepta Therapeutics-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის მედიკამენტი, Elevidys, დამტკიცდა პაციენტებისთვის, რომლებიც არიან მინიმუმ 4 წლის და განიცდიან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიას (DMD) გენის დადასტურებული მუტაციით.
Sarepta-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მარეგულირებლებმა გასცეს დაჩქარებული ნებართვა მათთვის, ვისაც არ შეუძლია სიარული და მუდმივი დამტკიცება შეიძლება დამოკიდებული იყოს კვლევით დადასტურებულ კლინიკურ სარგებელზე. მენეჯმენტის თქმით, ამ დადასტურების მიზნით მე-3 ფაზის კვლევა ამჟამად მიმდინარეობს.
FDA-მ დაჩქარებული ნებართვა 4 და 5 წლის ბავშვებისთვის გასცა გასულ წელს, მიუხედავად მისი ეფექტიანობის შესახებ გარკვეული კითხვებისა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Sarepta-ს აქციებს?
Sarepta Therapeutics-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $161.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $187.12-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $235.00-ს, ხოლო მინიმალური — $128.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sarepta Therapeutics-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 17 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.