გუშინ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ილონ მასკმა განაცხადა, რომ Dell Technologies და Super Micro Computer უზრუნველყოფენ აპარატურას მისი ხელოვნური ინტელექტის (AI) სტარტაპისთვის — xAI.
წლის დასაწყისიდან Dell-ის აქციების ფასი დაახლოებით 99%-ით არის გაუმჯობესებული, ხოლო Super Micro Computer-ის — 221%-ით.
Dell Technologies
ოთხშაბათს მასკმა X პლატფორმაზე (ყოფილი Twitter) დაწერა, რომ სუპერკომპიუტერისთვის, რომელსაც xAI ქმნის, სერვერის „თაროების“ ნახევარს Dell ააწყობს. მან ასევე ხაზი გაუსვა Supermicro-ს ჩართულობას.
გარდა ამისა, ოთხშაბათს Dell-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — მაიკლ დელმა X-ზე დაპოსტა, რომ კომპანია თანამშრომლობს ჩიპების მწარმოებელ Nvidia-სთან AI ქარხნის ასაშენებლად xAI-ს ჩეთბოტის — Grok-ისთვის.
ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ორიენტირებული ბიზნეს გამოცემის — The Information-ის თანახმად კი, მიმდინარე წლის დასაწყისში მასკმა ინვესტორებს განუცხადა, რომ xAI გეგმავს სუპერკომპიუტერის შექმნას 2025 წლის მეორე ნახევრისთვის Grok-ის მომავალი ვერსიების გასაძლიერებლად.
აპრილში მასკმა X Spaces-ის ინტერვიუში ნორვეგიის სიმდიდრის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან — ნიკოლაი ტანგენთან განაცხადა, რომ Grok 2-ის გაწვრთნისთვის Nvidia-ს დაახლოებით 20,000 H100 გრაფიკული დამუშავების ერთეული (GPU) იქნა გამოყენებული და დასძინა, რომ შემდგომ მოდელებს 100,000 ყველაზე მოთხოვნადი ჩიპი დასჭირდება.
მასკის ბოლოდროინდელი კომენტარები Dell-ის შესახებ, სავარაუდოდ, გაზრდის პოზიტიურ განწყობას ამ კომპანიის აქციების მიმართ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კვირის დასაწყისში Dell-მა ანალიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები მიიღო. Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა — ერიკ ვუდრინგმა გამოაქვეყნა კვლევითი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, ის მოელის, რომ მიმდინარე წელს Dell-ის აქციების ფასი განაგრძობს აღმასვლას ხელოვნური ინტელექტის (AI) ზრდის შედეგად გამოწვეული მოთხოვნის წყალობით. ერიკმა Dell-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ, მისი აზრით, Dell ინვესტორებისთვის ჯერ კიდევ კარგი საინვესტიციო შესაძლებლობაა. ამასთან, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა ტექნოლოგიური კომპანიის აქციების სამიზნე ფასი $155-მდე გაზარდა.
გარდა ამისა, Bank Of America-ში აღნიშნეს, რომ მეორე დონის ქლაუდ გამოთვლების მიმწოდებლებისგან და საწარმოებისგან Dell-ის AI-სერვერებზე ძლიერი მოთხოვნა გრძელდება.
Super Micro Computer
Supermicro უზრუნველყოფს სერვერებისა და შენახვის სისტემების კომპონენტებს მასიური მონაცემთა ცენტრების შესაქმნელად, რათა ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოთვლითი შესაძლებლობები სწრაფად გაფართოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად სასაქონლო ბიზნესია, ილონ მასკის თქმით, თავისი AI სტარტაპი საქმის დიდ ნაწილს სწორედ Supermicro-ს გადასცემს. მოსალოდნელია, რომ ეს ფაქტი კომპანიის აქციების ზრდას შეუწყობს ხელს.
ილონ მასკმა Grok-ის გამოშვებით ChatGPT გამოიწვია
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა Grok გასული წლის ნოემბერში გამოუშვა, როგორც გამოწვევა OpenAI-ის ჩეთბოტის — ChatGPT-ისთვის. გარდა ამისა, მარტში მასკმა Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილ ფირმას და მის აღმასრულებელ დირექტორს — სემ ალტმანს უჩივლა. იგი ამტკიცებდა, რომ დაირღვა OpenAI-ის დაფუძნებისას კომპანიაში ჩადებული მისია — დარწმუნება იმაში, რომ ხელოვნურ ინტელექტს სარგებელი მთელი კაცობრიობისთვის მოაქვს. თუმცა მასკმა სარჩელი გასულ კვირას გაიტანა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Dell-ისა და Supermicro-ს აქციებს?
Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $148.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $157.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $97.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $918.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,066-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,500-ს, ხოლო მინიმალური — $800.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.