გამომწერების რაოდენობის მიხედვით Netflix უკვე აშშ-ში ყველაზე დიდი კომპანიაა. გარდა ამისა, ის, რეკლამების საშუალებით, თითო მომხმარებელზე ყველაზე მეტ ფულს გამოიმუშავებს, თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს წლებში Netflilx-ის უპირატესობა, კონკურენტებთან შედარებით, შემცირდება.
მოსალოდნელია, რომ Netflix-ის შემოსავალი რეკლამით მხარდაჭერილი სერვისის თითო მომხმარებელზე მიმდინარე წელს $70.44-ს მიაღწევს. თუმცა ციფრული მარკეტინგის კვლევითი ფირმის — Emarketer-ის მონაცემების მიხედვით, 2026 წლისთვის ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, $59.67-მდე შემცირდება.
გასულ წელს, სტრიმინგის სერვისის პროვაიდერებმა, მათ შორის Netflix-მა და მისმა ზოგიერთმა კონკურენტმა, წამოიწყეს ან დააანონსეს ფასების ზრდა, ძირითადად, ურეკლამო ვარიანტებზე, იმ იმედით, რომ მომხმარებლები რეკლამით მხარდაჭერილ გეგმებზე ფოკუსირდებოდნენ. კონტენტის ბიბლიოთეკების შექმნისა და შენარჩუნების უფრო მაღალი ხარჯების, გამომწერების ზრდის ნელი ტემპებისა და ინფლაციის პირობებში, სტრიმერები სარეკლამო შემოსავლის გაზრდას ცდილობენ.
მოსალოდნელია რეკლამით მხარდაჭერილი სერვისებისგან მიღებული შემოსავლის შემცირება
Netflix, თავის მხრივ, გეგმავს, ფოკუსირდეს რეკლამით მხარდაჭერილი ბიზნესის განვითარებაზე. აპრილში მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით გამომწერების რაოდენობა წლიურად 65%-ით გაიზარდა.
ეს შეიძლება კარგი იყოს კომპანიისთვის, რადგან ის თითქმის ორჯერ მეტს გამოიმუშავებს ერთ მაყურებელზე, ვიდრე უახლოესი კონკურენტი — Hulu. თუმცა, Emarketer-ის მოხსენების თანახმად, აშშ-ში ამ უკანასკნელის რეკლამით მხარდაჭერილ სერვისს 6-ჯერ მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე Netflix-ს. Hulu სულ უფრო პოპულარულ ხდება, რადგან მისი მფლობელი — Walt Disney მომხმარებლებს სტრიმინგ პაკეტებს სთავაზობს.
თუმცა Emarketer-ში პროგნოზირებენ, რომ მომდევნო წლებში როგორც Hulu, ისე Netflix, სავარაუდოდ გამოიმუშავებენ ნაკლებ ფულს რეკლამით მხარდაჭერილი სერვისის გამომწერებზე. EMarketer-ის წარმომადგენლებს არ განუმარტავთ, რას ეფუძნება ეს მოსაზრება.
ალტერნატიულად, მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაიზრდება იმ კომპანიების შემოსავლები, რომლებიც რეკლამით მხარდაჭერილი სერვისის თითო მომხმარებელზე ყველაზე ნაკლებ ფულს გამოიმუშავებენ. Emarketer-ში მოელიან, რომ ამ პერიოდის განმავლობაში გაზრდილ შემოსავალს დააფიქსირებენ Max, Peacock და Paramount+.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $611.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $637.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $765.00-ს, ხოლო მინიმალური — $425.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 40 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.