დღეს ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო შოუ Computex-ზე Intel-ის მენეჯმენტმა წარადგინა უახლესი პროცესორები, Xeon 6 მონაცემთა ცენტრების ჩიპები. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ეს ახალი პროდუქტები Intel-ს საშუალებას მისცემს, AI მონაცემთა ცენტრების მზარდ ბაზარზე დაკარგული წილი დაიბრუნოს.
Intel-ის შემდეგი თაობის ჩიპები ორი ტიპისაა: მძლავრი პროცესორი, რომელიც უფრო დიდი AI ინფრასტრუქტურის მოთხოვნების დატვირთვას გაუმკლავდება და ეფექტიანი მოდელი, რომელიც კომპანიის მიერ წინა თაობის ჩიპების შემცვლელად არის პოზიციონირებული.
Intel-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ „ეფექტიან“ ჩიპს დასჭირდება დაახლოებით 67%-ით ნაკლები სერვერის თაროები, რაც მას შესაფერისს გახდის ვებგვერდების ჰოსტინგისთვის, მედიისთვის და მონაცემთა ბაზის გამოთვლებისთვის. „მარტივად რომ ვთქვათ, წარმადობა იზრდება, ხოლო საჭირო სიმძლავრე მცირდება“ — განაცხადა Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტ გელსინგერმა ღონისძიებაზე.
უფრო მაღალი სიმძლავრის ჩიპი ხელმისაწვდომი გახდება მესამე კვარტალში
Intel-ის მენეჯმენტის თქმით, ეფექტიანი Xeon ჩიპი დღეიდანვე იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა უფრო მაღალი სიმძლავრის პროცესორი ბაზარს მიმდინარე წლის მესამე კვარტლამდე არ მიეწოდება. ამასთან, კომპანია ჩიპების განმეორებით გამოშვებას 2025 წელს გეგმავს.
ჩიპების მწარმოებლის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ კომპანიის Gaudi 3 აქსელერატორების ნაკრები, რომელშიც რვა Xeon 6 ჩიპია განთავსებული, დაახლოებით $125,000-ად გაიყიდება. ეს ბევრად იაფია, ვიდრე Nvidia-ს კონკურენტი პროდუქტი — HGX სერვერული სისტემა რვა H100 AI ჩიპით, რომელიც, პერსონალური სერვერის გამყიდველ Thinkmate-ის მიხედვით, შეიძლება $300,000-ზე მეტი ღირდეს.
Intel, რომელიც საკუთარ პროცესორებს აწარმოებს, იმედოვნებს, რომ კონკურენტუნარიანი ჩიპები მას დაეხმარება ბაზრის წილის დაბრუნებაში, რომელიც გასული წლის განმავლობაში წარმოების რამდენიმე გამოწვევის გამო დაკარგა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Intel-ის გაყიდვები წელს მხოლოდ 2.8%-ით გაიზრდება. ამის საპირისპიროდ, უოლ სტრიტზე მიიჩნევენ, რომ იმავე პერიოდში Nvidia-სა და Advanced Micro Devices-ის (AMD) გაყიდვები, შესაბამისად, 97.5%-ით და 12.6%-ით გაუმჯობესდება.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Intel-ის აქციებს?
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $30.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $37.87-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $68.00-ს, ხოლო მინიმალური — $17.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 17.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 32 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 26-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Intel-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.