გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Dell Technologies, Gap, Birkenstock და C3.ai.
Dell Technologies
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Dell Technologies-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა, რაც გამოწვეული იყო ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვერებზე მოთხოვნის ზრდით. თუმცა „after-hours”1 ვაჭრობაში ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი თითქმის 18%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 127%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2025 წლის პირველ კვარტალში Dell Technologies-ის შემოსავალი წლიურად 6%-ით — $22.24 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $21.65 მილიარდი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $955 მილიონს მიაღწია, ანუ კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) $1.32 შეადგინა, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $0.57-ს. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $1.27 შეადგინა (პროგნოზი — $1.25).
მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლისა და მოგების მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა, Dell-ის მენეჯმენტმა საოპერაციო შემოსავლის ორნიშნა პროცენტული კლების შესახებ განაცხადა. ამ მაჩვენებელმა წლიურად 14%-ით დაიკლო და $920 მილიონი შეადგინა.
გასულ კვარტალში, ხელოვნური ინტელექტის იმპულსმა Dell-ის აქციების ფასი გაიზარდა კომპანიის კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების კვალდაკვალ. ტექნოლოგიური კომპანიის საოპერაციო დირექტორმა მაშინ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე ოპტიმიზებული ჩვენი სერვერის ძლიერი იმპულსი გრძელდება, შეკვეთები თანმიმდევრულად იზრდება. პოტენციური AI შესაძლებლობების გამოყენება ახლა დავიწყეთ და გვჯერა, რომ Dell, თავისი ფართო პორტფელით, შესანიშნავად არის ბაზარზე პოზიციონირებული, რათა მომხმარებლებს დაეხმაროს, შექმნან GenAI გადაწყვეტილებები, რომლებიც აკმაყოფილებს წარმადობის, ღირებულებისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს“.
Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $170.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $146.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $185.00-ს, ხოლო მინიმალური — $98.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Dell Technologies-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Gap
გუშინ, ბაზრის დახურვის შემდეგ, Gap-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და მთელი წლისთვის პროგნოზები გაზარდა. „After-hours” ვაჭრობაში კი ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასი 24%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 8%-ით არის გაუმჯობესებული.
სამთვიანი პერიოდისთვის, რომელიც 4 მაისს დასრულდა, Gap-ის შემოსავალი წლიურად 3%-ით — $3.4 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $3.28 მილიარდს. მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე კი $0.41-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.14).
გასულ კვარტალში Gap-ის ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები2 წლიურად 3%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, წინა წლის იმავე კვარტალში ამ მაჩვენებელმა წლიურად 4%-ით დაიკლო. აღდგენა განპირობებული იყო გაყიდვების გაუმჯობესებით საცალო ვაჭრობის ოთხივე ბრენდში: Old Navy, Gap, Banana Republic და Athleta.
რაც შეეხება მომავალს, Gap-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მთელი წლის განმავლობაში წმინდა გაყიდვები ოდნავ გაიზრდება (ძველი პროგნოზი — ამ მაჩვენებლის უცვლელად შენარჩუნება). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ საოპერაციო შემოსავალი დაახლოებით 40%-ით მოიმატებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ძველ პროგნოზს — 13%-19%-იან ზრდას.
Gap-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $22.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 14 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $23.82-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $32.00-ს, ხოლო მინიმალური — $15.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Gap-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 14 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Birkenstock
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Birkenstock-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ფეხსაცმელების კომპანიის აქციების ფასმა თითქმის 12%-ით მოიმატა და ისტორიულ მაქსიმუმს მიღწია. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის გაუმჯობესებული.
Birkenstock-ს აშკარად არ აქვს მოთხოვნის პრობლემა, რაც წამახალისებელია ფეხსაცმლის კომპანიისთვის, რომელიც უკვე 250 წელია ფუნქციონირებს. ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში Birkenstock-ის შემოსავალი წლიურად 22%-ით, რეკორდულ ნიშნულამდე, $521.17 მილიონამდე გაიზარდა, რამაც ანალიტიკოსების პროგნოზს $19.60 მილიონით გადააჭარბა. მოგებამ თითო აქციაზე კი $0.41-ს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $0.32-ს.
გარდა ამისა, გასულ კვარტალში Birkenstock-ის მთლიანი მოგების მარჟამ 56% შეადგინა, რაც ჩამოუვარდება წინა წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ მაჩვენებელს — 60%-ს. თუმცა მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პრობლემა დროებითია და საშუალოვადიან პერსპექტივაში 60%-იანი მარჟის დაფიქსირებას მოელის.
სავარაუდოდ, ინვესტორები ყველაზე მეტად არიან აღფრთოვანებულნი Birkenstock-ის სრული წლის პერსპექტივით. მენეჯმენტი ადრე მოელოდა, რომ წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 17%-18%-ით გაიზრდებოდა, თუმცა ახლა პროგნოზი 19%-მდე გაზარდა.
Birkenstock-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $56.28-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $44.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Birkenstock-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 1%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
C3.ai
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, C3.ai-მ მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. გუშინ კი საწარმოების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 19%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1%-ით არის დაკლებული.
C3.ai გახდა ადრეული გამარჯვებული ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე და გასული წლის დასაწყისში კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა. თუმცა შემდეგ ის პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რადგან აჩვენა ნელი ზრდა და დიდი დანაკარგები, მიუხედავად მენეჯმენტის დიდი დაპირებებისა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობის კაპიტალიზაციის შესახებ.
ფისკალური 2024 წლის მეოთხე კვარტალში გამოწერაზე დაფუძნებული შემოსავალი წლიურად 41%-ით გაუმჯობესდა. მთლიანი შემოსავალი კი 20%-ით — $86.6 მილიონამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $84.4 მილიონს.
C3.ai-ის კვარტალურმა ზარალმა თითო აქციაზე კი $0.11 შეადგინა, რაც ასევე უკეთესია უოლ სტრიტის პროგნოზზე — -$0.30-ზე.
რაც შეეხება მომავალს, C3.ai-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2025 წლის განმავლობაში მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 23%-ით გაიზრდება და $370-$395 მილიონს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $367.5 მილიონს.
AI პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის წარმომადგენლები ასევე მოელიან, რომ კორექტირებული ზარალი ოპერაციებიდან $95-$125 მილიონს შეადგენს. შედარებისთვის, ფისკალურ 2024 წელს ამ მაჩვენებელმა $94.8 მილიონს მიაღწია.
C3.ai-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $29.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $31.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $40.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი C3.ai-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 9.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 12 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 3-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.
[2] Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს.