გუშინ Reuters გაავრცელა ინფორმაცია, რომ Amazon-ის ქლაუდ გამოთვლითი ჯგუფი — Amazon Web Services (AWS), მოლაპარაკებას აწარმოებს იტალიასთან მილიარდობით ევროს ინვესტირების თაობაზე. ამ პოტენციური ინვესტიციის მიზანია, გააძლიეროს მონაცემთა ცენტრების ბიზნესი ქვეყანაში იმის ფონზე, რომ კომპანია ევროპაში საქმიანობის გაფართოებას განაგრძობს.
Reuter-ის თქმით, დისკუსიები ინვესტიციის ზომასა და ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით გრძელდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, AWS თავისი მიმდინარე ოპერაციების გაფართოებას ან მილანში ახალი ობიექტების აშენებას გეგმავს.
AWS-მა, რომლის იტალიელ კლიენტებს შორისაა ძვირადღირებული სპორტული მანქანების მწარმოებელი — Ferrari და ევროპული სადაზღვევო გიგანტი — Assicurazioni Generali, იტალიაში მოქმედება 2020 წელს დაიწყო. ეს იყო უფრო დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც 2029 წლისთვის ქვეყანაში 2 მილიარდი ევროს ინვესტირებას გულისხმობს. იმ დროს, AWS-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ინვესტიცია იტალიურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, გამოიყენონ მოწინავე ტექნოლოგიები, როგორებიც არის ანალიტიკა, ხელოვნური ინტელექტი (AI), მონაცემთა ბაზები და ნივთების ინტერნეტი (IoT).
Amazon-ის ევროპაში მოღვაწეობის შესახებ საუბრისას აღსანიშნავია, რომ AWS-მა ახლახან დააბანდა 15.7 მილიარდი ევრო ესპანეთში მონაცემთა ცენტრების გაფართოებისთვის. კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე პირობა დადეს, რომ 7.8 მილიარდი ევროს მოცულობის ინვესტიციას ჩადებენ გერმანიაში, ქლაუდ სეგმენტის მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ Amazon იტალიაში, სავარაუდოდ, მილიარდობით ევროს დააბანდებს, Reuters-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ კომპანია ამ ქვეყანაში, ესპანეთთან შედარებით, უფრო მცირე თანხას დააბანდებს.
გარდა ამისა, AWS-მა გააძლიერა ძალისხმევა ევროპის მასშტაბით ტელეკომის კომპანიების მომხმარებლებზე ფოკუსირებისთვის. კომპანიამ ახლახან დადო ხელშეკრულება გერმანულ Telefonica Deutschland-თან.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $181.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $220.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $246.00-ს, ხოლო მინიმალური — $200.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას გულისხმობს.
Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.