პარასკევს საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Tesla, Booz Allen Hamilton, Workday და Magnite.
Tesla
Reuters-ის ცნობით, Tesla-მ, ჩინეთში თავის ელექტრომობილებზე (EV) მოთხოვნის შემცირების ფონზე, შანხაის ქარხანაში კომპანიის ყველაზე გაყიდვადი Model Y-ის წარმოება შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ქვეყანაში Tesla-სა და ადგილობრივ კონკურენტებს შორის საფასო ომი დაიწყო.
Reuters-მა, გაურკვეველ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ შანხაის ქარხანაში, Tesla-ს უმსხვილეს საწარმოო ცენტრში, მარტიდან ივნისამდე მოდელი Y-ის წარმოების მინიმუმ 20%-ით შემცირება იგეგმებოდა.
ამავდროულად, როგორც ჩანს, ჩინეთის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (CAAM) ბოლო მონაცემები ამ ინფორმაციას ადასტურებს. აპრილში Tesla-მ 36,610 Model Y ელექტრომობილი გამოუშვა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 33%-ით ჩამოუვარდება.
გავრცელებული ინფორმაციით, Tesla-მ შანხაის ქარხანაში წარმოება მარტში შეანელა, რადგან ელექტრომობილების ბაზრის ზრდა შემცირდა.
ჩინეთი, აშშ-ის შემდეგ, Tesla-სთვის სიდიდით მეორე ბაზარია. გავრცელებული ინფორმაციით, გასულ თვეში, Tesla-მ მოიპოვა საცდელი ნებართვა ჩინეთში კომპანიის სრული თვითმართვის (FSD) სისტემის დასანერგად.
ადგილობრივ ბაზარზე პროგრამული უზრუნველყოფა Tesla-სთვის უკვე შემოსავლის წყაროდ იქცა — ბევრი მომხმარებელი მასში ყოველთვიურ გადასახადს იხდის. FSD-ის ჩინეთში დანერგვამ კი შეიძლება კომპანიის შემოსავალი და მოგების მარჟა გააუმჯობესოს.
„FSD-ის დამტკიცება ჩინეთის საკვანძო ბაზარზე არის გადამწყვეტი მომენტი Tesla-ს ისტორიისთვის“ — წერენ Wedbush-ის ანალიტიკოსები.
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $179.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 32 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $174.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $22.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 2.6%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 32 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 14-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Booz Allen Hamilton
პარასკევს, ბაზრის გახსნამდე, Booz Allen Hamilton-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამთავრობო IT (ინფორმაციული ტექნოლოგია) სპეციალისტის აქციების ფასი 4%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ით არის გაუმჯობესებული.
Booz Allen უზრუნველყოფს უამრავ ტექნოლოგიურ მომსახურებას სამთავრობო და კერძო სექტორის მომხმარებლებისთვის, მნიშვნელოვანი აქცენტით თავდაცვისა და დაზვერვის ბაზრებზე.
ფისკალურ მეოთხე კვარტალში Booz Allen-ის შემოსავალი წლიურად 14%-ით — $2.77 მილიარდამდე გაიზარდა, რამაც გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $2.72 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 287%-ით მოიმატა და $1.33-ს მიაღწია (პროგნოზი — $1.23).
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გასული წლის განმავლობაში Booz Allen-მა თანამშრომლების რაოდენობა 7.4%-ით გაზარდა, რაც კომპანიისთვის დადებითი მოვლენაა. მთლიანი მოგების მარჟამ კვარტალში 54.7%-ს მიაღწია.
რაც შეეხება მომავალს, Booz Allen-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური წლის განმავლობაში ოპერაციებიდან გამომუშავებული წმინდა ნაღდი ფული $825-$925 მილიონს მიაღწევს, ხოლო EPS — $5.80-$6.05-ს. ამ დიაპაზონების შუა წერტილები კი უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს შეესაბამება.
Booz Allen Hamilton-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $158.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $163.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $180.00-ს, ხოლო მინიმალური — $135.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Booz Allen Hamilton-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 3 ანალიტიკოსიდან 2-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Workday
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Workday-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ადამიანური რესურსების პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი 15%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის დაკლებული.
2024 წლის პირველ კვარტალში Workday-ის შემოსავალმა წლიურად 18.1%-ით მოიმატა და $1.99 მილიარდს მიაღწია, რაც ოდნავ აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.97 მილიარდს. გამოწერის სერვისებიდან მიღებული შემოსავალი კი კიდევ უფრო მეტად — 18.8%-ით გაიზარდა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) $1.74 შეადგინა, რაც ასევე აჭარბებს უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.58-ს.
თუმცა ყველა სიახლე პოზიტიური არ ყოფილა. ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კომპანიის EPS-მა მხოლოდ $0.40 შეადგინა.
როგორც ჩანს, ინვესტორებზე განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ Workday-ის გამოწერის სერვისის სამუშაოების რეზერვის რაოდენობა მხოლოდ 17.9%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ შეიძლება მომავალში შემოსავლების ზრდა შენელდეს. ეჭვები დადასტურდა, როდესაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ წელს გამოწერის სერვისის შემოსავალი მხოლოდ 17%-ით — $7.7 მილიარდამდე გაიზრდება.
Workday-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $221.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 30 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $291.36-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $352.00-ს, ხოლო მინიმალური — $240.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Workday-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან გაუმჯობესებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 30 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Magnite
პარასკევს, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, ციფრული სარეკლამო პლატფორმის — Magnite-ის აქციების ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა. მაგრამ ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა ბოლო დღეებში გავრცელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც შეიძლება ბევრი ინვესტორისთვის შეუმჩნევლად დარჩენილიყო.
წლის დასაწყისიდან Magnite-ის აქციების ფასი დაახლოებით 37%-ით არის გაუმჯობესებული.
Bank of America-ს ანალიტიკოსმა — ომარ დესუკიმ Magnite აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას გაუსვა ხაზი. ორი კვირის წინ Netflix-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მის განვითარებად პროგრამულ სარეკლამო სტრატეგიაში Magnite მთავარი პარტნიორი იქნება.
გასულ კვირაში კი Magnite-ში განაცხადეს, რომ კომპანიამ თანამშრომლობა წამოიწყო Shopsense AI-თან. შესაძლოა ეს ფირმა ცნობილი არ იყოს, მაგრამ მის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს Paramount Global.
ამასთან, Magnite-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები. ამ პერიოდში კომპანიის შემოსავალმა $149.3 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $124.3 მილიონი), ხოლო EPS-მა — $0.05 (პროგნოზი — $0.01).
Magnite-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი $13.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.21-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $18.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Magnite-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 21%-იან ზრდას გულისხმობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.