ბრიტანულ-ამერიკული აქტივების მართვის გლობალური ჯგუფის — Janus Henderson-ის Global Dividend Index-ის მიხედვით, 2024 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში დივიდენდების ზრდა დაჩქარდა — ამერიკული საჯარო კომპანიების მიერ გაცემულმა დივიდენდებმა რეკორდულ ნიშნულს, $164.3 მილიარდს მიაღწია. ეს მაჩვენებელი, გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, 7%-ით არის გაუმჯობესებული.
გარდა ამისა, რეკორდი დამყარდა გლობალური მასშტაბითაც — დროის იმავე მონაკვეთში მთელი მსოფლიოს კომპანიების მიერ გაცემულმა დივიდენდებმა $339.2 მილიარდს მიაღწია, რაც წლიურად 6.8%-იან ზრდას წარმოადგენს.
ეს მაჩვენებლები არ მოიცავს რაიმე სპეციალურ ან ერთჯერად დივიდენდებს.
თუ აშშ-ის შემთხვევაში გავითვალისწინებთ ისეთ მოვლენებს, როგორებიც არის ძლიერი კვარტალური გაყიდვების შემდეგ Costco-ს მიერ აქციონერების დაჯილდოება და Ford Motor-ის ერთჯერადი $0.18-ის ოდენობით სპეციალური დივიდენდები, გამოვა, რომ პირველ კვარტალში ამერიკული კომპანიების მიერ გაცემული დივიდენდები წლიურად 7.9%-ით გაუმჯობესდა.
დივიდენდების ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის პირველ მეოთხედში ამერიკული საჯარო კომპანიების 97%-მა წლიურად გაზარდა დივიდენდები ან ისინი უცვლელად შეინარჩუნა. Janus Henderson-ის წარმომადგენლების თქმით კი, ამ მიმართულებით რამდენიმე კომპანია გამოირჩეოდა.
ჯამურ მაჩვენებელში Meta Platforms-მა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა თავისი პირველი დივიდენდებით. გასულ კვარტალში სოციალური მედიის კომპანიამ დივიდენდების სახით აქციონერებზე $1.1 გასცა, რაც მისი აქციების გამოსყიდვის პროგრამის მხოლოდ მეხუთედს შეადგენს. თუმცა ეს თანხა საკმარისი აღმოჩნდა დივიდენდების ზრდის საერთო მაჩვენებელში პროცენტული პუნქტის ორი მესამედის ტოლი წვლილის შესატანად.
საკომუნიკაციო ფირმა T-Mobile-მა პირველი დივიდენდი გასული წლის დეკემბერში გადაიხადა, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი გადახდა პირველ კვარტალში. კომპანიამ ზრდის საერთო მაჩვენებელში დაახლოებით ნახევარი პროცენტული პუნქტის ოდენობით წვლილი შეიტანა.
Walt Disney-ის მდგომარეობა კი საბოლოოდ გაუმჯობესდა და პანდემიური სისუსტის შემდეგ პირველ კვარტალში კომპანიამ დივიდენდები დაბრუნება. ამას ხელი Disney-ის სტრიმინგ განყოფილებაში მოულოდნელი მოგების დაფიქსირებამ შეუწყო.
2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, Novartis, Microsoft, Costco, Apple და Novo Nodisk მსოფლიოს უმსხვილეს დივიდენდების გადამხდელ კომპანიებს შორის არიან.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Meta Platforms-ის, T-Mobile-ისა და Disney-ის აქციებს?
Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $466.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $522.95-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $593.00-ს, ხოლო მინიმალური — $360.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Meta Platforms-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 12.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 42 ანალიტიკოსიდან 37-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
T-Mobile-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი $165.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $188.15-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $202.00-ს, ხოლო მინიმალური — $175.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი T-Mobile-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14%-იან ზრდას გულისხმობს.
Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $101.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 25 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $129.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $145.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Disney-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 28.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 25 ანალიტიკოსიდან 20-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.