შესაძლოა, ჩინეთმა ავტომობილების იმპორტზე ტარიფები გაზარდოს. ეს სიახლე ვრცელდება მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა — ჯო ბაიდენმა ჩინურ ელექტრომობილებზე (EV) უფრო მაღალი ტარიფები დააწესა.
ბრიუსელში დაფუძნებული ჩინეთის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვეს, რომ, ინსაიდერების ინფორმაციით, შეიძლება პეკინმა განიხილოს დროებითი დამატებითი ტარიფების დაწესება იმპორტირებულ ავტომობილებზე, რომლებიც დიდი მოცულობის ძრავებით არის აღჭურვილი.
„ეს პოტენციური ქმედება გავლენას იქონიებს ევროპული და ამერიკული ავტომწარმოებლებზე, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე, როგორებიც არის აშშ-ის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება და ბრიუსელის გამოძიება ჩინურ EV-ებთან დაკავშირებით“ — ნათქვამია ჩინეთის სავაჭრო პალატის განცხადებაში.
პოტენციური 25%-იანი ტარიფი ავტომობილების იმპორტზე
ჩინეთის სავაჭრო პალატამ სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ გაზეთთან — Global Times — ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჩინეთის დროებითი სატარიფო განაკვეთი იმპორტირებულ მანქანებზე შეიძლება მაქსიმუმ 25%-მდე გაიზარდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, პეკინი აძლიერებს შურისძიების მუქარას, რადგან ევროკავშირის მიერ ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფების დაწესების ვადაც ახლოვდება.
აშშ-ის გადაწყვეტილება
ჩინეთის პოტენციური ნაბიჯი ასევე მიზნად ისახავს პასუხის გაცემას შეერთებული შტატების მიერ ბოლო დროს დადგენილ ტარიფებზე. გასულ კვირას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დააწესა ყოვლისმომცველი ტარიფები ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის დიდ ნაწილზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმის ფონზე, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები ჩინეთს წარმოების გადაჭარბებულ სიმძლავრეში ადანაშაულებენ.
ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 2024 წელს ფოლადისა და ალუმინის გარკვეული პროდუქციაზე ტარიფის განაკვეთი 0%-7.5%-დან 25%-მდე გაიზრდება; 2025 წლისთვის ნახევარგამტარებზე ეს მაჩვენებელი 25%-დან 50%-მდე მოიმატებს; ხოლო წელს ელექტრომობილებზე განაკვეთი 25%-დან 100%-მდე გაიზრდება.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს 7.5%-დან 25%-მდე მოიმატებს სატარიფო განაკვეთი ლითიუმ-იონური ელექტრო ბატარეებისა და მათი ნაწილების იმპორტზე. მზის ელემენტების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 25%-დან 50%-მდე გაიზრდება.
აშშ-ის ძალისხმევა კრიტიკულ ინდუსტრიებში შიდა წარმოების ხელშეწყობისთვის
ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო თვეებში მილიარდობით დოლარს ხარჯავს კრიტიკულ ინდუსტრიებში შიდა წარმოების ხელშეწყობის მიზნით, რადგან ის ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის მზარდ დომინირებას ბევრ სფეროში.
ქვეყანამ 2022 წელს მიიღო CHIPS and Science აქტი, რომელმაც აშშ-ში ჩიპების წარმოების მხარდასაჭერად ამერიკის ისტორიაში უმსხვილესი საჯაროდ დაფინანსებული R&D (კვლევა და განვითარება) პროგრამა შექმნა სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ამ აქტის ფარგლებში $50 მილიარდზე მეტი გამოიყო აშშ-ში ნახევარგამტარების კვლევისა და წარმოების ობიექტების ასაშენებლად.