ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Applied Materials-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი თითქმის 1%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 37%-ით არის გაუმჯობესებული.
Applied Materials არის გლობალური ლიდერი მასალების საინჟინრო გადაწყვეტების სფეროში. ფისკალური 2024 წლის მეორე კვარტალში, რომელიც 16 მაისს დასრულდა, კომპანიის შემოსავალი წლიურად 0.3%-ით — $6.65 მილიარდამდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა მენეჯმენტის პროგნოზს — $6.5 მილიარდს. კორექტირებულმა მოგებამ თითო განზავებულ აქციაზე (EPS) კი $2.09-ს მიაღწია, რაც ასევე აღემატება მოლოდინს — $1.79-$2.15-ს.
მაჩვენებელი | 2024 წლის II კვ. | მენეჯმენტის პროგნოზი | 2023 წლის II კვ. | წლიური ცვლილება |
---|---|---|---|---|
შემოსავალი | $6.65 მილიარდი | $6.5 მილიარდი | $6.63 მილიარდი | 0.3% |
კორექტირებული EPS | $2.09 | $1.79-$2.15 | $2.00 | 4.5% |
მთლიანი მოგების მარჟა | 47.4% | არ არის ცნობილი | 46.7% | 0.7 პროცენტული პუნქტი |
საოპერაციო მარჟა | 28.8% | არ არის ცნობილი | 28.8% | უცვლელი |
წმინდა მოგება | $1.72 მილიარდი | არ არის ცნობილი | $1.58 მილიარდი | 9% |
Applied Materials-ის შესახებ
Applied Materials სპეციალიზებულია მასალების საინჟინრო გადაწყვეტებში, რომლებიც მსოფლიოში თითქმის ყველა ახალი ჩიპის და მოწინავე ეკრანის წარმოებისთვის გამოიყენება. კომპანიის სეგმენტებში შედის ნახევარგამტარული სისტემები, გამოყენებითი გლობალური სერვისები (AGS), ეკრანებისა და სხვა მომიჯნავე ბაზრები. ნახევარგამტარული და ეკრანების ტექნოლოგიებში ინოვაციის უნარი Applied Materials-ს საკვანძო მოთამაშედ აქცევს ტექნოლოგიური ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვში.
ბოლო დროს კომპანიამ ყურადღება გაამახვილა მოწინავე მეხსიერებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციებზე, რამაც მის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. წარმატების ძირითადი ფაქტორები მოიცავს ტექნოლოგიურ წინსვლას, კლიენტებთან ძლიერ ურთიერთობას და სერვისების მძლავრ სეგმენტს, რომელიც შემოსავლების ნაკადებს ასტაბილურებს.
მეორე კვარტლის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები
კვარტალი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ფინანსური და საოპერაციო მიღწევებით, ამასთან გარკვეული გამოწვევებით. ქვემოთ კი მოცემულია დეტალური მიმოხილვა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.
ნახევარგამტარული სისტემების წარმადობა
სეგმენტმა გამოიმუშავა $4.9 მილიარდის ოდენობით შემოსავალი, რაც წლიურად ოდნავ შემცირდა.
საოპერაციო მარჟები ოდნავ გაუმჯობესდა — 34.5%-დან 34.7%-მდე.
შესამჩნევი ცვლილება დაფიქსირდა ქვესეგმენტის მოთხოვნაში — DRAM-ის (dynamic random access memory) გაყიდვებმა მთლიანი სეგმენტის შემოსავლის 32%-ს მიაღწია (11%-დან).
გამოყენებითი გლობალური სერვისები (AGS)
გასულ კვარტალში შემოსავალი წლიურად დაახლოებით 7%-ით — $1.53 მილიარდამდე გაიზარდა.
საოპერაციო მარჟები 26.9%-დან 28.5%-მდე გაუმჯობესდა, რაც ასახავს ძლიერ მოთხოვნას მომსახურებაზე და საოპერაციო ეფექტიანობას.
ეკრანების და სხვა მომიჯნავე ბაზრები
ამ სეგმენტის შემოსავალი წლიურად დაახლოებით 6.5%-ით — $179 მილიონამდე გაიზარდა.
საოპერაციო მარჟები მკვეთრად — 9.5%-დან 2.8%-მდე შემცირდა, რაც ხარჯების პოტენციურ ზეწოლაზე მიუთითებს.
FCF და დივიდენდები
კორექტირებული თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (FCF) წლიურად მკვეთრად — 44%-ით დაიკლო და $1.14 მილიარდი შეადგინა.
Applied Materials-მა აქციონერებზე $1.09 მილიარდი გაანაწილა — $820 მილიონი აქციების გამოსყიდვის, ხოლო $266 მილიონი დივიდენდების საშუალებით.
მომავლის პროგნოზები
რაც შეეხება მომავალს, Applied Materials-ის მენეჯმენტი მოელის, რომ ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტალში შემოსავალი დაახლოებით $6.65 მილიარდს შეადგენს (+- $400 მილიონი). კომპანიაში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS $1.83-$2.19-ს მიაღწევს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Applied Materials-ის აქციებს?
Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $212.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $236.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $260.00-ს, ხოლო მინიმალური — $165.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Applied Materials-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.3%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Applied Materials-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.