გუშინ, „After-hours”1 ვაჭრობაში Reddit-ის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა OpenAI-სთან პარტნიორობა დააანონსა. ეს თანამშრომლობა ChatGPT-ის შემქმნელს საშუალებას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელები სოციალური ქსელის კონტენტის გამოყენებით გაწვრთნას.
OpenAI-ს ექნება საშუალება, გამოიყენოს Reddit-ის აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისი (API), რომელიც უზრუნველყოფს წვდომას რეალური დროის, სტრუქტურირებულ და უნიკალურ კონტენტზე. სანაცვლოდ, Reddit-ის მომხმარებლები და მოდერატორები OpenAI-ზე დაფუძნებული გარკვეული ფუნქციების გამოყენებას შეძლებენ. გარდა ამისა, OpenAI Reddit-ის სარეკლამო პარტნიორი გახდება.
„Reddit იქცა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღია არქივად ინტერნეტში ავთენტური, შესაბამისი, მუდმივად განახლებადი და ყოვლისმომცველი ადამიანური საუბრების შესახებ“ — განაცხადა Reddit-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჰაფმანმა გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ChatGPT-ში მისი ჩართვა მხარს უჭერს ჩვენს რწმენას დაკავშირებული ინტერნეტის მიმართ, ეს ადამიანებს დაეხმარება, იპოვონ ის, რასაც ეძებენ. ამასთან, ორი კომპანიის თანამშრომლობა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, Reddit-ზე შესაბამისი საზოგადოება აღმოაჩინონ“ — დასძინა მან.
მიმდინარე წლის დასაწყიში Reddit-მა მსგავსი გარიგება გააფორმა Google-თან. შეთანხმების შედეგად, ინტერნეტ საძიებო გიგანტის AI მოდელებმა, როგორიცაა Gemini, Reddit-ის API-ის მეშვეობით წვდომა მოიპოვა სოციალური მედიის კომპანიის კონტენტზე.
ინვესტორები გუშინდელ სიახლეს დადებითად გამოეხმაურნენ, რადგან ეს მიუთითებს, რომ Reddit განაგრძობს შემოსავლების დივერსიფიკაციას თავისი ტრადიციული სარეკლამო ბიზნესის მიღმა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Reddit-ის აქციებს?
Reddit-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $65.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $58.40-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Reddit-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 10%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 16 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Reddit-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.
[1] სავაჭრო აქტივობის პერიოდი, რომელიც რეგულარული საბაზრო სესიის შემდეგ მიმდინარეობს.