გუშინ Alphabet-მა დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენცია — Google I/O ჩაატარა, სადაც ცენტრალური ადგილი ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) დაიკავა. ამ სტატიაში სწორედ გუშინდელი ღონისძიების დეტალების შესახებ ვისაუბრებთ.
Gemini-ზე მომუშავე AI ასისტენტი ხმოვანი და ვიდეო შესაძლებლობებით
Google-მა წარადგინა Gemini Live, ხმოვანი AI აგენტი და Project Astra, AI ასისტენტის პროტოტიპი, რომელიც მომხმარებლის მიერ შეყვანილ ვიდეო მონაცემებზე რეაგირებს.
Gemini Live, რომელიც ზაფხულში გამოვა, აფართოებს Gemini-ის მულტიმოდალურ შესაძლებლობებს, რათა მომხმარებელს საშუალება მისცეს, აწარმოოს სიღრმისეული დიალოგი საკუთარი ხმის გამოყენებით.
Google-ის წარმომადგენლებმა საზოგადოებას ასევე ჩაატარეს დემონსტრაცია რომელშიც Project Astra-მ შეძლო ვიდეოში ნაჩვენები ობიექტების იდენტიფიცირება და, სხვა ამოცანებთან ერთად, კომპიუტერის ეკრანზე წარმოდგენილი კოდის გაგება.
Google-ის მენეჯმენტმა ეს სიახლეები გაავრცელა მას შემდეგ, რაც Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილმა OpenAI-მ დააანონსა გაუმჯობესებული ხმოვანი შესაძლებლობები ChatGPT-ზე, რომელიც აღჭურვილია ახალი GPT-4o მოდელით.
AI-ის მიერ გენერირებული სურათი, ვიდეო და მუსიკა
Google-მა გამოაქვეყნა AI-ზე მომუშავე გენერაციული ხელსაწყოები სურათებისთვის, ვიდეოებისთვის და მუსიკისთვის, სახელწოდებებით, შესაბამისად, Imagen 3, Veo და Music AI Sandbox.
Alphabet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სუნდარ პიჩაიმ თქვა, ჯერჯერობით Imagen 3 ტექსტის დარენდერებისთვის საუკეთესო მოდელია. მის გამოსაცდელად მომხმარებლებს შეუძლიათ, Labs.Google-ზე დარეგისტრირდნენ.
Veo-ს კი შეუძლია, შექმნას ვიდეო კონტენტი ტექსტურ და ვიდეო მოთხოვნებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია ისიც, რომ სისტემას ექსპერიმენტული Video Effects ინსტრუმენტი გააჩნია. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Veo-ს გარკვეული ფუნქციები ზოგიერთი კონტენტ კრეატორისთვის ხელმისაწვდომი იქნება Labs.Google-ზე.
Google-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ კომპანია მუშაობს YouTube-თან მუსიკის გენერატორის შესაქმნელად, სახელწოდებით Music AI Sandbox. კომპანიაში აცხადებენ, რომ ინსტრუმენტი შემუშავებულია და გამოცდილია არტისტებთან ერთად.
AI Overview
Gemini-ის მიერ მხარდაჭერილი AI Overview აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია. ეს ინსტრუმენტი ძიების კონტენტს გვერდის ზედა ნაწილში აჯამებს. მას შეუძლია, მომხმარებლის კითხვებზე პასუხების გასაცემად, გამოიყენოს მონაცემები Google-ის სხვა სერვისებიდან, როგორიცაა, მაგალითად, Maps.
კომპანიაში განაცხადეს, რომ AI Overview მალე სხვა ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი.
Google AI-ის ინტეგრირება Android მოწყობილობებში
Google-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ მისი AI ტექნოლოგია ინტეგრირებული იქნება Android მოწყობილობებში Gemini Nano-ს, ყველაზე პატარა Gemini მოდელის მეშვეობით.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს Pixel ტელეფონები აღჭურვილი იქნება მულტიმოდალური AI შესაძლებლობებით. „ეს ნიშნავს, რომ თქვენი ტელეფონი შეძლებს, სამყარო გააცნობიეროს ისე, როგორც ამას თქვენ აკეთებთ“ — განმარტეს Google-ში.
Gemini 1.5
Google-მა დააანონსა გაუმჯობესებები AI მოდელ Gemini 1.5 Pro-ში, გამოუშვა ახალი Gemini 1.5 Flash და დაამატა ორი ახალი Gemma მოდელი, ასევე წარმოადგინა თავისი ტენზორული დამუშავების ერთეულის (TPU) ახალი ვერსია (გამოიყენება მანქანური სწავლების სამუშაოებთან გასამკლავებლად).
Gemini 1.5 Pro-ში დანერგილი ცვლილებები მოიცავს თარგმანის, კოდირების, მსჯელობისა და სხვა გაუმჯობესებებს. ახალი Gemini 1.5 Flash არის პატარა მოდელი, რომელიც ოპტიმიზებულია უფრო განსაზღვრული ამოცანებისთვის, სადაც სიჩქარე პრიორიტეტულია. ორივე მოდელის პირველადი ვერსია უკვე გამოსულია და ზოგადად ისინი ხელმისაწვდომი ივნისში გახდება.
Google-მა ასევე გამოუშვა ორი ახალი მოდელი — PaliGemma და Gemma 2. პირველი მათგანი არის vision-language ღია მოდელი, Gemma 2 კი Gemma-ს ახალი თაობაა.
Google-მა ასევე წარადგინა თავისი TPU-ს მეექვსე თაობა, Trillium, რომელიც კომპანიის თქმით, წინამორბედთან შედარებით, მომხმარებელს თითო ჩიპზე 4.7-ჯერ გაუმჯობესებული გამოთვლითი სამუშაოთი უზრუნველყოფს. Google-ის მენეჯმენტმა ასევე გაიმეორა, რომ ის იქნება ერთ-ერთი პირველი ქლაუდ პროვაიდერი, რომელიც 2025 წლის დასაწყისში მომხმარებლებს Nvidia-ს Blackwell GPU-ებს (გრაფიკული დამუშავების ერთეული) შესთავაზებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Alphabet-ის აქციებს?
Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $170.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $195.03-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $225.00-ს, ხოლო მინიმალური — $168.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alphabet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 14.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 31-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 5-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alphabet-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.