გუშინ, ნეგატიური სიახლეების გავრცელების შემდეგ, ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის — Tesla-ს აქციების ფასი 3%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 43%-ით არის დაკლებული.
პირველ რიგში, გუშინ Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღმასრულებელ დირექტორს — ილონ მასკს, რომელმაც გასულ კვირას Tesla-ს სამუშაო ძალის 10%-ის გათავისუფლება დააანონსა, რეალურად თანამშრომლების 20%-ის დათხოვნა სურდა. ამის მიზანი კი არის შესაბამისობის მიღწევა Tesla-ს მიწოდების თანმიმდევრულ შემცირებასთან 2023 წლის მეოთხე კვარტლიდან 2024 წლის პირველ მეოთხედამდე პერიოდში.
გარდა ამისა, Piper Sandler-ში ამბობენ, რომ გადაზიდვების შემცირების მიზეზი ის არის, რომ Tesla-ს წარმოების სიმძლავრემ მოთხოვნას გადააჭარბა.
Tesla-ს უდიდესი პრობლემა
ის ფაქტი, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა შენელდა, სიახლე ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ Tesla-ს ავტომობილებზე მოთხოვნა შოკისმომგვრელად შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ მეოთხედში კომპანიამ ბაზარს 386,810 ელექტრომობილი მიაწოდა, რაც წინა კვარტლის შედეგს 20.1%-ით ჩამოუვარდება. Piper Sandler-ის ანალიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ სუსტი მოთხოვნა აღინიშნებოდა Tesla-ს ყველა მოდელზე და კომპანიის ყველა გლობალურ რეგიონში.
ერთი მხრივ, Tesla ამცირებს ფასებს მოთხოვნის გასაძლიერებლად და ამ პრობლემის გადასაჭრელად. მეორე მხრივ, Piper Sandler-ის ანალიტიკოსების თქმით, ეს ფაქტი ნათელი მაჩვენებელია იმისა, რომ Tesla-ს აქვს მოთხოვნის, და არა მიწოდების, პრობლემა.
კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ მოთხოვნის პრობლემას Tesla-ს სრული თვითმართვადი (FSD) ავტომობილების პროგრამული უზრუნველყოფაც აწყდება. Piper-ში აღნიშნავენ, რომ Tesla-მ შაბათს FSD-ის ფასი $12,000-დან $8,000-მდე შეამცირა. ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ რადგან პროგრამული უზრუნველყოფის მოგების მარჟა უფრო მაღალია (ვიდრე ავტომობილების), კომპანიის მოგების პოტენციალისთვის ეს შემცირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
გასულ კვირას, Morgan Stanley-ის ანალიტიკოსმა — ადამ გალასმა (Tesla-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში) განაცხადა, რომ, მისი აზრით, კომპანიის ავტომობილების ბიზნესის ფასი თითო აქციაზე, რეალურად, მხოლოდ $62-ს შეადგენს. Tesla-ს ღირებულების დანარჩენი $248 (ანალიტიკოსის სამიზნე ფასი $310-ია) მოდის კომპანიის სხვა მიმართულებებზე, როგორებიც არის მზის ენერგია, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი (AI) და FSD.
აღსანიშნავია, რომ Tesla კვარტალურ ანგარიშს დღეს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $167.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 35 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $196.72-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $320.00-ს, ხოლო მინიმალური — $23.53-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 35 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 19-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.