პარასკევს საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Nike, Netflix, Super Micro Computer, Nvidia, Arm Holdings და Metropolitan Bank.
Nike
დღეს Nike-ის აქციები ყურადღების ცენტრში იქნება მას შემდეგ, რაც სპორტული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მწარმოებელმა პარასკევს გაამჟღავნა, რომ ბივერტონის, ორეგონის სათავო ოფისში ივნისის ბოლოსთვის 740 თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს.
Nike-ის ვიცე-პრეზიდენტმა ადამიანური რესურსების გადაწყვეტილებების საკითხებში, მიშელ ადამსმა, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში 28 ივნისისთვის შევა.
უახლოეს მომავალში სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლება დეკემბერში დაანონსებული ხარჯების შემცირების სამწლიანი გეგმის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც ხარჯების $2 მილიარდით შემცირებას გულისხმობს. თებერვალში Nike-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია მსოფლიო მასშტაბით 1600 თანამშრომელს, ანუ სამუშაო ძალის დაახლოებით 2%-ს, გაათავისუფლებს. Nike-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს კომპანიის ფეხსაცმელებზე მოთხოვნის შემცირებას.
ხარჯების შემცირების სხვა ღონისძიებები მოიცავს პროდუქციის მიწოდების კორექტირებას და მენეჯმენტის რესტრუქტურიზაციას.
Nike-მა ბოლო კვარტალური ანგარიში გასულ თვეში გამოაქვეყნა — კომპანიის შემოსავალმა $12.43 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $12.27 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $0.98-ს (პროგნოზი — $0.76). ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპების (GAAP) მიხედვით გამოთვლის შემთხვევაში კი EPS-მა $0.77 შეადგინა, რამაც უოლ სტრიტის პროგნოზს $0.06-ით გადააჭარბა.
Nike-ის ფინანსურმა დირექტორმა — მეთიუ ფრენდმა გაიმეორა პროგნოზი, რომ ფისკალურ 2024 წელს შემოსავალი დაახლოებით 1%-ით გაიზრდება. თუმცა, მისი თქმით, ფისკალური 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი დაბალი ერთნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდება.
წლის დასაწყისიდან Nike-ის აქციების ფასი 11%-ზე მეტით არის შემცირებული. ბოლო პერიოდში ანალიტიკოსები კომპანიის მიმართ ნეგატიურად განეწყვნენ, მიზეზად კი დაასახელეს ინოვაციების შენელება, მარაგების დონის ჩამორჩენა და მზარდი კონკურენცია ტანსაცმლის ბაზარზე.
რამდენიმე ანალიტიკოსი, Nike-ის პერსპექტივებზე საუბრისას, ხაზს უსვამს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, რაც მართლაც გადამწყვეტია კომპანიისთვის — Nike გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვებას და მარკეტინგულ კამპანიას ღონისძიების გარშემო.
ფინანსური დირექტორის, მეთიუ ფრენდის, თქმით კი კომპანიაში სჯერათ, რომ „პარიზის ოლიმპიადა იქნება კატალიზატორი ჩვენი ბრენდებისთვის იმის ფონზე, რომ ვნერგავთ Nike Air-ის უახლეს ინოვაციებს სპორტსმენებისთვის“.
Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $94.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 29 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $111.92-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $130.00-ს, ხოლო მინიმალური — $81.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nike-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 29 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Netflix
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Netflix-მა კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ვიდეო სტრიმინგის პროვაიდერის აქციების ფასი 9%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 18%-ით არის გაუმჯობესებული.
პირველ კვარტალში Netflix შემოსავალი წლიურად 15%-ით — $9.37 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.27 მილიარდი). EPS-მა კი $5.28-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს — $4.51-ს. ამასთან, კომპანიის საოპერაციო შემოსავალმა $2.6 მილიარდი შეადგინა — ამ მაჩვენებლის მიხედვით გასული კვარტალი Netflix-ისთვის ისტორიაში საუკეთესო იყო.
Netflix-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის ფასიანი სერვისის გამომწერების რაოდენობა წლიურად 16%-ით — 269.6 მილიონამდე გაიზარდა, რამაც უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა.
რაც შეეხება მომავალს, Netflix-ის მენეჯმენტმა 2024 წლის დანარჩენი პერიოდისთვისაც ოპტიმისტური პროგნოზები წარმოადგინა. კომპანიაში მოელიან, რომ მთელი წლის განმავლობაში შემოსავალი 13%-15%-ით გაიზრდება, ხოლო საოპერაციო მარჟა 25%-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — 24%).
მართალია, შედეგები შესანიშნავი იყო, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლიდან Netflix გამომწერების რაოდენობის მაჩვენებელს რეგულარულად აღარ გამოაქვეყნებს. ინვესტორების აზრით, ეს ცვლილება იმის მანიშნებელია, რომ Netflix-ის მენეჯმენტი ამ მაჩვენებლის შემცირებას მოელის.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიაში ამ სიტუაციას სხვაგვარად აღიქვამენ. მენეჯმენტმა თქვა, რომ წარსულისგან განსხვავებით, ახლა Netflix-ს გამოწერის მრავალი დონე და რეკლამირების მიმართულება აქვს, რაც კომპანიის გამომწერთა რაოდენობას ნაკლებად მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე ადრე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქამდე გამომწერების რაოდენობა პირდაპირ კორელაციაში იყო Netflix-ის ფინანსურ მდგომარეობასთან, თუმცა ახლა ასე არ არის.
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $555.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $637.29-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $765.00-ს, ხოლო მინიმალური — $425.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 40 ანალიტიკოსიდან 27-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Super Micro Computer
პარასკევს, ბანკისგან შეფასების მიღების შემდეგ, ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვერების მწარმოებელი კომპანიის — Super Micro Computer-ის აქციების ფასი 23%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 150%-ით არის გაუმჯობესებული.
Wells Fargo-მ Super Micro Computer-ის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა და $960-ის ოდენობით სამიზნე ფასი მიანიჭა. იმის გათვალისწინებით, რომ ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულებისთვის, კომპანიის აქციების ფასი $928-ს შეადგენდა, ეს არც ისე ცუდად ჟღერს. თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება.
პარასკევ დილით Super Micro Computer-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ფისკალური 2024 წლის მესამე კვარტლის ანგარიშს სამშაბათს, 30 აპრილს გამოაქვეყნებს. Wells Fargo-ში აღნიშნავენ, რომ ბოლო რვიდან 7 შემთხვევაში Super Micro, მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს, წინასწარ წარადგენდა, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა.
კომპანიის მენეჯმენტმა მხოლოდ ის თქვა, რომ აღნიშნულ დღეს კვარტალური მაჩვენებლები გამოქვეყნდება. Wells Fargo-ში კი ამ ფაქტს ნეგატიურად აღიქვამენ.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ, როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, ასეთი ფაქტი ბოლო 8-დან კიდევ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა. მაშინ Super Micro-მ წარადგინა კვარტალური ანგარიში, რომელიც ძირითადად ემთხვეოდა მენეჯმენტის პროგნოზებს.
Super Micro-ში კი მოელიან, რომ მესამე კვარტალში კომპანიის გაყიდვები $3.7-$4.1 მილიარდს მიაღწევს, ხოლო EPS — $4.79-$5.64-ს.
საბოლოოდ, როგორც ჩანს, ეს სიახლე აისახა AI-სთან დაკავშირებულ სხვა კომპანიებზეც, როგორებიც არის, მაგალითად, Nvidia და Arm Holdings. პარასკევს მათი აქციების ფასები, შესაბამისად, 10%-ით და 17%-ით შემცირდა.
Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $714.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 11 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $965.64-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,350.00-ს, ხოლო მინიმალური — $250.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Super Micro Computer-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 11 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 3-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $762.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 41 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $1,005.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $1,400.00-ს, ხოლო მინიმალური — $620.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Nvidia-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 41 ანალიტიკოსიდან 39-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $87.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 20 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $108.24-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $160.00-ს, ხოლო მინიმალური — $72.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Arm Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.5%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 20 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Metropolitan Bank
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Metropolitan Bank-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. პარასკევს კი ნიუ-იორკში დაფუძნებული კომერციული ბანკის აქციების ფასი 18%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 24%-ით არის შემცირებული.
გასულ კვარტალში Metropolitan Bank-ის შემოსავალმა $66.71 მილიონს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $64.56 მილიონი), ხოლო EPS-მა — $1.46-ს (პროგნოზი — $1.34).
კვარტალში მთლიანმა დეპოზიტებმა $6.2 მილიარდი შეადგინა. ეს მაჩვენებელი $500 მილიონით აღემატება 31 დეკემბერს დაფიქსირებულ რიცხვს, ხოლო 12 თვის წინ მიღებულ შედეგს — $1.1 მილიარდით.
ბანკი ასევე შედარებით კარგად უმკლავდება მაღალი საპროცენტო განაკვეთებით შექმნილ გარემოს — გასული წლის ბოლოდან წმინდა საპროცენტო მარჟა ოდნავ გაიზარდა 3.4%-მდე.
„როგორც ერთადერთი ნამდვილი საშუალო ზომის კომერციული ბანკი, რომლის სათავო ოფისიც ნიუ – იორკში მდებარეობს, განვაგრძობთ ჩვენი აქციონერების ძლიერი ანაზღაურებით უზრუნველყოფას, ამავდროულად, გულმოდგინედ ვამზადებთ ბანკს მომავლისთვის“ — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ დეფაზიომ. „ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კლიენტებს კაპიტალის ძლიერი პოზიციის, გამორჩეული ლიკვიდურობისა და რისკების მართვაზე ფოკუსირების წყალობით“.
Metropolitan Bank-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $39.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 3 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $51.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $55.00-ს, ხოლო მინიმალური — $50.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Metropolitan Bank-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 32.3%-იან ზრდას გულისხმობს.
ამ კომპანიების აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.