Netflix 2024 წლის პირველი კვარტლის ფინანსურ ანგარიშს ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს. შესაძლოა, ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყოს გამომწერების რაოდენობის ზრდის მაჩვენებელი და სიახლეები სტრიმინგ გიგანტის WWE-სთან (World Wrestling Entertainment) პარტნიორობის შესახებ.
Visible Alpha-ს მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, უოლ სტრიტის ანალიტიკოსები მოელიან, რომ Netflix-ის კვარტალური შემოსავალი $9.26 მილიარდს მიაღწევს, რაც აღემატება 2023 წლის პირველ მეოთხედში დაფიქსირებულ $8.16 მილიარდს. ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ კორექტირებული წმინდა მოგება $2.07 მილიარდს შეადგენს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში ეს მაჩვენებელი $1.38 მილიარდს გაუტოლდა. პროგნოზების მიხედვით, Netflix-ის კორექტირებული განზავებული მოგება თითო აქციაზე (EPS) $4.68-ს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2023 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $3.06-ს.
მაჩვენებელი | ანალიტიკოსების პროგნოზი 2024 წლის I კვარტლისთვის | 2023 წლის IV კვარტალი | 2023 წლის I კვარტალი |
შემოსავალი | $9.26 მილიარდი | $8.83 მილიარდი | $8.16 |
კორექტირებული განზავებული EPS | $4.68 | $2.32 | $3.06 |
კორექტირებული წმინდა მოგება | $2.07 მილიარდი | $1.03 მილიარდი | $1.38 მილიარდი |
საკვანძო მაჩვენებელი — გამომწერების რაოდენობის ზრდა
ინვესტორები თვალს ადევნებენ Netflix-ის გამომწერთა რაოდენობას და მოელიან, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება. 2023 წლის მეოთხე კვარტალში სტრიმინგ კომპანიის ფასიანი გამომწერების რაოდენობამ გლობალური მასშტაბით 260.28 მილიონს მიაღწია, რაც 2022 წლის იმავე მეოთხედის მაჩვენებელს 12%-ით აღემატება.
Netflix-ის გამომწერთა რიცხვი გაიზარდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ დაიწყო პაროლების გაზიარების აკრძალვა, მაგრამ ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს ეფექტი აქციების ფასში უკვე ასახული იყოს.
Wedbush-მა ახლახან ამოიღო Netflix თავისი „საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობების“ სიიდან, მაგრამ კომპანიის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა. საინვესტიციო ფირმის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ Netflix-ისთვის გაცილებით რთული იქნება 2024 წელს ინვესტორებში აღფრთოვანების გამოწვევა.
WWE ყურადღების ცენტრში
შესაძლოა, Netflix-ის მენეჯმენტმა ინვესტორებს გააცნოს დეტალები WWE-ს (პლატფორმაზე ხელმისაწვდომი 2025 წელს გახდება) და სპორტული ლაივ კონტენტის შესახებ.
სტრიმინგის გიგანტისა და WWE-ს მშობელი კომპანიის — TKO Group Holdings-ის წარმომადგენლებმა იანვარში განაცხადეს, რომ „RAW“, WWE-ს მოწინავე ყოველკვირეული შოუ, 2025 წელს Netflix-ზე გახდება ხელმისაწვდომი.
Wedbush-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ „Netflix-მა მიაღწია სწორ ფორმულას გლობალური კონტენტის შექმნით, ხარჯების დაბალანსებითა და მომგებიანობის გაზრდით“. მათი თქმით, წინ კიდევ უფრო მეტი ხელშემწყობი ფაქტორია, მათ შორის WWE-ს სარეკლამო პოტენციალის სრული ათვისება და გეიმინგ სეგმენტის გაფართოებაც.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Netflix-ის აქციებს?
Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $617.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 40 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $598.98-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $725.00-ს, ხოლო მინიმალური — $375.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Netflix-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 40 ანალიტიკოსიდან 26-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 13-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Netflix-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.