JPMorgan Chase & Co. არის აშშ-ის უმსხვილესი ბანკი როგორც შემოსავლის, ისე საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით. პარასკევს კი მისი აქციების ფასი 6%-ზე მეტით შემცირდა მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა და მოგებამ უოლ სტრიტის პროგნოზებს გადააჭარბა.
მიმდინარე წლის განმავლობაში ამერიკული ბანკის აქციების ფასი 6%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
კვარტალური შედეგები
ფისკალური 2024 წლის პირველ კვარტალში JPMorgan-ის შემოსავალი წლიურად 9%-ით — $42.5 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $41.84 მილიარდი). მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი 8%-ით მოიმატა და $4.63-ს მიაღწია (პროგნოზი — $4.19).
JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეიმი დიმონმა განაცხადა, რომ ბანკმა ძლიერი კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. მისი თქმით, $750 მილიონის მოცულობის განსხვავება კორექტირებულ და წმინდა მოგებებს შორის განპირობებულია „სპეციალური მოსაკრებლით“, რომელიც დაწესებულია დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის (FDIC) მიერ, რისი მიზანიც პოტენციური ზარალის დაზღვევაა.
ცუდი ამბავი ის არის, რომ ბანკის მეანაბრეები უკმაყოფილოები არიან JPMorgan-ის დაბალი საპროცენტო სარგებლით, რომელსაც ის დეპოზიტებზე გასცემს. მეანაბრეებს ფული შემნახველი ანგარიშებიდან უფრო მაღალშემოსავლიან ინვესტიციებში გადააქვთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს საფრთხეს უქმნის მოგებას, რადგან, შესაძლოა, JPMorgan-ს მოუწიოს გადახდილი საპროცენტო განაკვეთების გაზრდა დეპოზიტებზე მეანაბრეების კვლავ მოსაზიდად.
გარდა ამისა, ხარჯები ოდნავ გაიზარდა — კვარტალურად 13%-ით — მაგრამ ჯეიმს დიმონმა ინვესტორები დაარწმუნა, რომ როგორც ბანკის საკრედიტო ხარჯები, ისე მისი წმინდა საპროცენტო შემოსავალი თანმიმდევრულად მცირდება 4%-ით და „ნორმალიზაციის“ გზაზეა.
ანალიტიკოსების შეფასებები
JPMorgan-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $183.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $203.80-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $229.00-ს, ხოლო მინიმალური — $160.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი JPMorgan-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
JPMorgan-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.