სამუშაო ადგილების და კარიერული გადაადგილების სერვისების კომპანია — Challenger, Grey & Christmas ავრცელებს ანგარიშს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში სამუშაო ძალის შემცირების თვალსაზრისით ტექნოლოგიური ინდუსტრია ლიდერობდა.
გასულ მეოთხედში აშშ-ში კომპანიებმა სამუშაო ადგილები მთლიანობაში 257,254-ით შეამცირეს. აქედან 42,442, ანუ დაახლოებით 16.5%, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე მოდის.
Dell Technologies, International Business Machines (IBM), Microsoft, Alphabet-ის Google და Amazon იყვნენ იმ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, რომლებმაც გასულ კვარტალში სამუშაო ძალის შემცირება დააანონსეს.
„ტექნოლოგიური კომპანიები ბევრ ფულს ხარჯავენ ხელოვნურ ინტელექტსა და შემდეგი თაობის ინიციატივებზე, ამავდროულად ამცირებენ ხარჯებს არასტრატეგიულ სფეროებში“ — განაცხადა Wedbush-ის ანალიტიკოსმა — დენ აივსმა. იგი მიიჩნევს, რომ კომპანიების მიერ სამუშაო ძალის შემცირების შემთხვევების უმეტესობა წარსულში დარჩა, მაგრამ ეს ნაბიჯები მთავარ როლს ითამაშებს მიმდინარე წელს მათი ფინანსური შედეგების გაძლიერებაში.
2023 წლის იანვრის შემდეგ მარტი იყო თვე, რომელშიც სამუშაო ძალის გათავისუფლების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. Challenger, Grey & Christmas-ის ვიცე-პრეზიდენტმა — ენდი ჩელენჯერმა განაცხადა „როგორც ჩანს, ბევრი კომპანია, უბრუნდება მიდგომას „აკეთე მეტი ნაკლებით“.
მოხსენებაში მითითებულია, რომ დანახარჯების შემცირება იყო ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც დამსაქმებლები მომუშავეებს ათავისუფლებდნენ. გასულ კვარტალში ამასთან დაკავშირებული იყო გათავისუფლების 66,302 შემთხვევა. შემდეგი მიზეზი იყო რესტრუქტურიზაცია, რამაც სამუშაო ადგილი 48,352 ადამიანს დააკარგვინა. მესამე ადგილს იკავებს ბიზნესის, განყოფილების ან ლოკაციის დახურვის მიზეზით გათავისუფლებული 38,619 თანამშრომელი.
2024 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში დამსაქმებლებმა მთლიანობაში 36,795 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის გეგმები დააანონსეს, რაც გასული წლის იმავე მეოთხედში დაფიქსირებულ რაოდენობას 48%-ით ჩამოუვარდება.
ენდი ჩელენჯერმა აღნიშნა, რომ 2016 წლის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ტექნოლოგიური ინდუსტრიის დამსაქმებლები 2,237 ახალი სამუშაო ადგილის დამატებას აპირებენ. ამ თვალსაზრისით ეს გახდება მეორე ინდუსტრია ენერგეტიკის სექტორის შემდეგ, რომელშიც 5,800 ახალი კადრის აყვანა იგეგმება.
დღეს შრომის სტატისტიკის ბიურო გამოაქვეყნებს დასაქმების ყოველთვიურ ანგარიშს, რომელიც აშშ-ის შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის.