მიუხედავად იმისა, რომ bear market შეყოვნდა, ინვესტორები შეიძლება გაოცებულნი იყვნენ იმით, რომ Apple კვლავ ინარჩუნებს ყველაზე ღირებული კომპანიის ტიტულს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ ახლახან $2.55 ტრილიონი შეადგინა. შესაძლოა, კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ ტექნოლოგიური აქციების ფასების შემცირების დროსაც კი, iPhone-ის მწარმოებელმა ინდექსებისა და ბევრი კონკურენტის წარმადობას აჯობა.
რამდენიმე თვის წინ მათი პიკიდან S&P 500 და Nasdaq Composite ინდექსები შესაბამისად, 17%-ით და 26%-ით დაეცა, ხოლო Apple-ის აქციების ფასი მხოლოდ 13%-ით შემცირდა.
ინვესტორებს Apple-ის აქციების შესაძენად და მათი დიდი ხნით შესანარჩუნებლად უამრავი მიზეზი გააჩნიათ.
- ის უორენ ბაფეტის უდიდესი ჰოლდინგია
1965 წელს Berkshire Hathaway-ის სადავეების აღების შემდეგ, უორენ ბაფეტმა კომპანიის ინვესტორები შთამბეჭდავი საშუალო წლიური ზრდის ტემპით – 20%-ზე მეტი – უზრუნველყო. 2021 წლის ბოლოსთვის კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა განსაცვიფრებელ 3,641,613%-ს მიაღწია.
ბაფეტმა მეორე კვარტალი Apple-ის თითქმის 895 მილიონი აქციით დაასრულა, რაც 30 ივნისის მდგომარეობით $122 მილიარდს შეადგენს. ეს კი Berkshire Hathaway-ის პორტფელის 41%-ს უტოლდება. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტორის ასეთი ნდობა, ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ფაქტორია.
- მილიარდი iPhone
ეჭვგარეშეა, რომ 2007 წელს საკულტო iPhone-ის გამოშვებამ ჩვენი კომუნიკაციის სახე სამუდამოდ შეცვალა. მოწყობილობის დახვეწილმა დიზაინმა და ინტეგრირებულმა გამოთვლითმა სიმძლავრემ მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოიწვია. ახლა, როდესაც მომავალი iPhone 14-ის გამოშვებას ველოდებით, Apple ბაზარზე 1 მილიარდზე მეტი iPhone-ით დომინირებს.
არსებობს ვარაუდები, რომ შემდეგი თაობის მოწყობილობას, რომელიც დღის შუქს მომავალ კვირას იხილავს, შეიძლება რამდენიმე ძირითადი განახლება და ოთხი ახალი მოდელი ჰქონდეს. Wedbush-ის ანალიტიკოსი – დენ აივსი ამბობს, რომ iPhone-ის მფლობელების დაახლოებით 24%-ს ბოლო 3.5 წლის განმავლობაში თავისი მოწყობილობა არ შეუცვლია. გაბატონებული მაკროეკონომიკური წინააღმდეგობების შუაგულშიც კი, ეს შეიძლება iPhone-ის შემდეგი დიდი პროდუქტის ციკლის დასაწყისი იყოს.
- Apple-ის აქსესუარები ძალიან პოპულარულია
Apple-ის აქსესუარები, რომლებიც მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის Apple Watch, AirPods, AirTags და Beats ყურსასმენები მომხმარებლებს სტაბილურად იზიდავს. ფისკალურ 2022 წელს ამ სეგმენტმა უფრო მეტი შემოსავალი გამოიმუშავა, ვიდრე Mac-მა ან iPad-მა.
მიწოდების შეზღუდვამ და სავალუტო წინაღობებმა გამოიწვია ის, რომ ფისკალური 2022 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში სეგმენტი მხოლოდ 6%-ით გაიზარდა. შემცირებული მოთხოვნა საბოლოოდ გაყიდვების ზრდისთვის სივრცეს შექმნით. გარდა ამისა, კომპანია, სავარაუდოდ, მომავალ კვირას თავისი Apple Watch-ის უახლეს ვერსიებს გამოუშვებს.
- სერვისები – Apple-ის მეორე უდიდესი უპირატესობა
სხვებზე დიდი ხნით ადრე, აღმასრულებელმა დირექტორმა – ტიმ კუკმა Apple-ის სერვისების სეგმენტის პოტენციალი დაინახა და 2017 წლის დასაწყისში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შემოსავლის გაორმაგების გეგმა დააანონსა.
სეგმენტმა, რომელიც Apple Music-ს, App Store-ს, Apple Pay-ს და Apple TV+-ს მოიცავს, ახლახან ივნისის კვარტლის რეკორდი დაამყარა და Apple-ის მთლიანი შემოსავლის 19% გამოიმუშავა.
Apple TV+-მა ფუნქციონირება მხოლოდ 8 პროგრამით და დოკუმენტური ფილმით დაიწყო. პლატფორმამ თავისი პროგრამებისთვის 250-ზე მეტი ჯილდო და 1100-ზე მეტი ნომინაცია დააგროვა, მათ შორის არის 2022 წელს Emmy Award-ის 52 ნომინაცია.
- დივიდენდები
Apple-მა დივიდენდების გადახდა 2012 წელს განაახლა და გადახდის საკმაოდ შთამბეჭდავი ისტორია დააგროვა. კვარტალური ანაზღაურება 10 წლის განმავლობაში 143%-ით გაიზარდა. 2022 წლისთვის კომპანიამ ეს მაჩვენებელი 5%-ით გაზარდა. სავარაუდოდ ეს ბოლო ზრდა არ იქნება, რადგან Apple დივიდენდების დასაფინანსებლად თავისი მოგების 15%-ზე ნაკლებს იყენებს, რაც კომპანიას მომავალი ზრდისთვის დიდ შესაძლებლობას აძლევს.
- ნაკლები აქცია = ნამცხვრის უფრო დიდი ნაჭერი
Apple-ის აქციონერებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის აქციების გამოსყიდვის ძლიერი გეგმა. Apple-მა აქციების გამოსყიდვის კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა 2013 წლის დასაწყისში დაიწყო. შედეგად, ყოველ კვარტალში Apple-ის აქციონერები კომპანიის სულ უფრო დიდ წილს ფლობენ. ბოლო 10 წლის განმავლობაში კომპანიის აქციების რაოდენობა თითქმის 39%-ით შემცირდა.
მაგალითად, კომპანიამ ფისკალურ მესამე კვარტალში თავისი აქციების რაოდენობა დაახლოებით 1%-ით შეამცირა და მენეჯმენტი ამ მიმართულებით შენელებას არ გეგმავს. ამ წლის დასაწყისში Apple-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აქციების გამოსყიდვის პროგრამას კიდევ $90 მილიარდი დაემატა.