აქციების ყიდვა მარტივია, მაგრამ დროში გამოცდილი სტრატეგიის გარეშე სწორ აქციებში ინვესტირება წარმოუდგენლად რთულია. რომელი აქციების ყიდვა ღირს ახლა? Apple, Union Pacific, Palo Alto Networks, Commercial Metals და Dollar Tree არიან მთავარი კანდიდატები.
ინფლაციის მზარდი მღელვარების და ასევე ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთებისა და ობლიგაციების შესყიდვის შემცირებისადმი უფრო აგრესიული მიდგომის ფონზე, 2022 წელს ბაზრის ქცევა დიდი გამოწვევა იყო. რუსეთ-უკრაინის ომი ბაზრებზე ზეგავლენის მოხდენას კვლავ აგრძელებს.
გადამწყვეტი ინგრედიენტები საუკეთესო აქციების შესაძენად
CAN SLIM საინვესტიციო სისტემა
C – მიმდინარე კვარტალური მოგება
მოგების ზრდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელსაც აქციების ყიდვის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ. მოძებნეთ აქციები მიმდინარე კვარტალური მოგების ზრდის მინიმუმ 25%-იანი მაჩვენებლით.
A – მოგების წლიური ზრდა
კვარტალური მოგების გარდა, საჭიროა დარწმუნდეთ, რომ კომპანია იზრდება გრძელვადიან პერსპექტივაში. მოძებნეთ ისეთი კომპანიების აქციები, რომლებმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში მოგება მინიმუმ 25%-ით გაზარდა.
N – ახალი პროდუქტი, მომსახურება, მენეჯმენტი ან მაღალი ფასი
კვლევები ცხადყოფს, რომ ისტორიის განმავლობაში, საფონდო ბირჟის გამარჯვებულ კომპანიებს რაღაც ახალი ჰქონდა. ყოველთვის მოძებნეთ ისეთი კომპანიები, რომლებსაც ახალი, თამაშის შემცვლელი პროდუქტები ან მომსახურება გააჩნია.
S – მიწოდება და მოთხოვნა
მეტი მოთხოვნის საფუძველზე აქციების ფასი იზრდება. ეძებეთ ინსტიტუციური ინვესტორების დიდი დაგროვება, განსაკუთრებით ყიდვის წერტილებში.
L – ლიდერი თუ ჩამორჩენილი
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ წამყვან ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი კომპანიების აქციები ვიყიდოთ. მოძებნეთ საუკეთესოები საუკეთესოთა შორის – ლიდერები ძლიერ ინდუსტრიებში, რომლებიც შემოსავლისა და გაყიდვების მაღალ ზრდას აჩვენებს.
I – ინსტიტუციონალური დაფინანსება
პროფესიონალი ინვესტირები, როგორებიც არის ურთიერთდახმარებისა და საპენსიო ფონდები, მთელი ბაზრის აქტივობის დაახლოებით 75%-ს შეადგენს. მიზნად დაისახეთ ისეთ აქციებში ინვესტირება, რომლებსაც მყარი ინსტიტუციონალური მხარდაჭერა გააჩნია.
M – ბაზრის მიმართულება
აქციების უმეტესობა, საუკეთესოებიც კი, ბაზრის მიმართულებას მიჰყვება. ასე რომ, თქვენთვის სასურველია მუდამ ბაზართან სინქრონულად ივაჭროთ. ინვესტიცია ჩადეთ მაშინ, როდესაც საფონდო ბაზარი დადასტურებული ზრდის ტენდენციაშია და ნაღდ ფულზე გადაინაცვლეთ მაშინ, როდესაც ბირჟა კორექტირებას განიცდის.
ახლა კი მოდით, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების აქციები უფრო დეტალურად განვიხილოთ.
Apple
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის აქციები კომპანიების უმეტესობაზე (განსაკუთრებით ტექნოლოგიური კომპანიების) უკეთეს შედეგებს აჩვენებს, მისთვის წინ წასვლა რთული იქნება, თუ ბაზარი და Nasdaq აღმავალი მიმართულებით არ იმოძრავებს.
ამ წლის დასაწყისში Apple გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც $3 ტრილიონს მიაღწია, თუმცა ბოლო დროს კომპანიამ ამ დონიდან უკან დაიხია.
IBD-ის (Investor’s Business Daily – ამერიკული გაზეთი და ვებ-გვერდი საფონდო ბირჟის, საერთაშორისო ბიზნესის, ფინანსებისა და ეკონომიკის შესახებ) აქციების შესამოწმებელი მექანიზმი გვიჩვენებს, რომ კოვიდ-19-ის შემდეგ, შემოსავლების ზრდის ტემპი ბოლო კვარტლებში იკლებს. 2022 ფისკალური წლის პირველი კვარტლის შემოსავლების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, Apple-ის აქციების ფასი გაიზარდა.
შემოსავლების თვალსაზრისით, ეს ფირმის ისტორიაში საუკეთესო კვარტალი იყო ყველა კატეგორიაში, გარდა iPad-ისა. ფირმას კონკრეტული კვარტლური მითითები კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ არ გაუცია.
კიდევ ერთი ნათელი წერტილი იყო გაყიდვები ჩინეთში, რომელიც კვარტალში 21%-ით გაიზარდა.
Apple-ის EPS-ის (შემოსავალი თითო აქციაზე) ზრდამ, ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში საშუალოდ 65% შეადგინა. ანალიტიკოსები 2023 წლისთვის შემოსავლების 8%-იან ზრდას ვარაუდობენ.
სექტემბრის კვარტალში Apple-ის სერვისების შემოსავალი 26%-ით – $18.3 მილიარდამდე გაიზარდა. ამ სერვისებში შედის: App Store, AppleCare, iCloud, Apple Pay, Apple Music, Apple TV+, Apple Arcade და სხვა შეთავაზებები.
CAN SLIM სისტემაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ახალი პროდუქტების წამროებაა და ამას Apple თავს შესანიშნავად ართმევს.
ვარაუდები, რომ Apple თვითმართვადი მანქანის შექმნას ცდილობს აღელვების უკიდურეს ხარისხს აღწევს მას შემდეგ, რაც ნოემბერში ბლუმბერგმა განაცხადა, რომ კომპანი ამ გეგმის განხორციელებას 2025 წლისთვის აპირებს.
Union Pacific (UNP)
სარკინიგზო კომპანიის მოგება ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში 35%-ით გაიზარდა, რაც CAN SLIM-ის მოთხოვნებს აღემატება.
უკრაინაში მიმდინარე კრიზისმა ხელი უნდა შეუწყოს UNP-ის აქციების ფასის ზრდას. 2008 წლის ნავთობის მაქსიმალურ ფასზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადამზიდავების 75%-მა, რომლებიც ინტერმოდალურ მოწოდებას იყენებენ და ასევე სატვირთო მანქანებსა და სარკინიგზო ტრანსპორტს საჭიროებენ, გაზარდა ინტერმოდალზე დამოკიდებულება.
ნავთობის მაღალი ფასების პირობებში სარკინიგზო ოპერატორების სარგებელი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის მოქნილობაზე, ეფექტურობასა და მომსახურებაზე.
2021 წელს კომპანიის მატარებლების საშუალო სიგრძე 2%-ით 2835 მეტრამდე გაიზარდა.
კოვიდ-19-ით გამოწვეული მიწოდების ჯაჭვის პრობლემების ფონზე, რამაც ხელი შეუშალა პორტებს და ზოგიერთი ავტომობილის წარმოება შეაჩერა, 2019 წელთან შედარებით, 2021 წელს UNP-ს გაყიდვების მოცულობა 1%-ით შემცირდა. ამავდროულად, საოპერაციო ეფექტურობის ზრდამ საოპერაციო შემოსავლის 16%-ით მატებას შეუწყო ხელი.
ვინაიდან მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვები 2022 წლის განმავლობაში შემსუბუქდება, UNP ამ პროცესით ისარგებლებს.
Palo Alto Networks (PANW)
2021 ფისკალურ წელს კიბერუსაფრთხოების კომპანიის – Palo Alto Networks-ის შემოსავალი, წინა წელთან შედარებით, 26%-ით გიზარდა. FactSet-ის თანახმად, უოლ სტრიტი ელის, რომ PANW-ის შემოსავალი 2022 წელს 19%-ით, ხოლო 2023 წელს 24%-ით გაიზრდება.
ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში გაყიდვების ზრდა 28%-32%-ის ფარგლებში მერყეობდა. 2022 წლისთვის მოსალოდნელია გაყიდვების 29%-იანი ზრდა, ხოლო 2023 წლისთვის 24%-იანი მატება.
PANW-ის აქციები გასათვალისწინებელია, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე კიბერუსაფრთხოების კომპანიების აქციების ფასები გაიზარდა.
კომპანიამ შთაბეჭდილება მოახდინა ანალიტიკოსებზე თავისი უახლესი მოგების ანგარიშით.
PANW წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე კვარტალში, რომელიც აპრილში დასრულდება, ისინი ელიან მოგებას თითო აქციაზე $1.65-$1.68-ის დიაპაზონში და შემოსავალს $1.355 მილიარდის ოდენობით.
Commercial Metal
MarketSmith-ის მონაცემების მიხედვით, Commercial Metal-ის (კომპანია, რომელიც გლობალურად ამუშავებს, აწარმოებს, ამზადებს და ყიდის ფოლადს) აქციების 62%-ს ფონდები ფლობს. დიდი საბაზრო ნაბიჯებისთვის ინსტიტუციონალური მხარდაჭერა საკვანძო საკითხია. კომპანიის EPS ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში საშუალოდ 105%-ით გაიზარდა.
2021 წლის ზაფხულში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლებიდან, ფოლადის ფასები ვარდნას აგრძელებს.
ხელმძღვანელობამ ინვესტორებს განუცხადა, რომ ნოემბრის კვარტლის მოგებამ ხაზი გაუსვა ჩრდილოეთ ამერიკაში სამშენებლო ჩამორჩენას, ისევე, როგორც ცხად სიძლიერეს საკვანძო საბოლოო ბაზრებზე ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. კომპანიამ ასევე აღნიშნა ჩრდილოეთ ამერიკაში ფოლადის პროდუქციაზე გაზრდილი მარჟა.
Commercial Metal აშენებს თავის მესამე და მეოთხე მიკროქარხნებს, რომლებიც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აწარმოებს ფოლადს უფრო მაღალი სიმტკიცითა და დაბალი ფასით, ვიდრე მინი ქარხნები.
მესამე მიკროქარხანა, რომელსაც Commercial Metal არიზონაში აშენებს, ჩაანაცვლებს კალიფორნიაში მდებარე ბევრად უფრო ძვირადღირებულ ობიექტს, რომლის გაყიდვიდან მიღებული ფულითაც კომპანია მშენებლობის ხარჯების ნახევარს დაფარავს.
Dollar Tree
ბოლო კვირებში Dollar Tree-ს ინსტიტუციონალური შესყიდვები გაიზარდა, რაც მომავლისთვის კარგის ნიშანია.
IBD-ის აქციების შესამოწმებელი მექანიზმი გვიჩვენებს, რომ კორონავირუსის გამო, Dollar Tree-ს შემოსავალი დაზარალდა და ბოლო სამ კვარტალში 11%-ით შემცირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კომპანიის შემოსავალი 2023 ფისკალურ წელს 32%-ით გაიზრდება და 2024 წელს 15%-ით შემცირდება.
ნოემბერში კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფისკალური წლის დასაწყისისთვის დაიწყებდნენ $1.25-იანი ახალი საფასო კატეგორიის შემოღებას. კომპანიაში განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი მუდმივია და პროდუქციის უმეტესობას შეეხება. Dollar Tree-ს წამომადგენლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს შემოიტანოს ახალი პროდუქცია და ხელახლა შემოიღოს ის პროდუქტები, რომლებიც $1-იანი ფასის შეზღუდვის გამო იქნა ამოღებული.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 35 წლის განმავლობაში, Dollar Tree ახერხებდა ინფლაციურ პერიოდებში შეენარჩუნებინა „ყველაფერი ერთ დოლარად“ ფილოსოფია, რაც კომპანიას გამოარჩევდა და სამი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საცალო კონცეფციად აქცევდა.