Target საბოლოოდ კვლავ იწყებს უოლ სტრიტის მხრიდან მცირე პატივისცემის მოპოვებას. სამშაბათს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ მეოთხე კვარტლის შემოსავლების მტკიცე ანგარიში და საინვესტიციო გეგმები წარადგინა, აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა. აქციების ფასის ზრდაში გასაკვირი ის იყო, რომ წარსულში ბაზარმა Target ინვესტიციების გაზრდისთვის დასაჯა. გასულ წელს, კომპანიის აქციების ფასი მას შემდეგ შემცირდა, რაც Target-მა 2021 წლის მეოთხე კვარტლისთვის $4 მილიარდის კაპიტალდაბანდებების შესახებ დააანონსა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ეს ფული კარგად დაიხარჯა, რადგან შედარებითი გაყიდვები გასულ წელს ორნიშნა პროცენტით გაიზარდა და კორექტირებულმა შემოსავალმა ერთ აქციაზე – 44%-ით მოიმატა. ეს ყველაფერი კი მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას მიწოდების ჯაჭვთან, ხარჯების ინფლაციასთან და ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევები შეექმნა.
2022 წლისთვის და მისი შემდგომი პერიოდისთვის კომპანია კაპიტალდაბანდებებში ყოველწლიურად $4-5 მილიარდის ხარჯებს მოელის, მაგრამ ამჯერად, ამ განცხადებამ Target-ის აქციების ფასი გაზარდა. მოდი ვნახოთ, რატომ დაუბრუნდნენ ინვესტორები Target-ს.
- დაბალანსებული მიდგომა
ბიზნესისთვის რთულია ინვესტიციების ზრდისა და მოგების მიღების დაბალანსება. დღესდღეობით ბევრი პოპულარული აქცია ზრდის შთამბეჭდავ მაჩვენებლებს აფიქსირებს, მაგრამ მოგება არ მოაქვს და თუ მოაქვს, მაშინ დივიდენდების გაცემის საშუალებას არ იძლევა.
Target შესანიშნავად უმკლავდება ამ პრობლემებს და იმას, თუ როგორ, მისი საინვესტიციო გეგმა გვიჩვენებს. კომპანია ხელფასებს ზრდის, რათა მუშახელის დეფიციტის დროს, ნიჭიერი მუშახელის მოზიდვა შეინარჩუნოს. ეს არა მხოლოდ ახლა ეხმარება ბიზნესს, არამედ კომპანიის ლიდერად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მის სამუშაო ძალას კონკურენტულ უპირატესობად აქცევს.
იმ დროს, როდესაც მრავალი სხვა საცალო ვაჭრობის კომპანია მაღაზიებს ხურავს ან ახალი ლოკაციების გახსნას წყვეტს, Target ყოველწლიურად დაახლოებით 30 ახალი ლოკაციის გახსნას გეგმავს, ვინაიდან ეს პროცესი ხელს უწყობს მისი ისეთი ყოვლისმომცველი ინვესტიციების განხორციელებას, როგორიც არის შეკვეთის შესრულება იმავე დღეს. ამ ახალი მაღაზიების უმეტესობა არის მცირე ფორმატის ლოკაციები, ისეთ ადგილებში როგორიც არის ნიუ-იორკის Times Square ან სამხრეთ კაროლინაში მდებარე ჩარლსტონის ცენტრი.
გარდა ამისა, Target აგრძელებს მაღაზიების რეკონსტრუქციაში ინვესტირებას და მისი შესაძლებლობების რეალიზების დასაჩქარებლად დახარისხების ცენტრებს ამატებს.
კომპანიამ განაცხადა, რომ, 40%-იანი გადახდის კოეფიციენტზე გადასვლის მიზნით, დივიდენდებს 20%-30%-ით გაზრდის. Target წელს ასევე გეგმავს $7 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვას, რაც მისი აქციების რაოდენობას დაახლოებით 7%-ით ან მეტით შეამცირებს. ეს სტრატეგია გამოიწვევს ინვესტორების დაჯილდოებასა და კომპანიის გრძელვადიან ზრდას.
- ძლიერი გამოცდილება
შესაძლოა უოლ სტრიტი სკეპტიკურად უყურებდა Target-ის ადრინდელ სახარჯო გეგმებს, იმ მრავალი ტაქტიკური შეცდომის გამო, რომელიც კომპანიამ დაუშვა მანამ, სანამ 2014 წელს აღმასრულებელი დირექტორი ბრაიან კორნელი გახდებოდა. მან შეაჩერა კომპანიის კანადაში ექსპანსია და საბოლოოდ, ამ ქვეყნიდან გამოვიდა, რამაც $5 მილიარდის ჩამოწერის საშუალება მისცა. Target-მა თავისი ელექტრონული კომერციის ოპერაციების ნაწილი 10 წლით Amazon-ს გადასცა.
კორნელიმ რამდენიმე ჭკვიანური ნაბიჯი გადადგა, მათ შორის კომპანიის კანადიდან გამოყვანა, Shipt-ის შეძენა და ინვესტიციები ისეთ სფეროებში, როგორიც არის სასურსათო მაღაზიები, საკუთრებაში არსებული ბრენდები და შეკვეთის იმავე დღეს შესრულება. ამ ძალისხმევამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. პანდემიის პერიოდში ბიზნესი აყვავდა, ბოლო 2 წლის განმავლობაში შემოსავალი 35%-ით გაიზარდა და კორექტირებული მოგება თითო აქციაზე გაორმაგდა. კომპანია ფულს ხარჯავს იქ სადაც შესაძლებლობას ხედავს და მან უოლ სტრიტის ნდობა ნამდვილად დაიმსახურა.
- კონკურენტულ უპირატესობებათ მკაფიო ნაკრები
განვითარების გზაზე Target-მა უკვე ჩამოაყალიბა კონკურენტულ უპირატესობათა ნაკრები, რომელიც მისი მიღწევების შენარჩუნებასა და მომავალ ზრდას ხელს უწყობს. მათ შორის არის Target-ის საკუთრებაში არსებული ბრენდები, რომლებიც, კომპანიას ტრაფიკის მართვასა და სხვა საცალო მოვაჭრეებისგან გამოყოფაში ეხმარება. Target-მა პარტნიორობა დაამყარა დიზაინერებთან და გახმაურებულ ბრენდებთან, როგორებიც არის Starbucks, Ultra Beauty, CVS, Disney, Apple და Levi Strauss.
კომპანიის წარმატება შეკვეთების ერთდღიან შესრულებაში, ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი უდიდესი კონკურენტული უპირატესობა გახდა. Target-ს ბევრად უფრო ღრმა შეღწევა აქვს უბრანულ რაიონებში, ვიდრე სხვა მსგავს კომპანიებს, როგორებიც არის Walmart და Costco.
შეკვეთების ერთდღიანმა შესრულებამ არა მხოლოდ მომხმარებლები გაახარა, არამედ კომპანიას თითოეულ ერთეულზე 90%-ის დაზოგვის საშუალება მისცა. სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ კომპანიის საოპერაციო მარჟა ბევრად უსწრებს Amazon-ს, Wamart-სა და Costco-ს.
- შესანიშნავი ღირებულება
და ბოლოს, ფასთან ერთად 16-ის ტოლი ფასისა და მოგების თანაფარდობით (P/E) თუ ვიმსჯელებთ, Target-ის აქციები ამჟამად ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო ღირებულების აქციაა. ეს ბევრად დაბალია S&P 500-ის P/E კოეფიციენტზე, რომელიც 25-ს აღწევს. თავისი გრძელვადიანი მოგების მიზნებითა და დივიდენდების ზრდის გეგმით, Target-მა ინვესტორები დააწმუნა, რომ ისინი წლიურ 10%-იან შემოსავალს მიიღებენ.
ეს მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს, თუ აქციის შეფასების მულტიპლიკატორი გაიზრდება, რაც სავარაუდოა, რადგან ის S&P 500-ის საშუალო მაჩვენებელს უნდა მიუახლოვდეს. ასეთი შეღავათიანი ფასით, ზრდის მკაფიო სტრატეგიითა და დადასტურებული გამოცდილებით, ადვილი გასაგებია, უოლ სტრიტზე Target-მა კვლავ რატომ გაიმარჯვა.