თუ ინვესტირების სფეროში ახალი ხართ ან უბრალოდ არ იცით საიდან დაიწყოთ, გონივრული ვარიანტი ინდუსტრიის ლიდერებზე ორიენტირება იქნება, რადგან მათ გააჩნიათ მომგებიანი, ჩამოყალიბებული ბიზნესი, რომელიც ნებისმიერი ინვესტორის საინვესტიციო პორტფელისთვის სასურველია.
მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, აქციების ფასები მოკლე პერიოდში მოულოდნელად არ გაიზრდება, ასეთი კომპანიები, შეიძლება, თქვენი ფულის დასაბანდებლად უსაფრთხო ადგილი იყოს, სანამ მათი გრძელვადიანი ზრდისგან სარგებელს მიიღებთ. აქ სტატიაში მოცემული ყველა კომპანიის აქციის ფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა და აჯობა S&P 500-ს, რომლის ფასიც ამ დროის განმავლობაში 87%-ით გაიზარდა.
- UnitedHealth Group
UnitedHealth Group მსოფლიოში წამყვანი ჯანდაცვის კომპანიაა საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით, რომელიც $500 მილიარდს შეადგენს. გასულ კვირას კომპანიამ, თავისი პირველი კვარტლის შედეგების გამოქვეყნებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ UnitedHealth შესანიშნავი ინვესტიციაა. 31 მარტს დასრულებული პერიოდისთვის შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით – $80.1 მილიარდამდე გაიზარდა.
კომპანიის ორი ძირითადი ბიზნესი – UnitedHealth და Optum, შესაბამისად, 13.6%-ით და 18.9%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სამედიცინო მომსახურების კოეფიციენტი, კოვიდ-19-ის შედეგად, ერთი წლის წინ 80.9%-დან 82%-მდე გაიზარდა, UnitedHealth-მა წმინდა შემოსავალი წლიდან წლამდე მაინც 3.4%-ით – $5.1 მილიარდამდე გაზარდა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის კომპანია მუდმივად ეძებს ღირებულების დამატებისა და ზრდის ახალ შესაძლებლობებს. მარტში მენეჯმენტმა დააანონსა LHC Group-ის $5.4 მილიარდად შესყიდვა, რომელიც სახლის ჯანდაცვის სერვისებს უზრუნველყოფს და UnitedHealth-ის Optum Health ბიზნესის ნაწილი იქნება.
მასშტაბების ზრდა, სავარაუდოდ, UnitedHealth-ის ერთ-ერთი პრობლემაა, თუმცა, კომპანიას ასევე $8 მილიარდის მოცულობის მომლოდინე ტრანზაქცია აქვს ჯანმრთელობის საინფორმაციო სერვისების კომპანიის – Change Healthcare-ის შესაძენად, რომელსაც მარეგულირებლები აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ UnitedHealth-ის მენეჯმენტის განცხადებით, გარიგება კომპანიას ეფექტურობას შემატებს და ანალიტიკის გამოყენების საშუალებას მისცემს, იუსტიციის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ტრანზაქცია კონკურენციას დააზარალებს, თუ UnitedHealth-ს, ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტებისგან, „კონკურენტულად მგრძნობიარე ინფორმაციაზე“ წვდომა ექნება. კომპანიებმა შერწყმის ხელშეკრულება წლის ბოლომდე იმ იმედით გაახანგრძლივეს, რომ ამ დროისთვის ტრანზაქციის სამართლებრივი გამოწვევის დაძლევას შეძლებენ.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა ეს შერწყმა, UnitedHealth, თავისი ფინანსური სიძლიერის გათვალისწინებით, ახალი შესაძლებლობების შესწავლას გააგრძელებს. 31 მარტის მდგომარეობით, კომპანიის ფულადი სახსრები და მოკლევადიანი ინვესტიციები $28.4 მილიარდს შეადგენდა, ხოლო საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული ნაღდი ფული – $5.3 მილიარდს. გარდა ამისა, UnitedHealth აქციონერებს უხდის დივიდენდს 1%-ის ოდენობით, რაც S&P 500-ის საშუალო დივიდენდურ ანაზღაურებაზე (1.4%) ოდნავ ნაკლებია.
მიუხედავად იმისა, ორიენტირებული ხართ ფულადი სახსრების განმეორებად ნაკადზე თუ გრძელვადიან ზრდაზე, UnitedHealth, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში შესანიშნავი ინვესტიცია იყოს.
- Amazon
ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია – Amazon კიდევ უფრო მდიდარი გიგანტია. გასული წლის ბოლოსთვის, მისი ნაღდი ფული და ადვილად რეალიზებადი ფასიანი ქაღალდები $96 მილიარდს აჭარბებდა. წლის განმავლობაში, კომპანიამ, თავისი ყოველდღიური ოპერაციებიდან $46.3 მილიარდი გამოიმუშავა.
შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ ამაზონის მოგების მარჟა გასულ წელს მხოლოდ 7%-ს შეადგენდა, ხოლო პანდემიამდე – 5%-ს. მაგრამ როდესაც ბიზნესი შთამბეჭდავ $469.8 მილიარდის ტოლ შემოსავალს გამოიმუშავებს, რაც ამაზონმა 2021 წელს შეძლო, არ არის საჭირო უფრო მტკიცე მარჟის არსებობა იმისთვის, რომ კომპანია წარმოუდგენლად მომგებიანი იყოს. წმინდა შემოსავალმა ამ პერიოდში $33.4 მილიარდი შეადგინა.
მიუხედავად Whole Foods-ის შეძენისა და ამაზონ ვებ სერვისებში (AWS) წარმატებული ქლაუდ ბიზნესის განვითარებისა, კომპანიის ბირთვს მაინც ონლაინ მაღაზიები და მესამე მხარის გამყიდველი სერვისები (მაგ., შესრულებისა და მიწოდების საფასური) შეადგენს. ამ ორმა სეგმენტმა გასულ წელს კომპანიას $325.4-ის ტოლი შემოსავალი მოუტანა, რაც ამაზონის მთლიანი შემოსავლის თითქმის 70%-ს წარმოადგენს.
ტექნოლოგიური კომპანია ჯერ კიდევ სავსეა პოტენციალით, რის გამოც მისი მზარდი პოტენციალის აქციები შესანიშნავი არჩევანია სამუდამოდ შესანახად.
- Walmart
Walmart არის კიდევ ერთი კომპანია, რომელში ინვესტირებასაც დიდი ფიქრი არ სჭირდება, თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ხართ ორიენტირებული. მისი დივიდენდური ანაზღაურება 1.4%-ს შეადგენს და კომპანია, Amazon-ის მსგავსად, გამოიმუშავებს ძლიერ მოგებას არა მაღალი მარჟის, არამედ დიდი მოცულობის მეშვეობით. Walmart-ის მცირე – 2.4%-იანი წმინდა მარჟა, ბევრი ბიზნესისთვის უსიამოვნების მომტანი იქნებოდა, მაგრამ მასიური გაყიდვებისა (31 იანვარს დასრულებული წლისთვის კომპანიამ $572.8 მილიარდის ტოლი შემოსავალი გამოიმუშავა) და ფასებზე ზეგავლენის უნარის საშუალებით, Walmart-ს შეუძლია, რომ მომგებიანობა უზრუნველყოს.
კომპანიის უახლესი კვარტალურ ანგარიშის წარდგენისას, აღმასრულებელმა დირექტორმა – დაგ მაკმილონმა განაცხადა, რომ კომპანია პოულობს ახალ არეალებს, სადაც შესაძლებელია ფასების შემცირება, რაც ინფლაციის ზრდის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია.
2020 წელს Walmart+-ის გაშვება მიუთითებს კომპანიის შეუნელებელ შიშზე Amazon-თან და მის Prime სერვისთან ურთიერთობისას. ათასობით მაღაზიის ერთდღიანი მიწოდების სერვისით უზრუნველყოფით, Walmart-ს შეუძლია Amazon-ისგან შემოსავლის გარკვეული ნაწილის „მოიპაროს.“
იმის ნაცვლად, რომ გამოიცნოთ, თუ ამ ორი კომპანიიდან რომელი დაიკავებს პირველ ადგილს, უმჯობესი იქნება ინვესტიცია უბრალოდ ორივე მათგანში ჩადოთ.