პანდემია ონლაინ შოპინგისთვის უზარმაზარი კატალიზატორი იყო. გლობალური ელექტრონული კომერციის გაყიდვები $3.3 ტრილიონიდან (2019 წელი) $4.25 ტრილიონამდე (2020 წელი) გაიზარდა. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ ერთჯერადი სტიმულია, ელექტრონული კომერციის ზრდა მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მომავალშიც გაგრძელდება. რეალურად, მესამე მხარის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2025 წელს გლობალური ელექტრონული კომერციის ინდუსტრიის წილი, წლიურ დანახარჯებში $7.4 ტრილიონს მიაღწევს. ეს არის 454%-იანი ზრდა 2014 წლიდან, როდესაც ეს მაჩვენებელი $1.33 ტრილიონს შეადგენდა.
ამ სტატიაში მოცემულია სამი კომპანია, რომელიც ელექტრონული კომერციის მზარდი ტენდენციით ისარგებლებს.
- Revolve Group
Revolve Group არის ონლაინ მოდის ვებგვერდი, რომელიც ორიენტირებულია ისეთი ტანსაცმლის გაყიდვაზე, როგორიც არის კაბები ახალგაზრდა ქალებისთვის. ის მართავს ორ ვებგვერდს: წამყვან Revolve.com-სა და FWRD.com-ს, მდიდრულ ვებგვერდს, რომელიც უფრო ძვირადღირებული ნივთების გაყიდვაზე არის ფოკუსირებული. ძირითადი პროდუქტებია კაბები ღონისძიებებისთვის, როგორებიც არის ფესტივალები, ქორწილები და მსგავსი სოციალური ღონისძიებები, მაგრამ ვებგვერდებზე ასევე იყიდება სილამაზის პროდუქტები, ფეხსაცმელი და აქსესუარები.
ელექტრონული კომერციის კომპანიების უმეტესობისგან განსხვავებით, პანდემია Resolve Group-ისთვის უზარმაზარი წინაღობა იყო, რადგან მსოფლიომ დიდი სოციალური ღონისძიებები შეაჩერა. თუმცა შეერთებულ შტატებში პანდემიის შესუსტებასთან ერთად, Resolve Group კვლავ ძლიერ ზრდას განაგრძობს. 2021 წლის მეოთხე კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 70%-ით – $240 მილიონამდე, ხოლო წმინდა მოგება წელიწადში 55%-ით – $29.4 მილიონამდე გაიზარდა.
ეს ყველაფერი მანამ, სანამ მუსიკალური ფესტივალის სეზონი დაიწყება, სადაც Revolve თავის ძლიერ მარკეტინგულ და წარმომადგენლობით კამპანიებს ატარებს. მაგალითად, აშშ-ის უდიდეს მუსიკალურ ფესტივალზე – Coachella, კომპანიას აქვს საკუთარი გვერდითი ღონისძიება სახელწოდებით – Revolve Festival, რომელშიც მონაწილეობს ყველა მისი წარმომადგენელი და გავლენიანი პარტნიორი. როგორც კი ეს პროცესები, ორწლიანი პაუზის შემდეგ, სრულად ამუშავდება, Revolve-ის ზრდა, შეიძლება, მომდევნო კვარტლებში კიდევ უფრო დაჩქარდეს.
Revolve Group-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.9 მილიარდს შეადგენს. 2021 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით $100 მილიონს შეადგენდა, ხოლო P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 39-ს უტოლდებოდა. ამ ეტაპისთვის ეს ძვირია, მაგრამ მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიისგან სრულად აღდგება და Revolve წმინდა მოგებას გაზრდის, P/E კოეფიციენტიც შემცირდება.
- Coupang
Coupang არის ყოვლისმომცველი ელექტრონული კომერციის და ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ორიენტირებულია სამხრეთ კორეის ბაზარზე. მისი ბიზნეს მოდელი Amazon-ის მსგავსია. მესამე მხარის გამყიდველებისგან ასობით ათასი პროდუქტის არჩევანით, მიწოდების ქსელით და სწრაფად მზარდი რეკლამირების ბიზნესით კომპანიამ შეძლო ბაზრის წილი 7.4%-დან (2017 წელი) 15.7%-მდე (2021 წელი) გაეზარდა.
2021 წელს Coupang-ის წმინდა მოგება 54%-ით – $18.4 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 18 მილიონს მიუახლოვდა. ელექტრონული კომერციის ძირითადი ბიზნესის გარდა, Coupang იყენებს მომარაგების ქსელს სასურსათო პროდუქტის მიწოდების სერვისების გასაზრდელად. ყველა ამ დამხმარე პროდუქტთან ერთად, გასაკვირი არ არის, რომ კომპანიის შემოსავლის წილი ერთ აქტიურ მომხმარებელზე 2021 წლის მეოთხე კვარტალში წლიდან წლამდე 11%-ით – $256-დან $283-მდე გაიზარდა. ამ საზომს ინვესტორებმა თვალყური უნდა ადევნონ, რადგან სწორედ ის შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ სამხრეთ კორეაში კომპანიის საბაზრო წილი იზრდება.
ამჟამად Coupang-ის საბაზრო კაპიტალი $32 მილიარდს შეადგენს. ძნელია ბიზნესის შეფასება, რადგან ჯერ არ ქმნის მოგებას ან პოზიტიურ ფულად ნაკადებს, თუმცა მენეჯმენტი ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, კომპანიის კორექტირებული EBITDA (შემოსავალი, საშემოსავლო გადასახადების, ცვეთის და ამორტიზაციის დაქვითვამდე) მარჟა შეიძლება იყოს 7%-დან 10%-მდე, ხოლო მთლიანი მარჟა – 27%-დან 32%-მდე.
კომპანიის $18.4 მილიარდის ტოლი შემოსავლის გათვალისწინებით და 7%-იანი მარჟის გამოყენებით, Coupang-ის მოგება შარშან $1.3 მილიარდი იქნებოდა. კომპანიის სწრაფი ზრდის ტემპის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი აქციები არის დამაჯერებელი საინვესტიციო შესაძლებლობა, თუ ფიქრობთ, რომ სავარაუდო 7%-იანი ან უფრო მაღალი მოგების მარჟა მიღწევადია.
3. Amazon
ბოლოს კი, ჩვენ გვაქვს Amazon – ელექტრონული კომერციის ბიზნესი შეერთებულ შტატებში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $1.7 ტრილიონამდე გაიზარდა. 2021 წელს კომპანიამ $470 მილიარდის ოდენობით შემოსავალი და $25 მილიარდის ტოლი საოპერაციო შემოსავალი გამოიმუშავა. მიმდინარე ფასებში, ეს ნიშნავს 68-ის ტოლ P/OI (აქციის ფასი/საოპერაციო შემოსავალი) კოეფიციენტს.
Coupang-ის მსგავსად, ამაზონმა, პანდემიის დაწყებიდან, მოთხოვნის შესანარჩუნებლად მძიმე საინვესტიციო ციკლი გაიარა. კომპანიის მიერ გაწეულმა ხარჯებმა იმოქმედა მოკლევადიან დროში მოგებაზე. მაგრამ ინვესტორებს, უფრო მეტი დაკვირვების შემთხვევაში შეუძლიათ დაინახონ, რომ ამაზონმა შექმნა ძალიან მომგებიანი ბიზნესი, რომელიც კომპანიას კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს და მომდევნო ათწლეულისთვის აქციების ფასების ზრდის საფუძველს წარმოადგენს.
ამაზონის ვებ სერვისებმა (AWS), ქლაუდ კომპიუტერულმა განყოფილებამ, რომელიც ინტერნეტის ხერხემალია, გასულ წელს $62.2 მილიარდის ოდენობის შემოსავალი და $18.5 მილიარდის ტოლი საოპერაციო შემოსავალი გამოიმუშავა. 2017 წელს ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ $17.5 მილიარდს შეადგენდა. იქიდან გამომდინარე, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ამაზონი ქლაუდ გამოთვლებზე გადავიდა, AWS-ს მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, რაც კომპანიის აქციონერებისთვის შესანიშნავი სიახლეა.
გარდა ამისა, ამაზონმა ახლახან დაიწყო თავისი სარეკლამო ბიზნესი. მხოლოდ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, სარეკლამო სეგმენტმა კომპანიას $9.7-ის ტოლი შემოსავალი მოუტანა და ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე 33%-ით იზრდებოდა.
რთულია Amazon-ის აქციების ერთი საზომით შეფასება, მაგრამ ელექტრონული კომერციის პოტენციალის, AWS-სა და რეკლამირების სეგმენტის პერსპექტივების გათვალისწინებით, ეს კომპანია მომდევნო 3-5 წლის პერიოდისთვის მომგებიანი საინვესტიციო არჩევანი უნდა იყოს.