არცერთი საფონდო ინვესტიცია არ არის აბსოლუტურად ურისკო. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ზოგიერთი აქციის ყიდვა სხვებზე უფრო ნაკლები რისკის შემცველია. ისეთი კომპანიების, რომლებიც მხოლოდ ყველაზე წარმოუდგენელი ეკონომიკური გარემოებების მიმართ არის დაუცველი, სულ მცირე რაოდენობამ შეიძლება დაიმსახუროს „უტყუარის“ სტატუსი.
მოდით, დეტალურად განვიხილოთ სამი „უტყუარი“ ინვესტიცია, რომელიც თითქმის ნებისმიერ საინვესტიციო პორტფელს მოერგება.
- Hormel Foods
კომპანია თავს სტილითა და ამაღელვებლობით არ იწონებს, მაგრამ იმას, რაც Hormel Foods-ს ამ კუთხით აკლია, ბაზრის მოთხოვნებისადმი მუდმივი შესაბამისობით ანაზღაურებს.
თუ ფულადი სახსრები შეუმცირდებათ, მომხმარებლებმა შეიძლება აირჩიონ უბრალოდ დასვენება და უარი თქვან შვებულების სადმე კურორტზე გატარებაზე. მათ, შესაძლოა, გააუქმონ საკაბელო ტელევიზია ან ახალი მანქანის შეძენა გადადონ. ადამიანისთვის ჭამა პირველადი მოთხოვნილებაა და ის ამისთვის თითქმის ნებისმიერ ფასს გადაიხდის.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ Hormel მუდმივად ცვალებადი გარემოს მიმართ სრულიად იმუნურია. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ყოველ კვარტალში მომგებიანია (და ეს მოგება ზოგადად გაიზარდა), თითოეული კვარტალი, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ყოველთვის უფრო მომგებიანი არ იყო.
2019 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებამდე, Hormel, ისევე როგორც სხვა მისი მსგავსი კომპანიები, ხარჯებისა და ფასების წინაღობის წინაშე დადგა. კორონავირუსული ინფექციის შედეგები და ინფლაციის შემდგომი მატება, რეალურად, კომპანიისთვის ფინანსურად მომგებიანი აღმოჩნდა – ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით. როგორც ნავარაუდევი იყო, სხვა კვების პროდუქტების კომპანიების მსგავსად, Hormel-საც შეუძლია თავისი ხარჯების დიდი ნაწილი მომხმარებლებზე გადაიტანოს.
თუმცა ეს არ არის მთავარი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავისი კარგად განმტკიცებული ბრენდების საშუალებით, როგორებიც არის Dinty Moore, Planters, Skippy და, რა თქმა უნდა, თავად Hormel (სხვა დანარჩენებთან ერთად), ამ კვების კომპანიამ თავისი სიძლიერე დაამტკიცა.
- American Express
ერთი შეხედვით, გაზვიადებულად გვეჩვენება ვუწოდოთ უტყუარი ინვესტიცია ისეთ საკრედიტო კომპანიას, როგორიც არის American Express. განა დამღუპველი ეკონომიკა ან ისეთი ალტერნატივების გამოჩენა, როგორიც არის „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ სესხების გაცემა კონსუმერიზმის ამ ასპექტს საფრთხეს არ შეუქმნის? სინამდვილეში, პასუხია არა. რეალობა ასეთია: მსოფლიო საკრედიტო ბარათების ვალებით ცხოვრებაზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ამერიკელმა მომხმარებელმა, საკრედიტო ბარათის ვალის გადახდის მიმართულებით, პანდემიის პირველ დღეებში (როდესაც დახარჯვის ცოტა შესაძლებლობა იყო) მცირე პროგრესს მიაღწია, მომხმარებლების უმეტესობამ პანდემიამდელი ხარჯვის ჩვევები აღადგინა. ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი იუწყება, რომ აშშ-ში საკრედიტო ბარათის მთლიანმა დავალიანებამ პიკს – $930 მილიარდს 2019 წლის ბოლო კვარტალში მიაღწია, შემდეგ, 2021 წლის პირველ კვარტალში $770 მილიარდამდე შემცირდა და გასული წლის ბოლოს $860 მილიარდამდე გაიზარდა.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მდგომარეობა პრობლემას უქმნის ისეთ შუამავლებს, როგორიც არის American Express. თუმცა, ეს დრო განსხვავდება იმ პრობლემებისგან, რომელიც დაკრედიტების ინდუსტრიას 2007 წელს შეექმნა. ამჯერად, მომხმარებლები ბევრად უფრო კრედიტუნარიანები არიან და მათი საკრედიტო შეფასებებიც უმჯობესდება, სესხების ვადაგადაცილებების შემთხვევები კი მცირდება. საკრედიტო ბარათების კომპანიებისთვის ეს იდეალური ფონია.
მიზეზი, თუ რატომ აჯობა American Express-მა Visa-სა და Mastercard-ს და ამ ჩამონათვალში ადგილი დაიკავა, არის ის, რომ ეს კომპანია უბადლოა ბარათების მფლობელთა შეღავათების ეკოსისტემის შექმნაში. სწორედ ამიტომ, წლევანდელი პროგნოზირებული 18.5%-იანი და მომავალი წლის 12.1%-იანი ზრდა არც თუ ისე უჩვეულოა.
- Apple
და ბოლოს, Apple საკმაოდ პროგნოზირებადი არჩევანია, მაგრამ მის საინვესტიციო პორტფელში დამატებას შეუძლია წლების შემდეგ დიდი სარგებელი მოგიტანოთ.
Apple არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სმარტფონის – iPhone-ის შემქმნელი კომპანია. სტატისტიკის გამომთვლელი – Global Stats მიუთითებს, რომ Apple-ის მოწინავე მოწყობილობამ, გასული წლის მეორე ნახევარში Samsung-ს მთლიანი მობილური მოწყობილობების ბაზრის უდიდესი წილი წაართვა, მიუხედავად იმისა, რომ Counterpoint Research-ის თანახმად, iPhone-ს ბევრად უფრო მაღალი საშუალო გასაყიდი ფასი ($825) აქვს.
ეს იმის დასტურია, თუ რამდენად მზად არიან Apple-ის ლოიალური მომხმარებლები კომპანიის პროდუქტებისთვის მაღალი ფასის გადასახდელად. შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სმარტფონების ბაზრის გაჯერება და კონკურენცია საბოლოოდ Apple-ის iPhone-ს დაეწიოს, მაგრამ ეს დრო, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ დადგება.
Apple ქმნის საკუთარ აპლიკაციებს და ციფრულ გასართობ ეკოსისტემას, რომელიც, შეიძლება, ჯერ კიდევ არ იყოს ინდუსტრიაში უდიდესი ძალა, მაგრამ ეს კომპანიის ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილად ყალიბდება. ციფრულმა სერვისებმა გასული ფისკალური წლის ზედა ხაზის (კომპანიის შემოსავალი ან მთლიანი გაყიდვები) თითქმის 19% შეადგინა, მაგრამ კომპანიის მოგების 31%-ზე მეტს მიაღწია. კომპანიის სერვისების ბიზნესის ოდნავმა ზრდამაც კი შეიძლება გამოიწვიოს წმინდა მოგების გადაჭარბებული ზრდა.