დივიდენდ არისტოკრატები არის აქციები, რომლებმაც დივიდენდების გაზრდა ზედიზედ მინიმუმ 25 წლის განმავლობაში მოახერხა. ისინი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო შემოსავლიანი აქციებია, თუმცა, მათ ყოველთვის კარგი დივიდენდური სარგებელი არ ახასიათებს.
სამი გამონაკლისი აქცია არის Medtronic, Chevron და Target. თითოეულის დივიდენდური სარგებელი S&P 500-ის საშუალო 1.7%-ს აღემატება. ერთობლივად ეს აქციები თქვენი საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციაში დაგეხმარებათ.
- Medtronic
Medtronic სამედიცინო მოწყობილობების კომპანიაა, რომელიც თავის პროდუქტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდის. მისი პროდუქტები 70-ზე მეტი დაავადების სამკურნალოს გამოიყენება. მრავალფეროვნება და დივერსიფიკაცია Medtronic-ს საშუალებას აძლევს, რომ ჯანდაცვის ინდუსტრიის მთავარ მოთამაშედ და ინვესტორებისთვის უსაფრთხო თავშესაფრად იქცეს.
თუმცა, ინვესტორები ზედმეტ ზრდას არ უნდა ელოდონ. Medtronic-ის გაყიდვებმა 30 აპრილს დასრულებული წლის განმავლობაში $31.7 მილიარდი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-იანი ზრდაა. ეს უზარმაზარი მატება არ არის, მაგრამ ბიზნესი სტაბილურია. კომპანიამ გასული ოთხი ფისკალური წლის განმავლობაში მინიმუმ $3 მილიარდის მოცულობის მოგება დააფიქსირა.
ერთი რამ, რისი იმედიც ინვესტორებს აქვთ არის დივიდენდების ზრდა. ამ წლის დასაწყისში კომპანიამ დივიდენდური ანაზღაურების 8%-იანი ზრდა გამოაცხადა. უკვე ზედიზედ 45 წელია, რაც Medtronic დივიდენდებს ყოველწლიურად ზრდის, რაც მას ჯანდაცვის ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო დივიდენდ არისტოკრატად აქცევს. კომპანიის დივიდენდური სარგებელი ამჟამად 3%-ს შეადგენს.
Medtronic-ის აქციების ფასი ახლა 52-კვირიანი მინიმუმის სიახლოვეს არის და, შესაძლოა, ახლა ამ კომპანიაში ინვესტირებისთვის შესანიშნავი დრო იყოს.
- Chevron
ნავთობის ფასმა ახლახან ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის Chevron ეს ძალიან ხელსაყრელია. როგორც ყოველთვის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიების აქციების შემთხვევაში, რისკი სასაქონლო ფასების ცვალებადობაა. მაგალითად, თუ უკრაინაში მიმდინარე ომი ხვალ დასრულდება, ამან, შესაძლოა, ნავთობის ფასი მკვეთრად შეამციროს, რადგან გაიზრდება ოპტიმიზმი იმის შესახებ, რომ ბაზარზე ნავთობის მიწოდება მალე ხელმისაწვდომი გახდება. მაგრამ ამ ტიპის გეოპოლიტიკური საკითხების პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია. Chevron-ის აღმასრულებელი დირექტორი – მაიკლ ვირტი კვლავ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ნავთობის ფასები, ბაზრებზე მიწოდების ნაკლებობის გამო, შესაძლოა კვლავ გაიზარდოს.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასების კლების შემთხვევაში Chevron-ის აქციები, შესაძლოა, დაუცველი იყოს, თქვენს საინვესტიციო პორტფელში ამ კომპანიის აქციების დამატება, შეიძლება, ჰეჯირებისა და დივერსიფიკაციის გზა იყოს. ვერავინ იტყვის, თუ რა მიმართულებით იმოძრავებს ნავთობის ფასები და ისეთი ტოპ დივიდენდური აქციის ფლობა, როგორიც არის Chevron, რომელმაც დივიდენდური ანაზღაურება ზედიზედ 35 წლის განმავლობაში გაზარდა, შეიძლება, ჭკვიანური ნაბიჯი იყოს. 4.1%-იანი დივიდენდური სარგებლით Chevron ამ სიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი აქციაა.
- Target
Target-ის აქციების ფასი ამ წელს მცირდებოდა, რადგან საცალო მოვაჭრე ზედმეტი მარაგების მოცილებას ცდილობდა. საცალო ვაჭრობის გიგანტი, ინდუსტრიის სხვა მონაწილეების მსგავსად, ძალიან მცირე მარაგების ქონიდან ჭარბ მარაგებზე გადავიდა. მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა კომპანიის აქციების ფასი 52-კვირიან მინიმუმამდე მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ აქციების ფასი 30 ივნისს მიღწეული მინიმუმიდან – $137.16-დან გაიზარდა, ახლა ეს მაჩვენებელი მაქსიმუმთან შედარებით კვლავ 40%-ით არის შემცირებული.
თუმცა, მარაგების პრობლემა დროებითი უნდა იყოს. შესაძლოა, ეს Target-ისთვის რამდენიმე ცუდ კვარტალს ნიშნავდეს, სანამ საკითხი მოგვარდება და მენეჯმენტი ოპერაციებს მოაწესრიგებს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორებისთვის ის ხარისხიან დივიდენდურ აქციად რჩება.
Target არის ერთადერთი აქცია ამ სიაში, რომელიც დივიდენდ არისტოკრატის გარდა, დივიდენდ მეფეც არის – ზედიზედ 50 წელზე მეტია, რაც კომპანია დივიდენდურ ანაზღაურებას ზრდის. ამ წელს Target-ის აქციების ფასის 35%-იანმა ვარდნამ დივიდენდური სარგებელი წელიწადში დაახლოებით 3%-მდე გაზარდა.
Target-ის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ახლა დაახლოებით 12-ს შეადგენს. ეს შეიძლება იყოს კარგი, იაფი აქცია, რომელიც შეგიძლიათ თქვენს საინვესტიციო პორტფელს ახლავე დაამატოთ. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს მარტივი მოგზაურობა არ იქნება, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, Target, სავარაუდოდ დიდ სარგებელს მოგიტანთ.