Amazon-ისა და Alphabet-ის აქციების ფასები საკმაოდ აჭარბებს $2000-ს, Tesla-ს აქციების ფასი კი $1000-ზე ოდნავ ნაკლებია. ადვილია დავასკვნათ, რომ თუნდაც სულ რამდენიმე დიდებული მზარდი პოტენციალის აქციის შეძენა ძვირადღირებული საქმე იქნება.
თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ახლა ხელმისაწვდომია უამრავი მშვენიერი მზარდი პოტენციალის აქცია, რომლის ფასიც $100-ზე ნაკლებია. ამ სტატიაში 3 ასეთ აქციას გაეცნობით.
Starbucks
გარდა იმისა, რომ Starbucks-ის თანამშრომლები პროფკავშირებში ერთიანდებიან, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი – ჰოვარდ შულცი, თავის პოზიციას დაუბრუნდა. მთელ ამ გარდამავალ გაურკვევლობას მიუმატეთ შულცის გადაწყვეტილება კომპანიის მიერ აქციების გამოსყიდვის შეჩერების შესახებ და ნახავთ, რომ სანერვიულო ბევრია.
ინვესტორებს, რა თქმა უნდა, ეს არ გამორჩენიათ. აქციების ფასი ივლისის პიკიდან 37%-ით შემცირდა, ამ სისუსტის უმეტესი ნაწილი თანამშრომლების პროფკავშირებში გაერთიანებას და ინფლაციას ასახავს. ამჟამად Starbucks-ის თითო აქციის ფასი $79.50-ს შეადგენს.
თუმცა ამ ბოლო დროს ძირითადად დავიწყებულია ის ფაქტი, რომ Starbucks ყავის მაღაზიებში ლიდერად რჩება. 34,000-ზე მეტი მაღაზიის წყალობით, კომპანია კარგად არის ბაზარზე პოზიციონირებული იმისთვის, რომ ახლა ნებისმიერი წინაღობა გადალახოს. წარსულში Starbucks-მა უფრო დიდ სირთულეებსაც გაუძლო.
Uber
სულ რაღაც 2 წლის წინ, გაურკვეველი იყო გახდებოდა თუ არა სამგზავრო კომპანია – Uber Technologies ნამდვილად სიცოცხლისუნარიანი. მართლაც, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ კომპანია, პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნის გაგრძელების შემთხვევაში, ვერ გადარჩებოდა.
რამდენიმე ძირითადმა ხელშემწყობმა ფაქტორმა სწორედ საჭირო დროს იჩინა თავი. ერთ-ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნაა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევები მთელ მსოფლიოში კვლავ გამოვლენილია, გასულ წელთან შედარებით შემოსავალი 50%-ზე მეტით გაიზარდა.
სხვა (და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი) განვითარება არის Uber-ის უმგზავრო მიწოდების სერვისი, კერძოდ – Uber Eats, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. გარდა ამისა, Uber, თავისი აპლიკაციის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაჯავშნონ ფრენები და დაიქირაონ მანქანები, რაც ძალიან კომფორტულია.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ ამ წელს შემოსავლის 57%-ით ხოლო მომავალ წელს – 23%-ით ზრდას. ამან კომპანიის მომგებიან ზონაში გადასვლას უნდა შეუწყოს ხელი. Uber-ის თითო აქციის ფასი ამჟამად მხოლოდ $32.68-ს შეადგენს.
Snap
და ბოლოს, ამ სიას დაამატეთ Snap.
Snap არის სოციალური ქსელის აპლიკაციის – Snapchat-ის მშობელი. ბოლო მონაცემებით, Snapchat-ის ყოველდღიური მომხმარებლების რაოდენობა 319 მილიონს შეადგენს. კომპანია ამ მაჩვენებელს მესამე კვარტლიდან (306 მილიონი) თანმიმდევრულად ზრდის, როდესაც Facebook-ს ამ მხრივ კლების ტენდენცია ახასიათებს.
ეს ფაქტი, შეიძლება, ორი მიზეზით აიხსნას. პირველი: 2 მილიარდი ყოველდღიური მომხმარებლისა და თითქმის 3 მილიარდი ყოველთვიური მომხმარებლის ფონზე, Facebook-ისთვის რთულია ისეთი ადამიანების პოვნა, რომლებიც ამ სოციალური მედიის პლატფორმას არ იყენებენ. მეორე: Facebook-ის ღია ბუნება მას ბოროტად გამოყენებისა და სოციალურად ტოქსიკური ურთიერთქმედების მიმართ დაუცველად აქცევს. დაცინვით დაღლილი ხალხი ინტერესს კარგავს.
Snapchat-ის პლატფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება იმით, რომ მომხმარებელთა არხები ძირითადად შემოიფარგლება მეგობრების პოსტებით და ამ სივრცეში სულაც არ არის წახალისებული დისკუსიები, რომლებიც კამათად იქცევა.
ეს არის დიდი მიზეზი იმისა, რომ Snap-ს ზრდის ბევრად დიდი პოტენციალი აქვს. მოსალოდნელია, რომ კომპანიის გაყიდვები ამ წელს 37%-ზე მეტით გაიზრდება მანამ, სანამ, მომავალ წელს, Snap შემოსავლებს 42%-ით გაზრდის. ეს კი ამ ორი წლის განმავლობაში თითო აქციაზე მოგებას (EPS) გააორმაგებს.
ჭკვიანური იდეები, როგორიც არის მომხმარებლებისთვის Youtube-ის ვიდეოების გაზიარების მარტივი გზების შეთავაზება და ვირტუალური რეალობის მიმართულებით განხორციელებული მცდელობები, რომლებიც აპლიკაციას მეტავერსისთვის ამზადებს, არის მხოლოდ რამდენიმე გზა, რომლითაც ეს კომპანია მუდმივი ზრდისთვის არის შექმნილი. მიუხედავად აქციების ფასების ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით 60%-იანი კლებისა, ეს კომპანია შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობაა, რომლის თითო აქციის შეძენა ახლა მხოლოდ $33.19-ად შეგიძლიათ.