ეს წელი ინვესტორებისთვის რთული იყო, წლის დასაწყისიდან ივნისამდე S&P 500 20%-ით შემცირდა და ოფიციალურად bear market-ის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირების ხილვა ძალიან შემაშფოთებელია, თუმცა, რამდენად არასასიამოვნოც არ უნდა იყოს bear ბაზრები, ისინი საფონდო ბირჟის აუცილებელი ნაწილია. გარკვეულ მომენტში მასიური გაყიდვები დასრულდება.
Bear market-ის დასრულების დროის განსაზღვრა რთულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი საინვესტიციო მიდგომა შეინარჩუნოთ და ფოკუსირდეთ ისეთი მაღალი ხარისხის კომპანიების შეძენაზე, რომლებსაც კონკურენტული უპირატესობა გააჩნია. ამის გათვალისწინებით, დღევანდელ სტატიაში მოცემულია სამი შესანიშნავი კომპანია, რომელთა შეძენაც, შესაძლოა, დღეს ღირდეს.
- FactSet Research Systems
FactSet Research Systems ინვესტორებს აწვდის ფინანსურ მონაცემებსა და ანალიტიკას საინვესტიციო შესაძლებლობების კვლევისთვის, საინვესტიციო პორტფელის შესაქმნელად და რისკის სამართავად. გამოწერაზე დაფუძნებული ბიზნეს მოდელის საშუალებით ისეთი პროდუქტებით, როგორიც არის პორტფელის ანალიტიკა და ბაზრის მონაცემები, კომპანია ნაღდ ფულს გამოიმუშავებს.
2021 წელი კომპანიისთვის რეკორდული იყო, რადგან, ბაზრის არასტაბილურობის მიუხედავად, მას შენელების ნიშნები არ უჩვენებია. უახლესი კვარტალური ანგარიშის წარდგენისას კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შემოსავალმა $489 მილიონი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 22%-ით ზრდაა. საოპერაციო ხარჯები უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე შემოსავალი, რამაც წლის განმავლობაში შემოსავლის 26%-ით შემცირება გამოიწვია. თუმცა, ხარჯების ზრდის ნახევარი იჯარით აღებული საოფისე ფართის გათავისუფლებით იყო გამოწვეული, რადგან ის ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა.
FactSet-ს შთამბეჭდავს მისი თანმიმდევრული ზრდა ხდის. კომპანიამ შემოსავლის გაზრდა ზედიზედ 41 წლის განმავლობაში მოახერხა. ბოლო ათწლეულის მანძილზე შემოსავალი 8%-იანი კომბინირებული წლიური ზრდის ტემპით (CAGR) გაიზარდა, ხოლო მოგება ერთ აქციაზე (EPS) 10.6% CAGR-ით.
გასულ წელს FactSet-მა $50 მილიონად შეიძინა Cobalt Software – კომპანია, რომელიც კერძო ინდუსტრიისთვის პორტფელის მონიტორინგს უზრუნველყოფს.
FactSet გამოწერაზე დაფუძნებული მოდელის საშუალებით ინვესტორებისთვის მონაცემთა მიწოდების მხრივ შესანიშნავ საქმეს აკეთებს, რაც მას შემოსავლის სტაბილური წყაროთი და სოლიდური მოგების მარჟით უზრუნველყოფს. Bear market-ის პირობებში შესაძენად ეს შესანიშნავი აქციაა.
- MSCI
MSCI ინვესტორებს სთავაზობს ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ პორტფელის აგებაში, რისკების მართვაში ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობითი) გადაწყვეტილებების შემუშავებასა და ინდექსის პროდუქტების მართვაში ეხმარება. კომპანიას 95 ქვეყნის მასშტაბით 6300 კლიენტი ჰყავს, მათ შორის არის საპენსიო ფონდები, ცენტრალური ბანკები, აქტივების მენეჯერები და სხვა ფინანსური პროფესიონალები.
კომპანია, ალბათ, ყველაზე ცნობილი თავისი ინდექსის პროდუქტებით არის, რომლებიც მისი მთლიანი შემოსავლის 61%-ს შეადგენს. მისი უმსხვილესი კლიენტია BlackRock, რომელიც შემოსავლის 12.7%-ს წარმოადგენს. თითქმის მთელი ეს შემოსავალი მის ინდექსებზე დაფუძნებულ BlackRock-ის ETF-ზე მოდის.
MSCI-მ ცოტა ხნის წინ თავისი საუკეთესო პირველი კვარტალი ჩაატარა, რადგან საოპერაციო შემოსავალი წელიწადში 17%-ით გაიზარდა, ხოლო EPS – 18%-ით.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში MSCI-ის შემოსავალი 8.6%-იანი CAGR-ით გაიზარდა, ხოლო მისმა თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა 10.8%-ის ტოლი CAGR-ით მოიმატა. MSCI ინდექსური პროდუქტების შემუშავებაში სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მოთამაშეა და მისი შემოსავალი ამა აჩვენებს. ეს არის კიდევ ერთი ვარსკვლავური აქცია, რომლის შეძენაც ამ bear market-ზე ღირს.
- S&P Global
როდესაც კომპანიები ვალის გაცემას აპირებს, საკრედიტო რეიტინგის სააგენტოები, როგორიც არის S&P Global, აანალიზებს ბიზნესის რისკებს და ანიჭებს რეიტინგს, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს, თუ რამდენ პროცენტს გადაუხდის კომპანია კრედიტორებს.
S&P Global სესხების ბაზრების განუყოფელი ნაწილია და რეგულაციები იწვევს შესვლის მაღალ ბარიერებს, რაც S&P Global-ს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს. ამიტომაც, S&P Global-სა და Moody’s-ს, თითოეულს, ბაზრის დაახლოებით 40% უკავია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში S&P Global-ის მთლიანი მოგების მარჟა საშუალოდ 70%-ს შეადგენდა.
კომპანია თავისი შემოსავლის დაახლოებით 50%-ს გამოიმუშავებს საკრედიტო რეიტინგის ბიზნესიდან, რომელიც წელს საგრძნობლად შენელდა, რადგან აშშ-ში სესხების ემისია 35%-ით შემცირდა. თუმცა, S&P Global-ის სხვა ბიზნესები, როგორიც არის კვლევები, ანალიტიკა და საინდექსო პროდუქტები, გასულ წელთან შედარებით პირველ კვარტალში 51%-ით გაიზარდა.
S&P Global კიდევ ერთი ვარსკვლავური ბიზნესია, რომელმაც ინვესტორები დივიდენდების ყოველწლიურად გაზრდით ზედიზედ 49 წლის განმავლობაში დააჯილდოვა – კომპანიას დივიდენდ მეფის სტატუსამდე ერთი წელი აშორებს. კომპანიის უპირატესობებისა და ფულადი ნაკადების გამომუშავების გათვალისწინებით, S&P Global კიდევ ერთი კომპანიაა, რომლის ყიდვაც ღირს მანამ, სანამ ეს bear market დასრულდება.