საინვესტიციო პორტფელში დივიდენდური აქციების დამატება გონივრული ნაბიჯია. თუმცა მთავარი მიზანია მოიძიოთ აქციები, რომლებსაც დივიდენდების გადახდა გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლია. ასეთ ბიზნესს, როგორც წესი, რამდენიმე განმსაზღვრელი მახასიათებელი აქვს: ცნობილი და სანდო ბრენდი, წლების განმავლობაში დივიდენდების გაზრდის დიდი გამოცდილება და უხვი ფულადი ნაკადების შექმნა.
საინვესტიციო პორტფელში დივიდენდური აქციების დაგროვებით, შეგიძლიათ დივიდენდების სტაბილური ნაკადით ისარგებლოთ, რომელიც, შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი აქციები შეინახოთ და თავისუფალი ნაღდი ფულის არსებობის შემთხვევაში უფრო მეტი პოზიცია დაამატოთ.
ამ სტატიაში მოცემულია 3 აქცია, რომელიც მზად არის დივიდენდური შემოსავლით სიცოცხლის ბოლომდე უზრუნველგყოთ.
Tractor Supply
Tractor Supply არის უმსხვილესი ამერიკული საცალო მაღაზიების ქსელი, რომელიც ყიდის პროდუქტებს სახლის გაუმჯობესებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, ბაღის მოვლისთვის და ა. შ. 2021 წელის მონაცემებით, 49 შტატის მასშტაბით, კომპანიის 2,003 მაღაზია ფუნქციონირებს. Tractor Supply-ისთვის პანდემია კატალიზატორი იყო, რომელმაც ბევრ ადამიანს სახლებსა და ფერმებზე კონცენტრირებისკენ უბიძგა. კომპანიის წმინდა გაყიდვები $8.3 მილიარდიდან (2019 წელი) $12.7 მილიარდამდე (2021 წელი) გაიზარდა, ხოლო იმავე პერიოდში წმინდა შემოსავალმა 77%-ით – $997.1 მილიონამდე მოიმატა.
Tractor Supply-ის კვარტალური დივიდენდების გაცემის ისტორია 2010 წლიდან გააჩნია და, ფაქტობრივად, 11 თანმიმდევრული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი $0.04-დან $0.52-მდე გაიზარდა. 2022 წლისთვის კომპანიამ კვარტალური დივიდენდები 77%-ით – $0.92-მდე გაზარდა.
იმავდროულად, კომპანიის ლოიალობის პროგრამას – Neighbor’s Club ახლა 23.6 მილიონი წევრი ჰყავს რეკორდული შენარჩუნებისა და ხარჯვის მაჩვენებლებით. Tractor Supply დარწმუნებულია არა მხოლოდ 2022 წლის პერსპექტივაში, არამედ მენეჯმენტმა მაღაზიების რაოდენობის გრძელვადიანი სამიზნე 2,500-დან 2,700-მდე გაზარდა.
Tractor Supply გამოავლინა $180 მილიარდის მოცულობის პოტენციური ბაზარი, რომელიც შემდგომი ზრდისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. გარდა ამისა, კომპანიამ ახლახან გამოაცხადა პარტნიორობა Robert Bosch Tools-თან, რათა ამ ცნობილი ბრენდის ხელსაწყოები მის მზარდ პორტფელს დაამატოს. მთლიანობაში, ინვესტორების ოპტიმისტური განწყობის უამრავი მიზეზი არსებობს.
3M
3M არის მინესოტაში დაფუძნებული მწარმოებელი გიგანტი, რომელიც პროდუქციის ფართო სპექტრს აწარმოებს: ლენტები, კერამიკა, ფილტრაციის სისტემები, საკანცელარიო პროდუქტები და ა. შ. 3M ინოვაციებზეა ორიენტირებული და, ახალი პროდუქტების ნაკადის შესანარჩუნებლად, თავისი გაყიდვების 5%-6%-ს კვლევასა და განვითარებაზე ხარჯავს.
იმავდროულად, კომპანია საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩავარდნის გარეშე გასცემდა დივიდენდებს და 64 თანმიმდევრული წლის განმავლობაში დივიდენდური ანაზღაურების გაზრდა მოახერხა, რაც 3M-ს დივიდენდ მეფეების ლიგაში აერთიანებს.
არსებობს მტკიცე მიზეზები იმის დასაჯერებლად, რომ ეს გამოცდილება გაგრძელდება. 2019 წლიდან 2021 წლამდე, როდესაც მსოფლიოში პანდემია მძვინვარებდა 3M-მა წმინდა გაყიდვები გაზარდა. ამ პერიოდის განმავლობაში საოპერაციო შემოსავალი $6.2 მილიარდიდან $7.4 მილიარდამდე, ხოლო წმინდა შემოსავალი $4.5 მილიარდიდან $5.9 მილიარდამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ბიზნესმა ამ სამი წლის განმავლობაში თანმიმდევრული თავისუფალი ფულადი ნაკადები გამოიმუშავა.
3M-ის მენეჯმენტის შეფასებით, მთლიანი პოტენციური ბაზარი ისეთი სექტორებისთვის, როგორიც არის სახლის გაუმჯობესება, ჯანდაცვის IT (ინფორმაციული ტექნოლოგია), ჭრილობების მოვლა, ავტომობილები და ელექტრონული მასალები, დაახლოებით $300 მილიარდს შეადგენს, რაც კომპანიას, თავისი ამჟამინდელი $35.4 მილიარდის შემოსავლით, ზრდის საკმაო შესაძლებლობებს აძლევს.
Clorox
Clorox არის სხვადასხვა საწმენდი საშუალებების კომპანია, რომელიც მოიცავს ისეთ კარგად ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არის: Clorox, Glad, Kingsford და Pine-Sol. კომპანიის წმინდა გაყიდვები $6.2 მილიარდიდან (2019 წელი) $7.3 მილიარდამდე (2021 წელი) გაიზარდა, რადგან პანდემიამ დასუფთავების ხსნარებზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია.
ჯანსაღი, თავისუფალი ფულადი ნაკადების საშუალებით, Clorox ასევე, 5 ათწლეულის განმავლობაში იხდის წლიურ დივიდენდებს და მათ თითქმის 20 თანმიმდევრული წლის განმავლობაში ზრდის.
Clorox დარწმუნებულია შემდგომ ზრდაში თავის “IGNITE” სტრატეგიაზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს ხარჯების დაზოგვას, ასევე ტექნოლოგიებზე და მონაცემებზე დაფუძნებულ შეხედულებებს, რათა მომხმარებელთა ქცევა და ყიდვის ხასიათი უკეთ იქნას გაგებული. მონაცემთა მოპოვების ამ პროცესის მეშვეობით, Clorox იმედოვნებს, რომ განავითარებს თავისი პროდუქტების პორტფელს, რათა ცვალებად მოთხოვნებს მოერგოს, ასევე, შეინარჩუნოს მომხმარებელთა ტენდენციები და პრეფერენციები.
კომპანიას სურს გაყიდვების ზრდის გრძელვადიანი სამიზნე დიაპაზონი 2%-4%-დან 3%-5%-მდე გაზარდოს. ინვესტორებმა უნდა ირწმუნონ, რომ Clorox-ს, თავისი IGNITE სტრატეგიით, შემოსავლისა და მოგების ზრდასთან ერთად, მზარდი დივიდენდების გადახდა შეუძლია.