უეცრად ღირებულებითი აქციები აქტუალური გახდა. Nasdaq, ნოემბრის პიკთან შედარებით, თითქმის 20%-ით შემცირდა და მზარდი პოტენციალის აქციები კიდევ უფრო დაზარალდა, როდესაც Cathie Wood’s ARK Innovation ETF ყველა დროის მაქსიმუმთან შედარებით 50%-ით დაეცა.
ასეთ გარემოში, გონივრული იქნება წამგებიანი მზარდი პოტენციალის აქციებიდან ყურადღება შეუმჩნეველი ღირებულებით აქციებზე გადაიტანოთ. მიუხედავად იმისა, რომ ღირებულებით აქციებს ხშირად მოსაწყენს და ნელა მზარდს უწოდებენ, ზოგიერთ მათგანს რეალურად შესანიშნავი ზრდის პოტენციალი აქვს. მოდით, 3 ასეთ აქციას გადავხედოთ,
- Carparts.com
Carparts.com არის წამყვანი ონლაინ ავტონაწილების საცალო ვაჭრობის კომპანია. საცალო ვაჭრობის მრავალი სხვა სექტორისგან განსხვავებით, ავტომობილების ნაწილების გაყიდვის მხოლოდ მცირედმა პროცენტმა გადაინაცვლა ონლაინ პლატფორმებზე, რაც ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის Carparts.com ზრდისთვის დიდ არეალს ტოვებს.
კომპანია სწრაფად აფართოებს საწყობთა ქსელებს და ამ კვარტალში ფლორიდაში ახალი საწყობის დამატებას გეგმავს, რაც მას ქვეყნის მასშტაბით 7 ლოკაციას ნიშნავს. ახალი საწყობების დამატება ზრდის შესაძლებლობებს და აჩქარებს მიწოდების დროს. კომპანიის გრძელვადიანი მიზანია ქვეყნის 80%-ზე მეტს ერთდღიანი მიწოდებით მოემსახუროს. ცოტა ხნის წინ, მენეჯმენტმა განაცხადა, რომ გაყიდვების ზრდის მთავარი შეზღუდვა მიწოდებაა და არა მოთხოვნა, ამიტომ მზარდი მარაგები ზრდის მამოძრავებელი ფაქტორია.
შარშან შემოსავალი 34%-ით გაიზარდა და $582.4 მილიონი შეადგინა. კომპანია კი მიზნად ისახავს გრძელვადიანი შემოსავლების ყოველწლიურად 20%-25%-ით და კორექტირებული EBITDA (მოგება პროცენტების, ცვეთის და ამორტიზაციის დაქვითვამდე) მარჟის 8%-10%-ით ზრდას. ელექტრონულ კომერციაზე ორიენტირება, შეიძლება, კომპანიისთვის დიდი ხელშემწყობი ფაქტორი იყოს. გარდა ამისა, Carparts.com-ის ექსპერიმენტი, როგორიც არის მობილური მექანიკოსი, რომელიც მომხმარებელთან სახლში მივა და კომპანიის ვებსაიტიდან შეკვეთილ ნაწილს დაუმონტაჟებს, Carparts.com-ს ზრდაში დაეხმარება.
ამჟამად, კომპანიის აქციების ბაზარზე 0.6-ის ტოლი P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტით მიმოიქცევა.
- Resolute Forest Products
როგორც ცნობილია, სასაქონლო მარაგები ციკლურია და ხე-ტყის ფასების ბუმი მოულოდნელი იყო. ამ სექტორის ზოგიერთი კომპანიის აქციები, ტიპური შეფასების კოეფიციენტების საფუძველზე, ისტორიულად იაფია. მაგალითად, ხის პროდუქტების, ქაღალდის, მერქნისა და ქსოვილის კანადური მწარმოებლის – Resolute Forest Products-ის აქციების P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად მხოლოდ 2-ს შეადგენს.
2021 წელი ხე-ტყის სფეროში უნიკალური იყო. გასულ გაზაფხულს მაღალი ფასები დაფიქსირდა. ხე-ტყის ფასი ამჟამად დაახლოებით 2.36 მ³-ზე $880-ს შეადგენს, რაც ჯერ კიდევ აჭარბებს პანდემიამდელ დონეს. მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო საპროცენტო განაკვეთები იზრდება, საცხოვრებლის ეროვნული დეფიციტის გამო, სამშენებლო მასალის ფასები ამაღლებული უნდა დარჩეს.
Resolute ცვლის თავის ბიზნესს შესყიდვებისა და სხვა ნაბიჯების მეშვეობით, რათა, ქაღალდზე დაფუძნებულ პროდუქტებთან შედარებით, მაღალი მარჟის მქონე ხის პროდუქტებზე მეტი ზემოქმედების საშუალება ჰქონდეს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ხე-ტყის ფასები ამაღლებული დარჩება, Resolute-ის მოგებას კიდევ დიდი ზრდის პოტენციალი აქვს.
- RH
RH, ადრე ცნობილი, როგორც – Restoration Hardware, შეიძლება იყოს ისეთი აქციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, რომელიც ზრდისა და ღირებულების მიმზიდველ კომბინაციას გთავაზობთ.
ძლიერი ბრენდისა და აღმასრულებელი დირექტორის – გარი ფრიდმანის ხელმძღვანელობის წყალობით, ავეჯის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 1,000%-ით გაიზარდა. სახლის ავეჯის სხვა კომპანიების მსგავსად, RH პანდემიის დროს გაძლიერდა, რაც განპირობებული იყო ლოკდაუნით და სახლის ოფისების მოწყობის მიმართულებით გაწეული ხარჯებით.
თუმცა RH-ის აქციების ფასი ცოტა ხნის წინ პიკიდან 50%-ით დაეცა და კომპანიის მითითებები მოკრძალებული იყო, რომლის მიხედვითაც 2022 წელს შემოსავლის მხოლოდ ერთნიშნა ზრდა არის მოსალოდნელი.
მასიური გაყიდვების შედეგად, კომპანიის აქციები ახლა ბაზარზე მხოლოდ 13-ის ტოლი P/E კოეფიციენტით მიმოიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ წელს, შეიძლება, ზრდა შენელდეს, RH-ს დიდი გრძელვადიანი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ სასტუმროებისა და რესტორნების გახსნით, ასევე კერძო თვითმფრინავების იჯარით გაცემით, კომპანია ცხოვრების სტილის ბრენდად გარდაქმნას ცდილობს. RH-ის მენეჯმენტი ასევე გეგმავს სტრიმინგ სერვისის გაშვებას, რომელიც ორიენტირებულია არქიტექტურასა და დიზაინზე. ამით კომპანია გააძლიერებს საკუთარ ბრენდს. გარდა ამისა, RH-ის საწევრო მოდელი ხელს უწყობს მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდას და ძლიერი საოპერაციო მარჟის შენარჩუნებას.
გასული წლის შემოდგომის შემდეგ აქციების ფასის ასე შემცირება ახლა ყიდვისთვის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის.