ამჟამინდელი საფონდო ბირჟის შეფასება, შეიძლება, რთული იყოს. მზარდი პოტენციალის აქციები მწვერვალებიდან მასიურად დაეცა, ენერგეტიკული სექტორის აქციები დიდების დაბრუნებას ცდილობდნენ და თავდაცვითი აქციები კვლავ აქტუალურია. აშშ-ში ინფლაციამ 40 წლის განმავლობაში არნახულ დონეს მიაღწია და გეოპოლიტიკური ვითარება ინვესტორებს კიდევ ერთ არაპროგნოზირებად სტრესს მატებს.
მიუხედავად ყველა ამ სიახლისა, Dow Jones Industrial Average-ის ფასი $34,000-ზე მაღლა რჩება, ხოლო Nasdaq-100 ამჟამად $14,000-ის ირგვლივ ტრიალებს. სანამ მოკლევადიანი რყევები არაპროგნოზირებადია, გაეცანით ამ სტატიაში მოცემულ ორ კომპანიას, რომელიც გრძელვადიანი წარმატებისთვის არის შექმნილი.
O’Reilly Automotive
შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფაქტორი ამჟამად ინფლაციაა. მარტში აშშ-ში წლიურმა მაჩვენებელმა 8.5%-ს მიაღწია, თუმცა რამდენიმე მცირე დადებითი ინდიკატორიც იყო. საწვავისა და საკვების ხარჯები პროგნოზირებადი დონით განაგრძობდა ზრდას, ხოლო მეორეული ავტომობილების ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა. ინფლაციას, შეიძლება, O’Reilly Automotive-ზე დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდეს, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივა მტკიცედ დადებითია.
აშშ-ში ახალი და მეორეული ავტომობილების ფასები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მარტში მეორეული მანქანების ფასი შემცირდა, სავარაუდოდ, ზიანი უკვე მიყენებულია. ნახევარგამტარების დეფიციტის გამო, ახალი მანქანების ღირებულებამ მოიმატა, რამაც მეორეული მანქანების ბაზარი გაანადგურა, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ გრაფიკზეა ნაჩვენები.
ბევრი ამერიკელი იძულებული იქნება თავისი ამჟამინდელი ავტომობილი რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს, რაც O’Reilly-ისთვის მომგებიანია, რადგან კომპანია მანქანის ნაწილებს ყიდის.
ამ პოზიტიური ტენდენციის ნიშნები უკვე შეინიშნება, ერთი და იგივე ლოკაციაზე დაფიქსირებული გაყიდვები 2021 წელს 13%-ით გაიზარდა და 2022 წელს კიდევ 5%-7%-ით ზრდა არის მოსალოდნელი. მთლიანმა გაყიდვებმა 2021 წელს 15%-ით მოიმატა და $13.3 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო თითო განზავებულ აქციაზე მოგება (წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირება) 32%-ით გაიზარდა.
გარდა ამისა, O’Rielly-ის საოპერაციო მარჟა 21%-დან (2020 წელი) 22%-მდე (2021 წელი) გაიზარდა. ინფლაცია გულისხმობს საწვავისა და ნედლეულის ხარჯების ზრდას, რამაც, შეიძლება, შემოსავალი შეამციროს. მენეჯმენტის მიერ ხარჯების საზრიანი დაზოგვა წარმატებისთვის არსებითი იქნება.
O’Rielly-ის აქციების მიმართ აქციონერების ოპტიმისტურად განწყობის ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი არის აქციების გამოსყიდვის წარმოუდგენელი პროგრამა. კომპანიამ, აქციების გამოსყიდვის გზით, 2020-2021 წლებში $4.6 მილიარდი დაუბრუნა. ეს ამჟამინდელი საბაზრო კაპიტალის თითქმის 10%-ს შეადგენს.
2021 წელს კომპანიამ სამჯერ დაამტკიცა გამოსყიდვის ავტორიზაცია. მაშინაც კი, თუ აქციების ფასი დაეცემა, O’Rielly-ის შეუძლია იმავე ინვესტიციისთვის მეტი აქცია შეიძინოს, გაზარდოს EPS (მოგება თითო აქციაზე) და საბოლოო ჯამში გრძელვადიან აქციონერებს სარგებელი მოუტანოს.
Target
როდესაც ბაზარი მშფოთვარეა, მყარი და მზარდი დივიდენდი აქციონერის უსაფრთხო ნავსადგურია. Target 1967 წლიდან მოყოლებული აქციონერებს ყოველწლიურად უხდიდა ფულად დივიდენდებს. ეს კომპანია დივიდენდებს მრავალი ბაზრის კრახის, ინფლაციისა და რეცესიის დროს გასცემდა. დივიდენდური ანაზღაურების ბოლო ზრდა 32%-ს შეადგენდა.
Target-ს მშვენიერი 2021 წელი ჰქონდა და ის ბაზარზე შეღწევას ციფრული გაყიდვების საშუალებით აგრძელებს. 2021 წელს კომპანიამ EPS-ში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია 2019 წლიდან გაყიდვების 35%-იანი ზრდის წყალობით. ხუთივე ძირითადი პროდუქტის კატეგორიაში Target-მა ორნიშნა ზრდა დააფიქსირა.
ციფრული გაყიდვები ახლა Target-ის მთლიანი გაყიდვების 19%-ს შეადგენს. Target-ს, ელექტრონული კომერციის საცალო მაღაზიებთან შედარებით, როგორიც არის Amazon, უპირატესობა აქვს, რადგან არსებული მაღაზიები შეკვეთების 95%-ს ასრულებს. Target, შეკვეთების შესავსებად აქტივების ეფექტურად გამოყენებით, ხარჯების დაზოგვით სარგებლობს.
Target მოელის მაღალ ერთნიშნა, გრძელვადიან, კორექტირებული EPS-ის ზრდას, რაც ნიშნავს, რომ აქციონერებს შეუძლიათ მომავალი წლების განმავლობაში სტაბილური და მზარდი დივიდენდების იმედი ჰქონდეთ.