2022 წელი, ჯერჯერობით, მზარდი პოტენციალის აქციებისთვის სახარბიელო არ იყო. მზარდმა ინფლაციამ, საპროცენტო განაკვეთებმა და ღირებულებაზე ფოკუსირების ზრდამ, ბევრი ასეთი აქციის დაცემა გამოიწვია, რადგან ინვესტორები უფრო სტაბილურ გარემოს ეძებენ.
მიუხედავად ამისა, მასიურმა გაყიდვებმა, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს, შეუქმნა აქციების უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეძენის შესაძლებლობა ისეთ შესანიშნავ კომპანიებში, როგორებიც არის The Trade Desk და Shopify. მოდით, განვიხილოთ რა აქცევს ამ კომპანიების აქციებს მიმზიდველად.
The Trade Desk
The Trade Desk, როგორც ციფრული რეკლამის ყიდვის ფასილიტატორი, რეკლამის ციფრულ არხებზე მზარდი გადანაცვლებით სარგებლობს. 2014 წლიდან 2021 წლამდე კომპანიის შემოსავალი $45 მილიონიდან $1.2 მილიარდამდე გაიზარდა. აქციების ფასებმა კი ბოლო 5 წლის განმავლობაში 1,730%-ით მოიმატა. ზრდის ტენდენცია აქციების მასიური გაყიდვების პერიოდშიც კი შენარჩუნდა.
The Trade Desk-ს აქვს პოტენციალი გააგრძელოს ზრდა სულ მცირე კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წელს კომპანიის მიერ გამომუშავებული შემოსავალი – $1.2 მილიარდი, $763 მილიარდის ტოლი გლობალური სარეკლამო ხარჯების მხოლოდ მცირედი ნაწილია.
საინტერესოა, რომ 2021 წელს რეკლამის მთლიანი დანახარჯების 64.4% ციფრულ არხებზე მოდიოდა, 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 52.1% იყო. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია შეიცვალოს. ციფრულ რეკლამას, წინამორბედთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. ბილბორდები, გაზეთები და რადიო რეკლამები მარკეტოლოგებს მცირე მიზნობრივ მიდგომას ან შედეგების გაზომვას სთავაზობს.
ციფრული არსები, როგორიც არის სოციალური მედია, საძიებო სისტემები და დაკავშირებული ტელევიზია, ბიზნესს ზუსტი რეკლამირების შესაძლებლობას სთავაზობს, რასაც უკეთესი ანაზღაურება მოაქვს. ჯერჯერობით ეს The Trade Desk-ისთვის კარგია. კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში მომგებიანი იყო, რაც ჰიპერმზარდი პოტენციალის აქციებისთვის იშვიათია.
Shopify
ბოლო წლების განმავლობაში Shopify ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია იყო. 2016 წლიდან კომპანიის აქციების ფასი წარმოუდგენელი 2400%-ით გაიზარდა, მაგრამ მზარდი პოტენციალის აქციების მასიურმა გაყიდვამ 2022 წელს Shopify-ის აქციების 57%-ით ვარდნა გამოიწვია.
Shopify-ის მენეჯმენტმა 1 აპრილს აქციების 1/10-თან შეფარდებით დაყოფა დააანონსა, ასე რომ, ამ განცხადების იმპულსმა აქციის ფასზე დადებითად იმოქმედოს. გაითვალისწინეთ, რომ აქციების დაყოფა არ ცვლის აქციონერთა საკუთრების წილს, მაგრამ ეს იწვევს ენთუზიაზმს პოტენციურ ინვესტორებში, რომლებსაც აქციების დაყოფის შედეგად შემცირებული ფასი იზიდავს.
აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, კომპანიის პერსპექტივები შესანიშნავია. რა თქმა უნდა, მომხმარებლების რაოდენობის და შემოსავლების ზრდა არ იქნება ისეთი ფეთქებადი, როგორიც პანდემიის დროს იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ციფრული არხების საშუალებით სულ უფრო მეტი ფული დაიხარჯება.
პანდემია ბიზნესისთვის უდავოდ ბუმი იყო, 2019 წლიდან 2021 წლამდე შემოსავალი თითქმის სამჯერ – $1.6 მილიარდიდან $4.6 მილიარდამდე გაიზარდა. მეტად სავარაუდოა, რომ მომხმარებლები, რომლებიც Shopify-ზე პანდემიის დროს დარეგისტრირდნენ, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში დარჩებიან ამ კომპანიის მომხმარებლებად.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, გაყიდვების ზრდა საკმარისი იყო Shopify-ისთვის, რომ დადებითი საოპერაციო შემოსავალი გამოემუშავებინა. 2019 წელს კომპანიის საოპერაციო ზარალი $141 მილიონს შეადგენდა, 2021 წელს კი უკვე $269 მილიონის ტოლი საოპერაციო შემოსავალი გამოიმუშავა. გარდა ამისა, კომპანიამ, ამავე პერიოდში, ოპერაციებიდან მიღებული ნაღდი ფული $71 მილიონიდან $504 მილიონამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ Shopify-მა, შეიძლება, ვერ მოიზიდოს იმდენი კლიენტი, როგორც პანდემიის საწყის ეტაპზე, მისი ამჟამინდელი მასშტაბი საკმარისად დიდია ჯანსაღი საოპერაციო მოგებისა და ფულადი ნაკადების შესაქმნელად.
მთლიანობაში, მზარდი შემოსავალი, რომელიც გამოწვეულია გრძელვადიანი ხელშემწყობი ფაქტორებით და აქციების მასიური გაყიდვების შედეგად შემცირებული ფასები, The Trade Desk-ისა და Shopify-ის აქციებს 2022 წლისთვის შესანიშნავ შესყიდვის შესაძლებლობად აქცევს.