საპროცენტო განაკვეთები, მომდევნო ერთი ან მეტი წლის განმავლობაში, მკვეთრად და თანმიმდევრულად გაიზრდება. ბევრი მზარდი პოტენციალის აქციაზე, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ზეწოლა გაგრძელდება. თუმცა არსებობს ბაზრის გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც საპროცენტო განაკვეთების ზრდა სასარგებლოა, მათ შორის არის ფინანსური სექტორი.
ამ სტატიაში მოცემულია ფინანსური სექტორის ორი აქცია, რომელიც, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად გაძლიერდეს: Voya Financial და Jackson Financial. ორივეს ერთი რამ აქვს საერთო – აქცენტი ანუიტეტზე (ტერმინი “ანუიტეტი” გულისხმობს სადაზღვევო ხელშეკრულებას, რომელიც გაცემულია ან მიწოდებულია ფინანსური ინსტიტუტების მიერ, რათა დაბანდებულ სახსრებზე გადახდა მომავალში ფიქსირებული შემოსავლის ნაკადის სახით განხორციელდეს).
ანუიტეტების ორი წამყვანი მიმწოდებელი
ანუიტეტები არის გრძელვადიანი ინვესტიცია, როგორც წესი, უზრუნველყოფილი მზღვეველების მიერ, სადაც ინვესტორების პრემიები გარდაიქმნება ფიქსირებულ შემოსავლად, რომელიც, როგორც წესი, ყოველთვიურად, განსაზღვრულ პერიოდში გადაიხდება.
ეს ორი კომპანია არის აშშ-ში ანუიტეტების ორი წამყვანი მიმწოდებელი. Jackson Financial, ანუიტეტების მიხედვით, მეორე უმსხვილესი პროვაიდერია 6.2%-ის ტოლი საბაზრო წილით, ხოლო Voya ბაზრის 3.9%-ს იკავებს. Voya მთლიანობაში ამ მიმართულებით მეათე უმსხვილესი კომპანიაა, მაგრამ ანუიტეტების ჯგუფურ საპენსიო გეგმებში ის მეორე უმსხვილესი პროვაიდერია.
ეს ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდის ფონზე, ანუიტეტები ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება. მაღალი საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, მაღალ ანუიტეტურ შემოსავალს ნიშნავს. იმ დროს, როდესაც საფონდო ბირჟა ნეგატიურ ტერიტორიაზე იმყოფება, ინვესტორები ასევე მიემართებიან ანუიტეტებისკენ, რომლებიც უფრო უსაფრთხოა ვიდრე თუნდაც ობლიგაციები, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდა მათი ფასის შემცირებას არ იწვევს.
უსაფრთხო თავშესაფარი
ბაზრის ცვალებადობამ, რომლის მომსწრენიც ბოლო 6 თვის განმავლობაში გავხდით, უკვე გამოიწვია ინვესტორების ანუიტეტებზე ფოკუსირება. საერთო ჯამში, 2021 წელს ანუიტეტური გაყიდვების მაჩვენებელმა, 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.
Jackson Financial-ის საოპერაციო შემოსავალი მისი საცალო ანუიტეტებიდან მეოთხე კვარტალში 25%-ით – $750 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო ანუიტეტების გაყიდვებმა კვარტალში $5 მილიარდს მიაღწია, რაც წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
Jackson Financial, რომელიც მიჩიგანში მდებარეობს, გასულ შემოდგომაზე ლონდონში დაფუძნებულ Prudential Plc-ს გამოეყო. Jackson-ის აქციები წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. კომპანიის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი დაახლოებით 1-ს შეადგენს, ხოლო P/B (ფასი/საბალანსო ღირებულება) – მხოლოდ 0.37-ს.
Voya Financial არის საპენსიო გეგმების ერთ-ერთი უმსხვილესი სპონსორი და ადმინისტრატორი, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ის ასევე არის საპენსიო გეგმების ანუიტეტების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი. მეოთხე კვარტალში კომპანიის წმინდა შემოსავალი 57%-ით – $403 მილიონამდე გაიზარდა და მთელი 2021 წლის განმავლობაში საოპერაციო მოგებამ გადასახადების შემდეგ რეკორდული $1.1 მილიარდი შეადგინა. თუ საპროცენტო განაკვეთები 100 საბაზისო პუნქტით გაიზრდება, 2022 წელს კომპანია შემოსავლებს $20-დან $30 მილიონამდე გაზრდის.
ამჟამად, Voya-ს თითო აქციის ფასი $66.34-ს შეადგენს. ანალიტიკოსების კონსენსუსი თითო აქციის ფასის შესახებ $79-ს უტოლდება, რაც მომდევნო 12 თვის განმავლობაში დაახლოებით 18%-იან ზრდას ნიშნავს. P/E კოეფიციენტი დაახლოებით 4-ს შეადგენს, ხოლო P/B კოეფიციენტი – 0.87-ს.
თუ ბაზრის ამ გაურკვეველ პირობებში შედარებით უსაფრთხო საინვესტიციო შესაძლებლობას ეძებთ, ეს ორი კომპანია განხილვად ნამდვილად ღირს.