გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Morgan Stanley-მ კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი ამერიკული საინვესტიციო ბანკისა და ფინანსური მომსახურების კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. გასული წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით გაუმჯობესდა.
2023 წლის მეოთხე კვარტალში Morgan Stanley-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 1.6%-ით — $12.9 მილიარდამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს $76.27 მილიონით გადააჭარბა. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა წმინდა მოგებამ კი 32%-ით — $1.52 მილიარდამდე მოიმატა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.85 იყო (პროგნოზი — $1.08).
კომპანიის მოგებაზე უარყოფითად იმოქმედა $535 მილიონის მოცულობის გადასახადმა (თითო აქციაზე 28 ცენტი). ეს მოიცავს ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციის (FDIC) დაწესებულ $286 მილიონის ოდენობით სპეციალურ გადასახადს, რომელიც Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის გაკოტრებასთან არის დაკავშირებული.
გარდა ამისა, Morgan Stanley-მ $249 მილიონი გადაიხადა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის (SEC) მიერ წამოწყებული გამოძიების მოსაგვარებლად. ეს საკითხი ფასიანი ქაღალდების მსხვილ პაკეტთან დაკავშირებული გარიგების არაავტორიზებულ გამჟღავნებას ეხებოდა.
ფირმამ მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო საინვესტიციო საბანკო ბიზნესისგან, რომლის შემოსავალიც წლიდან წლამდე დაახლოებით 5%-ით — $1.3 მილიარდამდე გაიზარდა.
Morgan Stanley-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტედ პიკმა განაცხადა, რომ კომპანიამ კარგად იმუშავა ბაზრის შერეული პირობებისა და არაერთი წინაღობის ფონზე.
Morgan Stanley-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $86.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 23 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $95.10-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $116.00-ს, ხოლო მინიმალური — $79.15-ს. საშუალო სამიზნე ფასი Morgan Stanley-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 23 ანალიტიკოსიდან 11-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 12-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.