ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფედერალური სარეზერვო ბანკის (Fed) პოლიტიკის შემქმნელები ორიენტირებულნი იყვნენ ორ მისიაზე — ფასების სტაბილურობისა და დასაქმების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებაზე. შრომის ბაზრის შენელების ფონზე კი ყველაფერი იცვლება.
სამშაბათს, აშშ-ის სენატის საბანკო კომიტეტის წინაშე წარსდგომისას, Fed-ის თავმჯდომარემ — ჯერომ პაუელმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი ახლა ისევე დიდ ყურადღებას აქცევს შრომის ბაზრის შენელებას, როგორც ინფლაციას, რომელიც ჯერ კიდევ აჭარბებს Fed-ის წლიურ სამიზნე მაჩვენებელს — 2%-ს.
ინფლაცია მცირდება, უმუშევრობა იზრდება
ბაზარზე არსებობს მოლოდინები, რომ ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსის (CPI) მიხედვით გამოთვლილი ფასები წლიურად 3.1%-ით გაიზრდება, რაც ჩამოუვარდება მაისში დაფიქსირებულ 3.3%-იან აღმასვლას. გასულ კვირაში გამოქვეყნებულმა ანგარიშმა კი აჩვენა, რომ ივნისში შეერთებულ შტატებში სამუშაო ბაზარს 206,000 ადგილი დაემატა, რაც დაახლოებით იმდენია, რამდენსაც ეკონომისტები პროგნოზირებდნენ. ამავდროულად, უმუშევრობის დონე, მაისთან შედარებით, 4%-დან 4.1%-მდე გაიზარდა, ხოლო წლიური ხელფასის ზრდა თვიურად 4.1%-დან 3.9%-მდე შენელდა.
ისტორიული სტანდარტებით, უმუშევრობის მაჩვენებელი დაბალია, თუმცა ნახევარ პროცენტზე მეტით აღემატება აპრილში დაფიქსირებულ შედეგს.
უმუშევრობის მზარდი ტენდენციისა და ჯერ კიდევ მაღალი ინფლაციის პირობებში, Fed საეჭვო მდგომარეობაში აღმოჩნდა. აშშ-ის ცენტრალური ბანკი ცდილობს, საპროცენტო განაკვეთები საკმარისად მაღალი იყოს, რათა ინფლაციის დონე შემცირდეს, თუმცა არც იმდენად დიდი, რომ მასიური უმუშევრობა გამოიწვიოს.
„უახლესი მონაცემები გვიჩვენებს, რომ შრომის ბაზარი მნიშვნელოვნად „გაგრილდა“. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ახლა საქმე ორმხრივ რისკებთან გვაქვს და მათ დასაბალანსებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია” — განაცხადა პაუელმა.
2022 წელს აშშ-ში ინფლაციის დონემ 40-წლიან მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. Fed-ის წარმომადგენლები კი ცდილობდნენ, შეეჩერებინათ სწრაფად მზარდი ინფლაცია იმით, რომ ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის ფულის სესხება და, შესაბამისად, დახარჯვა უფრო ძვირი გაეხადათ. აღსანიშნავია, რომ მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა შეიძლება დათრგუნოს ინფლაცია, მაგრამ ჩნდება რეცესიისა და სამუშაო ძალის მასობრივი გათავისუფლების რისკი — ეს არის სცენარი, რომლის თავიდან აცილებასაც Fed-ის ოფიციალური პირები იმედოვნებენ. ახლა კი აშშ-ის ცენტრალურ ბანკს საპროცენტო განაკვეთების შემცირებასთან დაკავშირებით უწევს გადაწყვეტილების მიღება. „საპროცენტო განაკვეთების ძალიან გვიან ან ძალიან ცოტათი შემცირებამ შეიძლება ზედმეტად შეასუსტოს ეკონომიკური აქტივობა და დასაქმების ბაზარი” — განაცხადა ჯერომ პაუელმა.
საპროცენტო განაკვეთების შემცირების დრო ჯერ კიდევ არ არის ცნობილი
Fed-ის თავმჯდომარე თავს არიდებს მინიშნებას იმაზე, თუ როდის შეიძლება განხორციელდეს საპროცენტო განაკვეთების შემცირება — იგი მკაცრად იცავს მესიჯს, რომელსაც თვეების განმავლობაში უგზავნის საზოგადოებას: „მიზანშეწონილი არ იქნება საპროცენტო განაკვეთების დიაპაზონის შემცირება, სანამ არ მივიღებთ უფრო მეტ დასტურს, რომ ინფლაციის დონე სამიზნე მაჩვენებლისკენ — 2%-სკენ მტკიცედ მიემართება“.
გუშინ სენატორმა ჯონ კენედიმ, რესპუბლიკელმა ლუიზიანიდან, პაუელს პირდაპირ ჰკითხა: „როდის აპირებთ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას?“
Fed-ის თავმჯდომარის პასუხი კი ასეთი იყო: „დღეს მომავალი მოქმედებების ვადებთან დაკავშირებით რაიმე მინიშნების გაკეთებას არ ვაპირებ“.